ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“
4 სექტემბერს, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტებმა კონკურსის ჟიურის და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრებს თავიანთი პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს. „შთამბეჭდავი პრეზენტაციები“, – ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ პედაგოგების გამოსვლები. გაკეთდა პროგნოზიც – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიციირებული კამპანია, რომლის მიზანი ჩვენი საგანძურის, „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა, სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
კონკურსის ფინალისტებს „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების განსხვავებული მეთოდები აქვთ. ნაწილმა ეს მეთოდები პრაქტიკაში უკვე წლებია დანერგა და შედეგებზეც სიამაყით საუბრობს. ნაწილს კი, წლების გამოცდილება არ აქვს, მაგრამ აქვს საინტერესო ხედვა, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნის მოსწავლეს 12-ე საუკუნის პოემა შეაყვარო. ფინალისტებს შორის არიან როგორც თბილისის, ისე რეგიონების სკოლების პედაგოგები. არის ისეთიც, რომელიც „ვეფხისტყაოსანს“ მხოლოდ ერთ მოსწავლეს ასწავლის და შედეგს უკვე მიაღწია – მის მოსწავლეს რუსთაველის პოემა გააზრებულიც აქვს, უყვარს და მეტიც, იმდენად მონუსხულია ამ ნაწარმოებით, რომ სხვადასხვა სცენასა და პერსონაჟების პორტრეტებს, საკმაოდ კარგად ხატავს.
ფინალისტების პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ EDU.ARIS.GE-ს გაუმხილა, რომ მათი საინტერესო და ემოციური გამოსვლებით, აღფრთოვანებულია.
„ფინალისტებმა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაგვიზიარეს. ფინალისტების პრეზენტაციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ამას მასწავლებელთა წრიდან გამოხმაურებაც ადასტურებდა – ძალიან ბევრი საინტერესო აპლიკაცია მივიღეთ.
„აღმოჩნდა, რომ ბევრი მასწავლებელი უკვე წლებია ავითარებს თავის პედაგოგიურ საქმიანობას ამ მიმართულებით. თითქოს მათ სჭირდებოდათ ჰქონოდათ ასპარეზი, პლატფორმა, სადაც საკუთარ თავსაც წარმოაჩენდნენ და კოლეგებს გაუზიარებდნენ გამოცდილებას. მეამაყება, რომ ამ კონკურსმა მასწავლებლებში უკვე მოიპოვა დიდი სიყვარული. გვაქვს ამბიცია, თანდათან ჩავუყაროთ საფუძველი დისკუსიას, როგორი უნდა იყოს თანამედროვე რეალობაში „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების პარადიგმა. სამომავლოდ, გვინდა რომ ეს პლატფორმა უფრო განვავითაროთ და მასშტაბური გავხადოთ“, – განაცხადა ირინა ხანთაძემ.
EDU.ARIS.GE რამდენიმე ფინალისტსაც გაესაუბრა. თითოეული ამბობს, რომ ეს კონკურსი მათთვის დიდი სტიმულია და გამარჯვების იმედი აქვთ. თუმცა იმასაც გვიმხელენ, რომ ზოგადად ამ კამპანიაში მონაწილეობაა საინტერესო და პროფესიული თვალსაზრისით სასარგებლო – ერთმანეთის პრეზენტაციების მოსმენისას ისეთი ნიუანსები აღმოაჩინეს, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ და სამომავლოდ, პრაქტიკაში აუცილებლად გამოიყენებენ.
ფინალისტებს შორის არიან თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის პედაგოგები, რომლებმაც ერთობლივი პრეზენტაცია წარმოადგინეს. მარეხ მერკვილაძე დაწყებითების, მარიამ მჭედლიძე კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მათი პროექტი ყველასგან გამორჩეული იმით იყო, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მე-3, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს ერთად შეასწავლეს.
„პროექტის პროცესში ბევრი სიახლე აღმოვაჩინეთ. რიგ შემთხვევაში მოსწავლეებმა თავად მიგვანიშნეს, რა მეთოდებით სწავლება იყო მათთვის უფრო საინტერესო და მარტივი. მაგალითად, სწორედ მათი ინიციატივა იყო დაგვედგა სპექტაკლი. გვქონდა ასევე „პერსონაჟის სკამი“, როცა მოსწავლე ირგებდა კონკრეტული პერსონაჟის როლს, ცდილობდა „მისი თვალით“ დაენახა სამყარო და შთაბეჭდილებები თუ განცდები გაეზიარებინა. სხვადასხვა ასაკის, კლასების მოსწავლეებისთვის ერთობლივი პროექტი ძალიან სახალისო აღმოჩნდა და შედეგიანიც – მათ „ვეფხისტყაოსანი“ უყვართ“, – განაცხადა ქალბატონმა მარიამმა.
ქალბატონმა მარეხიმ კი აქცენტი პოემის დაწყებით კლასებში პოპულარიზებაზე გააკეთა. მისი თქმით: „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ადრეული ასაკიდანვე ინტერესის გაღვივება ძალიან კარგია, რადგან ბავშვებს მაღალ კლასებში პოემის უკეთ შესწავლის მოტივაცია ექნებათ“.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლის და კერძო სკოლის ,,დავითიანი – მარინა გორშკოვა“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, გიორგი ჭაუჭიძეს საინტერესო ხედვა აქვს, რომლის თანახმად, პოემა თემატურად, ზღაპრებად უნდა „დაიშალოს“.
„ვეფხისტყაოსანი ერთ-ერთი საუნჯე და შედევრია. მასწავლებლებს მოეთხოვებათ სწავლების გაადვილება. ამ მიზნით, მაქვს ხედვა, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ თანამედროვე ბავშვი ამ პოემით, როგორ ვასწავლოთ მარტივად და შევაყვაროთ. ერთ-ერთი ვერსია პოემის ზღაპრებად წარმოდგენაა. რამდენიმე ზღაპრის საცდელი ვარიანტი გაკეთებული მაქვს. ვფიქრობ, ასე ბავშვს ძალიან პატარა ასაკიდანვე მოვამზადებთ „ვეფხისტყაოსნისთვის“. მიხარია, რომ კონკურსის ჟიურიმ ჩემი იდეები დააფასა და ფინალისტი ვარ. ამაზე მეტად კი ის მიხარია, რომ ამ კონკურსით „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების მეთოდებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. აქამდე ამაზე აქცენტი ნაკლებად კეთდებოდა. ვფიქრობ, ამ კამპანიის დამსახურებით წარმატებული მასწავლებლების გამოცდილება გავრცელდება, ახალ-ახალი იდეები გაჩნდება და ამ ძვირფასი ტექსტის სწავლებას ახალი სიცოცხლე შეემატება“, – გვითხრა ბატონმა გიორგიმ.
„ვეფხისტყაოსანზე“ შეყვარებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე შვანგირაძე, უკვე წლებია რუსთაველის უკვდავ პოემას მოსწავლეებს გამორჩეული, საინტერესო და სახალისო მეთოდებით ასწავლის. მეთოდებს შორის კომიქსების გაკეთება, როლების მორგება, ტექსტის გააზრებისას სხვადასხვა საგნებთან პარალელების გავლებაა. პრეზენტაციისას ქალბატონმა ეკატერინემ დამსწრე საზოგადოებას ყოფილი მოსწავლეების შთაბეჭდილებებიც უჩვენა – თავიანთ პროფესიაში უკვე წარმატებული ახალგაზრდები ვიდეოკოლაჟში გვიამბობდნენ თავის დროზე, პედაგოგის დამსახურებით, მარტივად, როგორ გაიაზრეს პოემა და როგორ გახდა „ვეფხისტყაოსანი“ მათი საყვარელი ნაწარმოები, რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაშიც კი დაეხმარათ.
„მე მიყვარს „ვეფხისტყაოსანი“. ზოგადად, ვფიქრობ, ჩვენ გენში გვაქვს მისი ქვეცნობიერი სიყვარული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მომავალ თაობებს დავეხმაროთ მარტივად და სწორად გაიაზრონ ტექსტი, ჩასწვდნენ ამ ნაწარმოების სიდიადეს, შეიყვარონ და მსოფლიოსაც გააცნონ. ამის მისაღწევად აუცილებელია მოსწავლეებამდე პოემის სახალისოდ მიტანა. წლებია ამას ვცდილობ და შედეგიც მაქვს. ამას რაიმე ჯილდოსთვის და პრემიისთვის ნამდვილად არ ვაკეთებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს კონკურსი, წახალისებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე შვანგირაძემ.
პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერი ლიბერთი ბანკია, რომელმაც 2022 წლიდან სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად განათლება აირჩია და არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა.
ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ ზაქარიაძემ EDU.ARIS.GE-ს გაუმხილა, თავის დროზე რატომ დაინტერესდა ბანკი ამ ინიციატივით.
„ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციის პროექტებს ვახორციელებთ 2022 წლიდან, როცა ცაგერის სკოლებში ამ პოემაზე ლექციების კითხვა დავიწყეთ. რუსთაველის ნაწარმოები იმიტომ შევარჩიეთ, რომ მასში საზოგადოებისთვის საჭირო ყველა მიმართულებაა: ევროპული ღირებულებები, მეგობრობა, სიყვარული… თუმცა, მისი გააზრება მარტივი არ არის თანამედროვე მოსწავლისთვის. მას ამაში მასწავლებელი უნდა დაეხმაროს. სწორედ მასწავლებლების როლის გაანალიზების შემდეგ, სიამოვნებით გავხდით ამ კამპანიის მხარდამჭერები, რაც საამაყოა. მითუმეტეს, დღევანდელი დღის შემდეგ, როცა ფინალისტებმა არაჩვეულებრივი პრეზენტაციები წარმოადგინეს და გამოცდილება გაგვიზიარეს“, – განაცხადა თამარ ზაქარიაძემ.
პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ სამი გამარჯვებული, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით ლიბერთისგან 2000-2000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტები კი სამახსოვრო სიგელებს და საჩუქრებს მიიღებენ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს საზოგადოებას გააცნობს და მასწავლებელთა ფართო წრეებში გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას უზრუნველყოფს.
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები დასახელდნენ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”