„მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა
ის ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლად დაასახელეს, მისი განვლილი გზა, შრომა, გაწეული ძალისხმევა გამორჩეულად მიიჩნიეს და აღიარეს. მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს კიდევ ერთი პედაგოგი ფლობს – თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, ნათია უჩავა, რომელსაც სკოლაში მუშაობის 11 წლის სტაჟი აქვს.
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა
EDU.ARIS.GE-ს მკითხველი დღეს უკვე 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს კარგად იცნობს. თავდაპირველად, მასზე, როგორც ჯილდოს ათეულის წევრზე გიამბეთ. გაგაცანით მისი საქმიანობა, იდეები, გეგმები და მიზნები. მოგვიანებით უკვე ფინალში, საუკეთესო ხუთეულში მოხვედრის შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. ახლა კი გამარჯვებულის ამპლუაში წარმოგიდგენთ.
ვრცელ ინტერვიუში ნათია არა მხოლოდ საკუთარ საქმიანობასა და გამარჯვების ემოციებზე საუბრობს, არამედ იმ გამოწვევებზე, რაც, მისი აზრით, დღეს სკოლებშია და რასთან გამკლავებაც, როგორც პედაგოგს, ყოველდღიურად უწევს. ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ხელმისაწვდომი და ინკლუზიური განათლებაა, აგრეთვე მრავალფეროვანი რესურსები, რაც მასწავლებლებს მუშაობის პროცესს გაუადვილებდა, ხოლო მოსწავლეს სკოლაში სიარულს შეაყვარებდა.
EDU.ARIS.GE: პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას. რა ემოცია დაგეუფლათ პირველ წამებში, როცა სცენაზე თქვენი სახელი და გვარი გაჟღერდა?
ნათია უჩავა: მადლობა მოლოცვისთვის! ემოცია დიდი იყო. გონებაში ვფიქრობდი – ჩემი სახელი და გვარი დასახელდა-მეთქი?!. რამდენიმე წამი საერთოდ წაშლილი მაქვს მეხსიერებიდან და მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერიდან აღვიდგინე.
რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში 4 ოქტომბრის შემდეგ?
მივიღე ძალიან ბევრი პოზიტივი, სიყვარული, გარშემომყოფებისგან ჩემი წარმატების გულწრფელი გაზიარება, რაც ძალიან სასიხარულოა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორ გზას ვადგავარ.
რა როლი აქვთ თქვენს გამარჯვებაში მოსწავლეებს?
გამარჯვების შემდეგ, სამადლობელ სიტყვებში ერთ-ერთი ვინც ვახსენე, ჩემი მოსწავლეები იყვნენ. ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი. მასწავლებელი და მოსწავლე განუყოფელნი არიან და ერთმანეთის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავიათ. სწავლა-სწავლების პროცესი ორმხრივია. მხოლოდ მასწავლებლები კი არ ასწავლიან მოსწავლეებს, არამედ ჩვენც ძალიან ბევრს ვსწავლობთ მათგან. ამიტომ, თითოეულ მოსწავლეს თავისი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს განვითარებაში.
როგორ ფიქრობთ, რა არის თანამედროვე მასწავლებლის მთავარი დანიშნულება გარდა იმისა, რომ კონკრეტულ საგანში განათლება მისცეს მოსწავლეს?
თანამედროვე მასწავლებლის მთავარი დანიშნულება უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ საგნის სწავლება. აკადემიური საკითხის გარდა, მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა განუვითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, სოციალური პასუხისმგებლობა და ემპათია. ის მოსწავლეს ცხოვრებისთვის უნდა ამზადებდეს. უნდა იყოს მოსწავლის მხარდამჭერი, აგრძნობინებდეს სიყვარულს და პატივს სცემდეს. მის პიროვნულ ზრდას უნდა ცდილობდეს.
რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს, თქვენი აზრით, სკოლა და სასკოლო საზოგადოება?
ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. რამდენიმეს გამოვყოფდი – ხელმისაწვდომი და ინკლუზიური განათლება. მოსწავლეებს განათლების მიღება არათანაბარ პირობებში უწევთ. ყველა მასწავლებლებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ის რესურსი, რომელიც მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. მასწავლებლის პროფესია სათანადოდ დაფასებული არაა.
რამდენად პრობლემატური საკითხია დღევანდელ სკოლაში მაგალითად, ბულინგი/ჩაგვრა, სექსისტური დამოკიდებულება და რას აკეთებთ თქვენ, როგორც რიგითი პედაგოგი, ამ ყველაფრის წინააღმდეგ საბრძოლველად? როგორ ახერხებთ მოსწავლეებში სტერეოტიპებისაგან თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას?
დღევანდელ სკოლაში, ჩაგვრა და სექსისტური დამოკიდებულება ხშირად, დიდ პრობლემებს წარმოადგენს. როგორც მასწავლებელი, პირველ რიგში, ვცდილობ, შევქმნა ინკლუზიური და მხარდაჭერილი გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება უსაფრთხოებისა და პატივისცემის განცდა. სტერეოტიპებისგან თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ღია საუბრები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა თანასწორობა, მრავალფეროვნება და ემპათია. კლასში მოსწავლეებს ვახალისებ და ვაძლევ საშუალებას გამოხატონ საკუთარი აზრი, მოუსმინონ ერთმანეთს. ვასწავლი კრიტიკულ აზროვნებას. ბულინგის ადრეულ ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, მაქვს შესაბამისი რეაქცია, რათა შევაჩერო ასეთი ქცევები. ხშირად ვიყენებ ჯგუფურ პროექტებსა და აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს გუნდურობასა და თანასწორობის განცდას. ვუჩვენებ ფილმებს და ვაწყობთ მის განხილვას.
ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ მოსწავლეებში, რომლებიც არ არიან წარჩინებულები, საკუთარ თავს ხედავთ. როგორ ახერხებთ მათში მოტივაციის გაღვიძებას, შესაძლებლობების აღმოჩენასა და საკუთარი თავის რწმენის გაჩენას?
თითოეულ ადამიანს სჭირდება ცხოვრებაში მოტივაცია. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვია თუ ზრდასრული. ყოველთვის ვცდილობ, მოტივაცია მოსწავლეებს სხვადასხვა გზით მივცე. აღმოვაჩინო მათი ძლიერი მხარე, წავახალისო მცირე წარმატებაზეც კი. დავარწმუნო საკუთარ შესაძლებლობებში. დავალებები ისე გადავანაწილო, რომ მოვარგო მათ შესაძლებლობებს, რათა თვითშეფასება გაუმყარდეთ.
რა სჭირდება, დღესდღეობით, მოსწავლეს, რა სახის ინტერესები უნდა დაუკმაყოფილოს სკოლამ, პედაგოგმა, რათა მისთვის სკოლაში სიარული მოსაწყენ რუტინად არ იქცეს?
მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება. მისთვის სკოლის გარემო დღესასწაულთან უნდა ასოცირდებოდეს. მასწავლებელს კი ამ ყველაფერში მთავარი როლი ენიჭება. მოსწავლეებს ბევრი რამ აინტერესებთ, მუდმივად სვამენ კითხვებს და ძიებაში არიან. მასწავლებელმა მათი ინტერესები უნდა დააკმაყოფილოს. მასალები სხვადასხვა ფორმით მიაწოდოს, იქნება ეს თვალსაჩინოება, აუდიო თუ ვიზუალური გამოსახულება. კვლევა-ძიების უნარების განვითარებისთვის, თავად უნდა ჩართოს ცოდნის გაღრმავების პროცესში. აღმოაჩენინოს, გააკეთებინოს. მასწავლებლის მხარდაჭერით მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს და ინტერესის სფეროს მიაგნოს.
გამარჯვებამდე, ინტერვიუში გვითხარით, რომ თქვენი მიზანი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებისთვის გამოცდილების კიდევ უფრო ფართოდ გაზიარებაა. აგრეთვე, ბავშვებისთვის თვალსაჩინოებებისა და სწავლაზე მორგებული მასალების შექმნა. ამ საქმიანობას აქამდეც ეწეოდით, როგორ აპირებთ მის გაფართოებას?
ცხადია ჩემს საქმიანობას კვლავ გავაგრძელებ, მეტი შემართებითა და პასუხისმგებლობით. სამომავლოდ მაქვს გეგმები, იმედია ქმედით ნაბიჯებს მალე გადავდგამ.
ნათია უჩავამ უახლოესი სამომავლო გეგმაც გაგვიმხილა და გვითხრა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი ათეულის წევრებმა უკვე დაგეგმეს საერთო პროექტი, რომელსაც ერთობლივად განახორციელებენ.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, (კონკურსში 2017 წლიდან დღემდე 1 მილიონ ლარამდე ინვესტიციით), ოქროს სპონსორია ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ განხორციელდა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია
ამავე თემაზე:
ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება და 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლების გზა აღიარებამდე
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება