მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი შეიცვალა–რა წერია განახლებულ კითხვარში
მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი, რომლის შევსებაც პროფესიული განვითარების სქემის თანახმად, ყველა პრაქტიკოსისთვის სასწავლო წლის დასაწყისში სავალდებულოა, იცვლება. შესაბამისი ბრძანება ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გამოსცა. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს, ცვლილება კითხვარის რთულმა სტრუქტურამ და ნაკლებად მოქნილმა ხასიათმა გამოიწვია. მისი თქმით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებით 2 კვლევა ჩაატარა, სადაც გამოჩნდა ის ხარვეზები, რის გამოც ცვლილებები გადაწყდა. ამ კვლევების შედეგებზე ოდნავ მოგვიანებით მოგითხრობთ, მანამდე კი – რა წერია ახალი თვითშეფასების კითხვარში და რა საკითხებზე მოუწევთ მასწავლებლებს პასუხის გაცემა, ამ საკითხზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი დეტალურად გვესაუბრება.
-ქალბატონო მანანა, ახალი თვითშეფასების კითხვარის მიხედვით რა ევალება მასწავლებელს?
-ახალი თვითშეფასების კითხვარზე სანამ გადავალთ, გეტყვით, რომ წინა, რაც გამოვიყენეთ, საკმაოდ რთული სტრუქტურის, 120-პუნქტიანი დოკუმენტი იყო. შედგებოდა სფეროების და ქვესფეორიებისაგან, ჰქონდა ბლოკები და პუნქტები. საბოლოოდ, ამ სტრუქტურაში დადიოდა 120 პუნქტამდე. ანუ მასწავლებელს საკუთარი თავი უნდა შეეფასებინა 120 პუნქტთან მიმართებაში. ქვესფერო იყო 8 და ამ 8 სფეროში უნდა დაეწერა 2-2 რეფლექსია. ამიტომ იყო შრომატევადი პროცესი. ასევე თითოეული პუნქტის გასწვრივ ყველგან არ იყო 4-დონიანი შეფასება, ზოგან იყო 2-დონიანი, ზოგან 4-დონიანი, რამაც სტრუქტურაში სირთულე შეიტანა.
ახალი თვითშეფასების კითხვარი შინაარსობრივად დახვეწილია. პუნქტებს შორის გადაფარვები ამოღებულია. ასეთი რთული სტრუქტურა არ არის. 4 მიმართულებაა. ამ 4 მიმართულების ქვეშაა ათი შეფასების სფერო. ამ ათ სფეროში აფასებს მასწავლებელი თავის თავს. უნიფიცირებულია შეფასება და ათივეში 4-დონიანი შეფასებაა. მეხუთე პუნქტია დამატებული: „ან არ შეესაბამება მის პრაქტიკას“. ასევე ნაკლებია საწერი. თუკი ადრე 16 რეფლექსიას წერდა, ახლა ათგან მოუწევს ამის დაწერა. არც მინიმალური, არც მაქსიმალური ლიმიტი არ არის დაცული. მასწავლებელი თავისი პრაქტიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე დაწერს ამას.
პუნქტები გარდაიქმნა ინდიკატორებად. ეს ინდიკატორები მასწავლებელს ეხმარება, რა იგულისხმება ამ შეფასების სფეროში. ეს არის ის ათი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი თავის თავს აფასებს.
მიმართულებებია:
- სასწავლო გარემო, როგორ გარემოში უნდა ისწავლოს მოსწავლემ;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
- სწავლება;
- სწავლების დროს შეფასების გამოყენება.
კურსორს რომ მიიტანს თითოეულ შეფასების სფეროსთან, ამ შემთხვევაში ამოიშლება, რას უნდა მიაქციოს პედაგოგმა ყურადღება. წაიკითხოს ერთგვარი ინდიკატორები. ფორმატი ძალიან გამარტივებულია. ერთ გვერდზე დაინახავს ამ ყველაფერს მასწავლებელი და თითოეულთან კურსორის მიტანით 4 დონე გამოჩნდება და თითოეულ დონეს ჩამოშლის და ნახავს, რა უნდა. კურსორის მიტანისას, გამოჩნდება ინდიკატორები, მასწავლებელი რას უნდა აკეთებდეს, როგორ უნდა იქცეოდეს მოსწავლე თუკი მასწავლებელი ამას აკეთებს. ესეც ერთგვარი მიმანიშნებელია, მასწავლებელი როგორ აღიქვამს, ამა თუ იმ შეფასების სფეროს. საბოლოო ჯამში, საკმაოდ მოქნილი და დახვეწილი დოკუმენტია. რამდენიმე სკოლაში გამოვცადეთ ეს თვითშეფასების კითხვარი და ძალიან კარგად იმუშავა.
-ახალ თითშეფასების კითხვარს დაემატა რამე, თუ მხოლოდ უფრო კომპაქტური გახდა?
-უფრო კომპაქტური გახდა. ვეცადეთ, ერთი და იგივე შინაარსის მქონე პუნქტები სხვადასხვა პერიფრაზით ყოფილიყო. ერთი და იგივე შეიძლებოდა ყოფილიყო სასწავლო გარემოში, სასწავლო პროცესის მართვაში, დაგეგმვაში. ამ შემთხვევაში ეს გარემოებები აღარ არის.
-რამდენჯერ უწევს თვითშეფასების კითხვარის შევსება მასწავლებელს?
-მასწავლებლის ვალდებულებაა, სასწავლო წლის დასაწყისში შეაფასოს თავისი პრაქტიკა. ამის შემდგომ დასახოს გზები, რას აპირებს წლის მანძილზე. ერთგვარად დაგეგმოს თავისი სასწავლო წელი პროფესიულ განვითარებასთან მიმართებაში. ეს ხდება ერთხელ და წლის ბოლოს ეს ნაწილი, შესრულებულია. რაც არ არის შესრულებული, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის გადაედება. რაც შესრულებულია, შესაბამისად, აღარ დასჭირდება და სხვა ტიპის აქტივობები ექნება. ამით მასწავლებლის პროფესიული განვითარება უფრო მეტად სისტემატიზებული, უფრო მეტად სტრუქტურირებული და უფრო მეტად გააზრებულია.
-თვითშეფასების კითხვარს ვინ კითხულობს? ვინ აფასებს? ახლა მასწავლებლის გარდა ვინმეს ექნება წვდომა მის მიერ შეფასებულ კითხვართან, ან ფასილიტატორს ან სხვა ვინმეს? როგორც ვიცით აქამდე მისი წაკითხვა არ ხდებოდა და მასზე წვდომა პედაგოგს ჰქონდა
-მასწავლებელს, რომელსაც ესაჭიროება ფასილიტატორის დახმარება, მის კითხვარს გაეცნობა მისი ფასილიტატორი, თუკი დამოუკიდებლად შეავსებს, მაშინ მის გარდა არავის. წვდომა ამ ინფორმაციაზე სკოლის დონეზე ექნება შეფასების ჯგუფის იმ წევრებს, რომლებიც მის შეფასებაში მონაწილეობას მიიღებენ. შეფასებით არავინ აფასებს, მხოლოდ მასწავლებელი თავის თავს, რასაც ამ კითხვარის სათაური გამოხატავს.
-რაიმე გადაწყვეტილების მიღება ხომ არ იგეგმება თვითშეფასების კითხვარის საფუძველზე პედაგოგის მიმართ?
-ჩვენ, ალბათ, ერთადერთი რასაც გავაკეთებთ, ფასილიტატორებს დავუკავშირდებით რომ ის საჭიროებები, რომელიც გამოვლინდა მასწავლებლებთან მიმართებაში, მოგვაწოდონ. ჩვენ ამ საჭიროებებზე დაყრდნობით პროფესიული განვითარების ღონისძიებებს დავგეგმავთ.
-კრედიტის მინიჭება ხომ არ იგეგმება მასწავლებლისთვის ახალი თვითშეფასების კითხვარის შევსებისთვის?
-თვითშეფასება შეავსო, რომ კრედიტი მოგენიჭოს, არ იქნება სწორი. როგორც აქამდე იყო, ახლაც არ მიენიჭება კრედიტი. რადგან თვითშეფასება ინსტრუმენტია, რომელიც მასწავლებელს ეხმარება, სწორად დასახოს თავისი პროფესიული განვითარების გზა. ეს დამხმარე ინსტრუმენტია, თუმცა აუცილებელი.
-ამ სასწავლო წელს როდის მოუწევთ თვითშეფასების კითხვარის შევსება პედაგოგებს?
-Emis (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) უკვე მუშაობს იმაზე, რომ ახალი ფორმატი ადვილად შესასრულებელი იყოს მასწავლებლებისთვის. იმიტომ, რომ მასწავლებლების თითქმის მესამედს პრობლემა შეექმნა შევსებასთან დაკავშირებით. Emis იმუშავებს და უმოკლეს დროში მორჩება. ამ ხნის განმავლობაში მასწავლებლები გაეცნობიან ახალი თვითშეფასების კითხვარს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ თანმდევ ღონისძიებებს. ჩვენი ტრენერები შეხვდებიან ყველა ფასილიტატორს, ვინც კი არსებობს საქართველოში. გააცნობენ ახალ სტრუქტურას, რა სიახლეა და როგორ უნდა შეავსონ. 4 000-ზე მეტი ფასილიტატრორი გვყავს და სანამ შევხვდებით ყველას, უკვე იქნება „ემისში“ ეს კითხვარი განთავსებული.
-ფასილიტატორები, როგორც ადრე, ახლაც დაეხმარებიან თვითშეფასების კითხვარის შევსებაში მასწავლებლებს?
-ფასილიტატორის ფუნქცია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს სქემის ფარგლებში. ცოდნა იმიტომ, რომ ჩვენ მათ პროფესიულ განვითარებაზე ვზრუნავთ. რეალურად, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სკოლის ბაზაზე გვყავს პროფესიონალების გუნდის სახით. ისინი სხვებს ეხმარებიან უნარების გაუმჯობესებაში.
-ბოლო ვადა რა იქნება, როდისთვის უნდა დაასრულონ მასწავლებლებმა თვითშეფასების კითხვარის შევსება ამ სასწავლო წელს?
-ჩვენ ვამბობთ, რომ წლის დასაწყისში უნდა შეავსონ. განსაზღვული ვადები არ არის. შარშან დასჭირდათ დიდი დრო და დეკემბერიც კი მივეცით ამისათვის. წელს იმდენად მარტივია, რომ მართლაც ერთი დაჯდომა და შევსება უნდა.
EDU.ARIS.GE აქვე გთავაზობთ კითხვარის განახლებულ ფორმას:
მასწავლებლის თვითშეფასების-კითხვარი-2016-2017
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება