მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია – „ვეხმარებით განათლების იდეას“
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გუნდი საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით კამპანიას – „გახდი ჯილდოს მხარდამჭერი“ – იწყებს.
2019 წლიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ საშუალება, გაიღონ ფულადი შემოწირულობა ჯილდოს საპრიზო ფონდში და თავიანთი წვლილი შეიტანონ მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში.
განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძის თქმით, ჯილდო დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით. ჯილდოს კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და ამ პროფესიაში ჩართული ადამიანების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, რათა მასწავლებლების შრომა უფრო დაფასდეს და რაც მთავარია, პროფესია გახდეს უფრო მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის.
კოალიციის გამგეობის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კამპანია გულისხმობს იმას, რომ საზოგადოების წევრებმა თავად შევაგროვოთ საპრიზო ფონდის თანხა ან მისი ნაწილი კერძო შემოწირულობების მეშვეობით და ამით გამოხატონ მასწავლებლის პროფესიის მიმართ საზოგადოების მეტი სოლიდარობა.
„ჩვენი, როგორც ორგანიზატორების ამოცანა იყო გაგვეზარდა საზოგადოების ჩართულობა ეროვნული ჯილდოს კამპანიაში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელსაც მხარი დაუჭირა განათლების სამინისტრომ, შემდგომ შემოუერთდა, როგორც თანაორგანიზატორი, მასწავლებლის სახლი. უკვე ორი წელია, ამას სხვადასხვა ფორმით ვაკეთებთ. ძალზედ გასახარია, რომ ბევრი ადამიანი მოხალისეობით და ენთუზიაზმით გვეხმარება სხვადასხვა საქმიანობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟიურის საქმიანობაც ენთუზიაზმს ეფუძნება. ჟიურის წევრები თავიანთ ენერგიას, დროს და გამოცდილებას სრულიად უსასყიდლოდ ახმარენ ამ კონკურსს.
კონკურსის მეორე წელს ჩვენ საკონკურსო პროცედურაში ჩავრთეთ ნომინირების შესაძლებლობა, საზოგადოებას ჰქონდა შანსი, თვითონ დაესახელებინა და წაეხალისებინა მათთვის სასურველი მასწავლებელი. 750-ზე მეტმა პირმა მიიღო გამოწვევა და ჩაერთო ნომინირების პროცესში. ჩვენ ამას წელსაც გავაგრძელებთ და კვლავ აქტიურად გავუწევთ პოპულარიზებას, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ, რომ მათ კიდევ უფრო მეტი მათთვის სასურველი მასწავლებლები წარადგინონ და უბიძგონ, რომ შემოიტანონ აპლიკაცია.
მნიშვნელოვანია შევქმნათ მეტი შესაძლებლობები საზოგადოების ჩართულობისთვის. სწორედ ამ მიზნით, წელს დავიწყეთ კამპანია, „გახდი მასწავლებლის ჯილდოს მხარდამჭერი“. ვფიქრობ, ამას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვაც. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ყველამ გავაცნობიეროთ განათლების სისტემის მხარდაჭერის აქტუალობა. ეს არის არამხოლოდ სახელმწიფოს, ან ცალკეული ფილანტროპების, არამედ ჩვენი ყველას საკეთებელი საქმე“, – ამბობს კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე.
როგორც ცნობილია, საპრიზო ფონდის მთავარი შემომწირველი და გენერალური სპონსორია გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდი. ირინა ხანთაძის თქმით, ის კვლავ რჩება გენერალურ სპონსორად და იგივე საპრიზო ფონდის მხარდამჭერად. ახალი კამპანიის მიზანი კი ისაა, რომ „საშუალება მიეცეს საზოგადოებას და ყველა ჩვენგანმა შევაგროვოთ ეს თანხა, ან მისი ნაწილი“.
„ამ იდეას აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი გენერალური სპონსორი, რადგან მათი მისიაც იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი უკან იხევს და ნაკლებ მხარდაჭერას გამოუცხადებს ეროვნულ ჯილდოს.
მინდა ვთხოვო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს ეროვნულ ჯილდოს კამპანიას. ამ ქმედებით ჩვენ მთლიანად ამ პროფესიას ვუცხადებთ თანადგომას, ხოლო ამ პროფესიის მხარდაჭერით ვეხმარებთ განათლების იდეას“, -აღნიშნავს ირინა ხანთაძე.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრი ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილის თქმით, ფინანსური მხარდაჭერის გამოხატვით დავეხმარებით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტს, რომ რაც შეიძლება პოპულარული გახდეს და რაც შეიძლება დიდი წახალისება არსებობდეს გამარჯვებული მასწავლებლებისთვის. როგორც ნინო ზაუტაშვილი აღნიშნავს, ეს სხვა მასწავლებლებისთვისაც იქნება სტიმული, მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში, რომ იყვნენ დაინტერესებულები, თავიანთ პროფესიაში კიდევ უფრო წინ წავიდნენ და კიდევ უფრო მეტი გაიგონ, განვითარდნენ.
„ყველა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ვისაც რამდენი შეუძლია, რომ ამ ჯილდოს არსებობისთვის კონკრეტული თანხა გავიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ისეთი გადამწყვეტი პროფესიის პოპულარიზაციას ეხება, როგორიც არის მასწავლებლობა. კონკურსი ხელს უწყობს საუკეთესო პედაგოგების გამოვლენას.
პირველი, ვინც ადამიანის ცხოვრებაში აზრების ჩამოყალიბებას იწყებს, მისი ცხოვრების ღირებულებების ჩამოყალიბებას იწვევს მშობლებთან და ოჯახთან ერთად, არის მასწავლებელი. ადამიანი, რომელიც არის მეგზური ყველა ჩვენგანის დიდ ცხოვრებაში.
ჩვენი მონაწილეობა მასწავლებლის პოპულარიზაციის საქმეში, ყველა ჩვენი თეთრი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით ჯილდოს საპრიზო ფონდში, იქნება გაღებული ჩვენი საუკეთესო მომავლის ინვესტირებისთვის.
კარგი მასწავლებელი ნიშნავს განათლებულ ადამიანს, პასუხისმგებლობის მქონეს, ადამიანს, რომელმაც უნდა იზრუნოს საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის. იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი კარგი ადამიანი მოღვაწეობდეს ჩვენს ქვეყანაში.
მსოფლიო საერთოდ ახალ სტანდარტებზე გადადის, ეს არის ტექნოლოგიების ერა, ჩვენს ამ გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ბუნებრივია ასევე მასწავლებლები. ამ ყველაფრისთვის ნამდვილად არის საჭირო თანხების მობილიზება. ძალიან კარგი იქნება თუ ადამიანები, კომპანიები იქნებიან ამის თანამონაწილენი.
ძალიან კარგმა გუნდმა დაიწყო ეს კონკურსი და კარგი იქნება თუ ბევრი ადამიანი ჩაერთვება, რადგან მასწავლებლობის პროფესია ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ნინო ზაუტაშვილმა.
კერძო სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრი ნათია ფურცელაძე ფიქრობს, რომ მასწავლებლის პროფესიაზე ამ ფორმით უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება. მისი თქმით, აქ სიმბოლურ მხარდაჭერაზეც არის საუბარი, რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ადამიანმა სურვილი გამოთქვას, პროფესიაზე დაფიქრდეს და თანხის გადარიცხვით დაუჭიროს მხარი.
„ვფიქრობ, რომ მორიგი საინტერესო ინიციატივაა. ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად იქცა ამ კონკურსში მონაწილეობა. შემდეგ ფინალისტობა. საორგანიზაციო ჯგუფთან თანამშრომლობა, მასწავლებლების ჯგუფის გაცნობა, შემდეგ უკვე მათთან თანამშრომლობა. ძალიან გამზარდა როგორც მასწავლებელი, ახალი მეგობრები შემძინა, კიდევ უფრო მეტად დამაფიქრა იმაზე, როგორ უნდა ვიზრუნო პროფესიის პოპულარიზაციაზე. ძალიან მადლიერი ვარ, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე და გავხდი კონკურსანტი.
მგონია, რომ მასწავლებელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. საზოგადოების ფორმირების პროცესში მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. შეიძლება სუბიექტურიც იყოს ჩემი შეფასება, რადგან მე თვითონ ვარ მასწავლებელი, მაგრამ ობიექტურადაც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა. მასწავლებლობის გარეშე წარმოუდგენელია ჯანსაღი საზოგადოების შექმნა. აქედან გამომდინარე მასწავლებლებს სჭირდებათ მხარდაჭერაც, ხელშეწყობაც, პროფესიას პოპულარიზაცია, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს მასწავლებლობით და შესაბამისად, თავისი წილი ცოდნა გაიღოს და განვითარდეს“, – მიიჩნევს ნათია ფურცელაძე.
2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი მანანა კაპეტივაძეც ამ კამპანიის მხარდამჭერია და ფიქრობს, რომ ბევრი ადამიანი, გამოჩნდება ვინც გაიღებს შემოწირულობას და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გუნდის მიერ წამოწყებულ კამპანიას შეუერთდება.
„ძალიან მიხარია, რომ საშუალება მაქვს, ხელი შევუწყო ამ საოცარ წამოწყებას, რომელიც მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა, ყველას შეუძლია გახდეს ჯილდოს მხარდამჭერი. ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. თანაც მასწავლებლებს მისცემს მოტივაციას. როდესაც შეხედავენ, რომ ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია მხარს უწერს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს, ეს მათთვის დიდი სტიმული იქნება.
ჩემთვის, როგორც გამარჯვებულისთვის, სასიხარულო იქნებოდა ის ფაქტი, თუ მეცოდინებოდა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საპრიზო ფონდი საზოგადოების წევრებისგან არის შეგროვებული. გაათმაგებული პასუხისმგებლობაა ასევე, როდესაც იცი, რომ ეს ადამიანების შემოწირული თანხაა“, – აცხადებს მანანა კაპეტივაძე.
- „მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა by ARIS.GE-განათლება
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”