GE

თამარ მოსიაშვილი 3 წელს, 2015-დან დღემდე, არაკვალიფიციური კადრები რომ უნდა გაეშვათ სკოლიდან, დაკარგულად მიიჩნევს

სკოლებიდან კომპეტენციადაუდასტურებელი მასწავლებლების წასვლა და ახალი კადრების მიღება კვლავ პრობლემად რჩება. ჯერ კიდევ 2015 წელს თამარ სანიკიძის განათლების მინისტრობის დროს შემუშავებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ მკაფიოდ იყო განსაზღვრული, რა შემთხვევაში მოუწევდა მასწავლებელს სკოლის დატოვება.

„პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის პირველი სამი წლის განმავლობაში ჩააბაროს იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ამ ვადის განმავლობაში ვერ/არ ჩააბარებს საგნის გამოცდას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გაწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აღნიშნული იყო ძველ სქემაში.

2015 წლის თებერვალში შემუშავებული მასწავლებლის სქემის მიხედვით, 2018 წელი იყო ის ვადა, როდესაც უკვე უნდა დაეტოვებინათ სკოლა გამოცდაჩაუბარებელ მასწავლებლებს. მაგრამ 2016 წლის ივნისში განათლების მინისტრი გახდა ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც შეცვალა სქემის ის ნაწილი, რომელიც სკოლიდან მასწავლებლის გაშვებას  ეხებოდა. მან თქვა, რომ გამოცდის ჩაუბარებლობის გამო პედაგოგი სკოლიდან არ წავა.

„მასწავლებლის სქემაში ახალი ცვლილებების მიხედვით, შეიძლება ითქვას, პრაქტიკოს პედაგოგს აღარ ვემუქრებით. აღარ ვეუბნებით, „სამ წელიწადში სახლში წადი“. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა. მასწავლებელი სახლში წავა სხვა მიზეზებით. ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის. სქემა არის პროფესიული განვითარების და ამიტომ მასწავლებელი დაკავებული იქნება პროფესიული განვითარებით და არა სახლში გაშვებით. სახლში გაშვების სქემა ცალკე იქნება“, – თქვა მინისტრად მოსვლის შემდეგ ჯეჯელავამ, მაგრამ ისე  დატოვა პოსტი, მასწავლებლის სახლში გაშვების სქემა არ შეუმუშავებია და არც ახალი მინისტრისგან მიხეილ ჩხენკელისგან ისმის რამე ამ საკითხთან დაკავშირებით.

იმ 3 წელს, 2015-დან დღემდე, არაკვალიფიციური კადრები რომ უნდა გაეშვათ სკოლიდან, დაკარგულად მიიჩნევს  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი, განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი. როგორც მან EDU.ARIS.GE-სთან თქვა, ამის გამო ბევრი პროფესიონალი კადრი სკოლაში ვერ შევიდა.

„კანონში იყო ჩანაწერი, რომ 2015 წლიდან სკოლაში შესვლის უფლება ჰქონდა ყველა მასწავლებელს, რომელიც დაუმტკიცებდა თავის კვალიფიკაციას სახელმწიფოს. მოქალაქეებმა ეს, ცხადია, იცოდნენ და აბარებდნენ გამოცდებს ისე, რომ არ მუშაობდნენ სკოლაში, რადგან ელოდებოდნენ 2018 წელს. იმ პერიოდში იყო 1000-ზე მეტი ასეთი მასწავლებელი, მაგრამ სახელმწიფომ შეიტანა ცვლილებების პაკეტი პარლამენტში, სადაც ეს მუხლი ამოიღო და მათი არგუმენტი იყო, რომ სკოლას ვერ დავტოვებთ მასწავლებლების გარეშე, რაც გაუგებარი არგუმენტი იყო, ვინაიდან კანონის ძველი ჩანაწერით არ იგულისხმებოდა, რომ სკოლა დარჩებოდა მასწავლებლების გარეშე.

ქართულმა სახელმწიფომ დაკარგა 3 წელი და რატომ ვკარგავთ წლებს? რატომ დააკარგინა სახელმწიფომ 1000-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც მზად იყო სკოლაში დაეწყო მუშაობა, 3 წელი?“, – ამბობს მოსიაშვილი.

მისი თქმით, მასწავლებლების სკოლიდან გაშვება უნდა რეგულირდებოდეს კანონით და ამის უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს სკოლის დირექტორს.

„მე ასე წარმომიდგენია, როდესაც მასწავლებელი ვერ ადასტურებს გამოცდით თავის კომპეტენციას, იმ ადგილზე ცხადდება ვაკანსია და როდესაც გამოჩნდება კვალიფიციური კადრი, ის ანაცვლებს არაკვალიფიციურს. მე ვფიქრობ, რომ ეს მოდელი იმუშავებს“, – აღნიშნავს თამარ მოსიაშვილი.

განათლების სპეციალისტი პრობლემის მოგვარებას კომპლექსურ მიდგომაში ხედავს. მისი თქმით, ვერა და ვერ შემუშავდა საპენსიო პოლიტიკა, რომელიც მოქმედ მასწავლებლებს ღირსეული წასვლის საშუალებას მისცემდა და არ იფიქრებდნენ იმაზე, რომ პენსია 180 ლარი ექნებათ და ცხოვრება ძალიან გაუჭირდებათ.

„ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა პენსიონერი ადამიანისთვის, რომელსაც სკოლაში მუშაობის პირობებში ბევრი შემოსავალი აქვს და მერე ეუბნები, რომ წადი და 180 ლარი გექნება.

ხომ შეიძლება რაღაცა ტიპის პოლიტიკა ამოქმედდეს, რომ არავინ დარჩეს ნაწყენი და არც ერთ მოქლაქეს არ შევუზღუდოთ უფლება? ახალგაზრდა, მოტივირებული მასწავლებლები უნდა შევიდნენ სკოლაში, რომლებსაც უნდათ სკოლაში მუშაობის დაწყება!

სანამ ასეთი სტაგნაცია და უძრაობაა, სკოლებს არ აქვთ დელეგირებული დამოუკიდებლად მართონ ადამიანური რესურსები გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაყრდნობით, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ჩვენს სკოლას სჭირდება მეტი ახალგაზრდა!“, – აღნიშნა თამარ მოსიაშვილმა.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური