„მასწავლებლებს ვურჩევდი, ეს ყოველთვის ახსოვდეთ“ – როგორ გავუმკლავდეთ მოსწავლის რთულად მართვად ქცევას დაწყებით კლასებში
ბავშვებთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება, როგორც მშობლების, ასევე მასწავლებლების გამოწვევაცაა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების პერიოდში. 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან დაიწყო და ის თავის თავში ათასობით პირველკლასელის სკოლასთან ადაპტაციის პროცესსაც მოიაზებს, რაც როგორც მშობლების, ასევე მასწავლებელთა მნაყოლს თუ დავეყრდნობით, არცთუ მარტივი პროცესია.
ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვის რეაქციები მძაფრია. მაგალითად, თუ მასწავლებლისგან შენიშვნას იღებს ან კლასელისგან რაღაც სწყინს, მოულოდნელად იწყებს ტირილს. შეიძლება პირიქით ხდებოდეს და ტირილი აგრესიით ჩაანაცვლოს. როცა პედაგოგი მასთან საუბარს ცდილობს უფრო ემოციური ხდება, აგრძელებს ტირილს ან საპირისპირო ქცევას, რის გამოც მასწავლებელი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა. მშობლების მსგავსად, მასწავლებლებსაც უჭირთ, გაუმკლავდნენ მსგავს გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ზედმეტად ემოციურია და ქცევითი პრობლემებიც აქვს.
სტატიაზე მუშაობისას ვეცადეთ გაგვერკვია, რა ითვლება მასწავლებლებისთვის რთულად მართვად ქცევად, როგორ და რა მეთოდებითაა შესაძლებელი ამ ქცევებთან გამკლავება ისე, რომ ბავშვმა სრულყოფილად შეძლოს განვითარება. EDU.ARIS.GE-ს პრაქტიკული რჩევები და ინსტრუქციები გამოცდილმა პედაგოგმა და სპეციალისტმა გაუზიარეს.
მარიამ დიასამიძე ბავშვთა ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტია. ამბობს, რომ მშობლების მსგავსად, მასწავლებლებსაც ხშირად უჭირთ რთულად მართვადი ქცევა გაარჩიონ სიტუაციური ქცევისაგან, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. ამიტომ, პირველ რიგში, საუბარს ტერმინების განმარტებით იწყებს. მარიამი, მშობლებსა და პედაგოგებს ურჩევს, რთული ქცევების გამოვლენის შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება ჰქონდეთ, ხოლო თუ ქცევები მეორდება, დროულად მიმართონ ფსიქოლოგსა და ქცევის თერაპევტს.
„მაგალითისთვის, არის შემთხვევები, როცა ბავშვი, რომელიც ყოველთვის სიმშვიდითა და შინაგანი დისციპლინით გამოირჩევა, იწყებს ტირილს, ხმაურობს, კარგავს წონასწორობას ეს უფრო სიტუაციური ქცევაა, რომელიც კონკრეტულმა გამღიზიანებელმა განაპირობა. ასეთი ქვევის მართვა შედარებით მარტივი, თუმცა შრომატევადია და საჭიროებს ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომას. რთულად მართვადი ქცევა კი სხვა კატეგორიაა და მინდა ეს ყველა მასწავლებელმა და მშობელმა იცოდეს. რთულად მართვადი ქცევებია ე.წ ტანტრუმები, რომლებსაც ბავშვი აწყობს საჯარო სივრცეში, აკვიატებული მოქმედებები და იგნორირება შენიშვნაზე, ასევე ყვირილი და წამოძახილები, რომელიც გამეორებადია. რთული ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, რადგან თუ არ მოხდა დროული და სათანადო ჩარევა, ქცევა გართულდება და სამომავლოდ უფრო ცუდ შედეგებთან გვექნება საქმე. ბავშვის რთული ქცევების დასაძლევად და აღმოსაფხვრელად მშობელმა და ასევე მასწავლებელმაც უნდა მიმართონ ფსიქოლოგს, ქცევით თერაპევტს, რომელიც მათ სათანადო რეკომენდაციებს მისცემს“, – გვიხსნის სპეციალისტი.
ბავშვთა ფსიქოლოგი მარიამ დიასამიძე დეტალურად გვიყვება იმ ქცევების შესახებ, რომლის გამოც არა მხოლოდ მშობლები, მასწავლებლებიც ყოველდღიურად მიმართავენ სპეციალისტებს. ძირითადად მაშინ, როცა თავად უძლურები არიან სიტუაციასთან გასამკავებლად.
„ნებისმიერ გარემოსა და სიტუაციაში ბავშვის ქცევა შესაძლოა გახდეს რთულად მართვადი. ასეთ დროს საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი რა წესები მოქმედებს ამ გარემოში. მშობლები ყველაზე ხშირად მოგვმართავენ მაშინ, როცა უკვე უძლურები არიან სიტუაციასთან გასამკლავებლად. მასწავლებლებიც იმავე მიზეზით მოგვმართავენ. პედაგოგებისთვის აღვნიშნავ, რომ თუ ბავშვი სკოლაში ყვირის და გამაღიზიანებლად იქცევა, არის აგრესიული, მარტივად ღიზიანდება, ჯიუტობს და სურს, მუდმივად თავისი გაიტანოს, ეს უკვე სერიზული სიმპტომებია იმისთვის, რომ მისი ქცევა შეფასდეს რთულად სამართავად და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს მშობელს, ასევე სკოლის ფსიქოლოგს, შემდეგ უკვე ფსიქოთერაპევტს“, – განმარტავს ფსიქოლოგი.
ჩვენ სპეციალისტთან დავაზუსტეთ, არსებობს თუ არა უნივერსალური ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის, სანამ ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს მივმართავდეთ (საჭიეროების შემთხვევაში) რა შეიძლება გავაკეთდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, რაზეც მარიამ დიასამიძისგან ასეთი პასუხი მივიღეთ:
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაწყებითი კლასებში ბავშვები ისეთი ემოციურობით გამოირჩევიან, რომელიც შეიძლება გადაჭარბებულიც გვეჩვენოს, თუმცა ეს მათი ასაკობრივი თავისებურების შემადგენელი ნაწილია და პედაგოგებმა ეს ძალაინ კარგად იციან. ჩემი უნივერსალური რეკომენდაციაა მასწავლებელი პირველ ეტაპზე დააკვირდეს ბავშვსა და მის ქცევას, ჯერ თავად შეეცადოს, დაადგინოს ბავშვის ქცევა რთულად მართვადია თუ უბრალოდ სიტუაციური გაღიზიანებით არის განპირობებული. განვიხილავ იმ შემთხვევებს, რომლებითაც ყველაზე ხშირად მოგვამართავენ: პირველი, ბავშვი ტირის გაუჩერებლად. პირველ რიგში, პედაგოგმა უნდა გაიგოს ტირილის მიზეზი და შეეეცადოს, რომ გამოძებნოთ მისთვის საინტერესო რამ, (განმამტკიცებელი) რაც დაეხმარება მისი ყურადღების მიქცევაში. ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ დაწყებითი კლასის ასაკის ბავშვებს აქვთ მშობლებზე მიჯაჭვულობა და მათთვის რთულია მშობლისგან მოშორებთ ყოფნა, ამიტომ ტირილით გამოხატავენ თავიანთ განცდებს. მათ უნდა გაუგოთ და აგრძნობინოთ თანადგომა. მეორე, როცა ბავშვი გამომწვევად და გამაღიზიანებლად იქცევა, ასეთ შემთხვევაში იგნორი არის საუკეთესო გზა, რათა ბავშვმა შეწყვიტოს ეს ქცევა, თუმცა მასწავლებელი თან უნდა დააკვირდეს ბავშვს ისე, რომ ეს მან ვერ შეამჩნიოს, როცა დაადგენს მიზეზს, რატომ აკეთებს ბავშვი ამას, იმოქმედოს პროფესიულად, კონკრეტული სტრატეგიის შერჩევით. მესამე, ბავშვი აგრესიულია.
ამ დროს აუცილებლად უნდა მოხდეს მშობელთან გასააუბრება, რომ მასწავლებელმა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს მშობლისგან. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ბავშვმა არ უნდა ნახოს არანაირი ძალადობის შემცველი ვიდეოები, მულტფილმები, ხმამაღალი საუბარიც კი ბავშვზე ნეგატიურად აისახება და შესაბამისად, უნდა მოხდეს, როგორც გარემოს კონტროლი, ასევე იმ სიტყვების, რომლებსაც ვიყენებთ ბავშვთან მიმართებაში. ასევე, მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვები, მარტივად ღიზიანდებიან. გაღიზიანების მიზეზი გახლავთ სუსტი ნებისყოფა, უნდა შევეცადოთ ისეთი სავარჯიშოების ან თამაშების გამოყენებას, რომელიც დაგვეხმარება ნებისყოფის გამომუშავებაში. ასევე, რაიმე დავალების შესრულების წინ კარგი იქნება თუ შევთავაზებთ ჯერ მაგალითად 5–მდე ან 10–მდე დათვლას და შემდეგ დავალების ან თამაშის დაწყებას.
ფსიქოლოგს ვკითხეთ, რა შეიძლება მოიმოქმედოს მასწავლებელმა თუ დაწყებითი კლასის მოსწავლე სიჯიუტეს ავლენს.
გვითხრა, რომ მასწავლებლისგან განსხვავებით, მშობელს აქვს უფლება უფრო მეტი, მაგრამ ზომიერი სიმკაცრეც გამოიჩინოს, ამიტომ საჭიროა დასჯის სტრატეგის სწორად შერჩევა.
„მაგალითად, თუ ბავშვი მასწავლებელს ეუბნება, რომ არ აპირებს დავალების წაკითხვას და ისტერიკას აწყობს, ასეთ დროს ვიცით, რომ სხვა ბავშვებსაც ხელი ეშლებათ. აუცილებელია, მასწავლებელმა ბავშვს უთხრას, რომ მსგავსი ქცევით ვერ მიიღებს შექებას, რომ ასეთი გაჯიუტებით ვერ მიაღწევს მიზანს და აჩვენოს როგორ წაახალისა სხვა ბავშვის საპირისპირო ქცევა და მოიფიქროს ჯილდოც, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ შექებაც.
„მშობელს კი აქვს უფლება უფრო მკაცრიც იყოს. ვგულისხმობ, მოიფიქროთ რაღაც ისეთი, რაც იმოქმედებს ბავშვზე, მაგრამ არა ისე, რომ უფრო მეტი ისტერიკა გამოიწვიოთ. მაგალითისთვის, არ მისცეთ სასურველ ნივთი. აუცილებელია, ასეთ დროს არ ჩაერიონ სხვები და არ დაიწყონ ბავშვის გამხნევება, რადგან ბავშვის დაიმედება სხვა ადამიანის მიერ იქნება ეს ბებია, ბაბუა თუ სხვა, იძლევა იმის საფუძველს, რომ შემდგომშიც ტირილით და აგრესიით მოითხოვს სასურველის მიღებას. როგორც მიხვდით, დასჯის შემთხვევაში, მშობელს უფრო მეტი სიმკაცრის, რასაკვირველია საუბარია ზომიერ სიმკაცრეზე, გამოჩენის შესაძლებლობა აქვს, რადგან ის ბავშვისთვის ავტორიტეტია“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მარიამ დიასამიძემ.
EDU.ARIS.GE საკითხზე ესაუბრა დაწყებითი კლასების პედაგოგს, ნათია იაკობიძეს, რომელსაც სკოლის მასწავლებლობის 26 წლიანი გამოცდილება აქვს.
ის ამჟამად მაღალმთიან რეგიონში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლაში ასწავლის. გვიყვება, რომ ბავშვთა ფსიქოლოგი არ ჰყავთ და ამიტომ ცდილობს, ამ კუთხითაც მიიღოს საჭირო განათლება.
„სკოლაში არ გვყავს ფსიქოლოგი, რომ სჭიროებისას დაეხმაროს ბავშვებს. ჩვენს სკოლაში შემოსულ ბავშვებს ბაღი არ აქვთ გავლილი. ამიტომ ხშირია ქცევითი პრობლემები, განსაკუთრებით პირველკლასელთა ადაპტაციის პერიოდში. აქვთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსები, შფოთავენ, უჩივიან დაღლას, უძნელდებათ ქცევის წესების გათავისება, დადიან უნებართვოდ გაკვეთილზე, ვერ ჩერდებიან კლასში მშობლის გარეშე, ღიზიანდებიან ადვილად, ტირიან…“, – გვიხსნის პედაგოგი.
ჩვენ მას მოსწავლეებთან მიდგომის სტრატეგიებზე ვკითხეთ და მოგვიყვა, რომ მოსწავლეებთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვს და სწორედ ესაა მისი მთავარი სტრატეგია, რომლითაც მარტივად ახერხებს რთულად მართვადი ქცევების რეგულირებას ისე, რომ ბავშვი უფრო არ გააღიზიანოს.
„მივმართავ სხვადასხვა სტრატეგიას. ბავშვებთან ვამყარებ თბილ ურთიერთობას. ხშირად მივდივარ მათთან, თავზე გადავუსვამ ხელს, დავადებ მხარზე ხელს, რომ იგრძნოს მხარდაჭერა. ხშირად ვჯდები მათ მერხთან. ვაქებ პოზიტიური ქცევის დროს. ვესაუბრები, რომ სკოლა მეორე ოჯახია და აქაც ისე ზრუნავენ მათზე, როგორც ოჯახში. არ ვაღიზიანებ მოსწავლეს იმის გამო, რომ არ ჩერდება გაკვეთილზე მშობლის გარეშე. მშობელს ვრთავ ნებას დაესწროს გაკვეთილზე. შემდეგ, ნელ-ნელა, შეჩვევის პროცესში ელოდება დერეფანში, დასამშვიდებლად, გაკვეთილის დროს, ვაჩვენებ რომ ელოდება, ზოგჯერ მშობელთან ერთად ჩავრთავ საგანმანათლებლო თამაშებში. ამით მოსწავლე უფრო თამამდება, ეჩვევა საკლასო გარემოს. რთული ქცევის ბავშვს ვავალებ აკრიფოს რვეულები, მომაწოდოს ცარცი, გაწმინდოს დაფა, ამ სტრატეგიით ის ეჩვევა სასკოლო ცხოვრებას. პერიოდულად ხელს ვუწყობ მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებას, რომ მოახერხონ საკუთარი ქცევის მართვა. ამისათვის მივმართავ როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს. ჩავჩურჩულებ ყურში, რომ დააკვირდეს სხვა მოსწავლეთა ქცევებს, თუ კარგად მოიქცევა, მიიღებს მასწავლებლისაგან ჯილდოს, შექებას“, – გვიხსნის ნათია იაკობიძე.
ის EDU.ARIS.GE-ს მკითხველი მასწავლებლებსაც ურჩევს, რომ თუ სურთ ბავშვთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდეთ და მათი ქცევებიც მარტივად მართონ, თავი უნდა შეიკაონ მკვეთრი და აგრესიული შენიშვნებისგან, რადგან ეს მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის. გამოცდილი პედაგოგი მასწავლებლებს შენიშვნების ნაცვლად, სტრატეგიების შემუშავებას ურჩევს.
„ვერიდები მკვეთრ შენიშვნების მიცემას. ზოგჯერ, ვაიგნორებ მის ცუდ ქცევას და ყურადღებას ვამახვილებ, ვაქებ მის პოზიტიურ ქცევას, მონდომებას და მცდელობას. ვადარებ, თუ როგორ ახერხებს იგი შედეგის გაუმჯობესებას. როდესაც მოსწავლეს უჭირს მერხთან დიდხანს ჯდომა, იღლება, ფეხზე დგება, ამ დაძაბულობის მოხსნისათვის მივმართავ მოძრავ პაუზებს. არ ვუზღუდავ მისთვის კომფორტული ზონის მიღებას. ხშირად ვახსენებ ქცევის წესებს და მათი დაცვის აუცილებლობის დაცვას. ვფიქრობ, ყველა ქცევის მართვა შესაძლებელია, თუ ბავშვთან ერთად ვიმუშავებთ და არა მის გარეშე. ხშირად ისე ხდება, რომ გვგონია ბავშვზე უკეთ ვიცით მას რა უნდა, რა მოლოდინები აქვს, როცა ბავშვი გრძნობს მასწავლებლის თანადგომას, შედეგი უფრო სწრაფად დგება. მასწავლებლებს ვურჩევდი, ეს ყოველთვის ახსოვდეთ“.
ასევე იხილეთ:
როგორ „მოვარჯულოთ“ ჰიპერაქტიური ბავშვი
ნდობის მოპოვება – მასწავლებლის ოქროს გასაღები
მოამზადა მზეო შველიძემ
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი by ARIS.GE-განათლება
- მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის პროგრამაზე გრანტით დაფინანსებულთა ოდენობა და წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება