„ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში
მათ გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. მთავარი ბარიერები გადალახულია – ქვეყნის მასშტაბით, ასობით კონკურსანტიდან ჯერ საუკეთესო ათეულში მოხვდნენ, შემდეგ კი ხუთ ფინალისტს შორისაც აღმოჩნდნენ. ამბობენ, რომ ფინალში ყოფნა უკვე გამარჯვების ტოლფასია, თუმცა მათ შორის საუკეთესოს ჟიური მაინც გამოარჩევს და ეს 4 ოქტომბერს მოხდება.
დიმიტრი პოპოვი, ნათია უჩავა, სოფიო ქუხილავა, გიორგი ლიპარიშვილი და ნათია ნარსავიძე ისევ ჩვენი რესპონდენტები არიან. გამარჯვებასთან ასე ახლოს მყოფები ახლა უფრო თამამად გეგმავენ საკუთარ მომავალს და კონკურსში მონაწილეობითა და ფინალისტობით გაჩენილ შანსებს. უკვე იციან რას გააკეთებენ გამარჯვების შემთხვევაში, როგორ გამოიყენებენ იმ უამრავ შესაძლებლობას, რასაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის სტატუსი მოუტანთ.
თუმცა, მანამდე, ფინალში გასვლის სიხარული და ემოციები EDU.ARIS.GE-ს გაუზიარეს. მოგვიყვნენ შეცვლილი ყოველდღიურობისა და გამრავალფეროვნებული ცხოვრების შესახებ, რაც ჯილდოს ათეულში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტია.
ფინალში გასვლას ელოდა, მაგრამ თან არ ელოდა – ასე შეიძლება შეფასდეს ხუთეულის ერთ – ერთი წევრის, თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლის ნათია უჩავას მდგომარეობა 9 სექტემბრამდე, ანუ მანამდე, სანამ შედეგები გახდებოდა ცნობილი. ამბობს, რომ როდესაც ადამიანი კონკურსში მონაწილეობს, მოლოდინები ბუნებრივად ჩნდება, თუმცა თავად ის ამ საკითხზე არ ფიქრობდა და არ ელოდა, რომ მოხვდებოდა.
„ვიცოდი რომ საინფორმაციო ვიდეო, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გვერდზე, ოთხ საათზე უნდა გამოქვეყნებულიყო. სახლში ვიყავი ჩემს დასთან ერთად, რომელიც ასევე მასწავლებელია. ერთად ვუყურეთ და ერთად გავიხარეთ. ძალიან, ძალიან ემოციური იყო. რამდენჯერმე ვკითხე ჩემს დას, ეს მართლა მე ვარ-მეთქი?“, – პირველ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ნათია.
სჯერა, რომ გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო ფართოდ გაშლის იმ საქმიანობას, რომელსაც წლებია ემსახურება და კიდევ უფრო მეტ მოსწავლემდე, მასწავლებლამდე, მეტ ადამიანამდე შეძლებს ამ შრომით გამოწვეული სიკეთეების მიტანას. ბევრს აკეთებს ახალბედა მასწავლებლების მხარდასაჭერად და მიაჩნია, რომ პედაგოგებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდონ.
„ჩემი საკომუნიკაციო ჯგუფის ,,აქტივობები კლასში” საშუალებით, საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებს გამოცდილებას ვუზიარებ. მინდა ამ მიმართულებით კიდევ უფრო დავეხმარო მათ, ვინც ჩვენს პროფესიაში ახლა შემოდის. ერთიანი ძალისხმევით, ადგილობრივი მასწავლებლების ჩართულობით რეგიონის მოსწავლეებისთვის შევქმნა მატერიალური რესურსები, რომელთაც საგაკვეთილო პროცესში გამოიყენებენ. მასწავლებლები ყველაზე კარგად ვგრძნობთ რა ტიპის რესურსებია საჭირო მოსწავლეებისათვის, თუმცა ის ხშირად არაა ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში. მოსწავლეებს კი სჭირდებათ თვალსაჩინოებები და სწავლებაზე მორგებული მასალა, რომელიც სწავლას უფრო ფერადსა და საინტერესოს ხდის“, – ამბობს ნათია.
უნდა, რომ სიხარულისა და სიამაყის ის გრძნობა და ემოცია, რომელიც მან წელს, კონკურსში მოხვედრითა და ფინალში გადასვლით მიიღო, მისმა კოლეგებმაც განიცადონ. სწორედ ამიტომ, ჯილდოზე ყოველწლიურად უწევს რეკომენდაციას პედაგოგებს, რომლებზეც მიიჩნევს, რომ ამას იმსახურებენ. უკვე იცის ვინ იქნება წარსადგენთა სიაში მომავალი წლისთვის. სჯერა, რომ ისინი ამისთვის მზად არიან და წარმატებასაც მიაღწევენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, დიმიტრი პოპოვი გვეუბნება, რომ საკუთარი საქმიანობიდან და განხორციელებული აქტივობების სიმრავლიდან გამომდინარე, ხუთეულში მოხვედრის იმედი ჰქონდა. კოლეგების მოლოდინი კი ამ იმედს კიდევ უფრო უძლიერებდა. როცა ამდენი ადამიანი გაფასებს და მიიჩნევს, რომ ხუთეულში ყოფნის ღირსი ხარ, თვითშეფასება გიორმაგდება და წარმატების აღიარებაზე ხარ ორიენტირებულიო – გვეუბნება.
„ხუთეულის გამოცხადება დაემთხვა ჩემს მონაწილეობას eTwinning -ის საერთაშორისო სემინარზე, სადაც გულშემატკივარ კოლეგებს შორის ვიმყოფებოდი. იმდენად ვიყავი სემინარის მიმდინარეობაში ჩართული, რომ ვიდეოს დადება გამომეპარა. ცოტა მოგვიანებით ხუთეულის კიდევ ერთი წევრი, ნათია ნარსავიძე, რომელიც სემინარზე ჩემთან ერთად იმყოფებოდა, აუდიტორიაში შემოვიდა, გახარებული გადამეხვია და მომილოცა. ეს ამბავი სხვა კოლეგებმაც აიტაცეს, ყველა მეხვეოდა, მკოცნიდა. კოლეგების გარემოცვაში ყოფნამ ემოცია გამიორმაგა. ზეიმობდნენ ჩემს ფინალისტობას და მეუბნებოდნენ, რომ ამას ვიმსახურებდი“, – ჰყვება კონკურსანტი პედაგოგი.
ფინალის პროგნოზირება უჭირს. ამბობს, რომ თითოეულ წევრს საკუთარი, განსხვავებული გზა აქვს გავლილი. სხვადასხვა საცხოვრებელ გარემო – პირობებში მუშაობენ და განსხვავებულ გამოწვევებსაც უმკლავდებიან. თითოეულს, მისი აზრით, საკმაოდ დიდი როლი აქვს შესრულებული საკუთარი სკოლისა და თემის განვითარებაში.
გამარჯვების შემთხვევაში სასკოლო პროექტების გააქტიურებას აპირებს. თუმცა, ამბობს, რომ თემზეც იქნება ორიენტირებული. მისი ინტერესი მედიაწიგნიერების, ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ცნობიერების ამაღლებაა.
„ძალიან დიდი სურვილი მაქვს STEM-ის მიმართულებითაც ვიმუშაო და განვახორციელო პროექტები, რომლებიც დღეს მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ კარიერულ დაგეგმვაშიც დიდ როლს თამაშობს“, – დასძენს პედაგოგი.
უკვე დაიწყო ფიქრი მომავალ კონკურსზეც – მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2025-ზე. გვეუბნება, რომ აუცილებლად წარადგენს მასზე რამდენიმე კოლეგას, მერე კი მათ „აიძულებს“ განაცხადი შეავსონ. თავადაც სწორედ ასეთი „ძალდატანების“ შედეგად აღმოჩნდა კონკურსში და მიიჩნევს, რომ საკონკურსო პირობების ეს კონკრეტული კომპონენტი – წარდგენა, ძალიან კარგ ფუნქციას ასრულებს – ხაზს უსვამს ამ ადამიანების მიერ გაწეულ სამუშაოს და სხვისთვისაც წარმოაჩენს მას.
“უპროგნოზო იყო ფინალში ვინ მოხვდებოდა” – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ხუთეულის კიდევ ერთი წევრი, დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ნარსავიძე და დასძენს, რომ ფინალში მოხვედრის მოლოდინი არ ჰქონია, რადგან ათეულის თითოეული წევრი განსაკუთრებული იყო და ამას ყველა იმსახურებდა.
ამ მიღწევას ის დიდ პატივს უწოდებს – სასწაული ემოცია იყოო, გვიზიარებს. ამბობს, რომ ასეთ ძლიერ პედაგოგებში მოხვედრა ადამიანს სიამაყის გრძნობით ავსებს. მას შემდეგ კი, რაც მის ცხოვრებაში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო შემოვიდა ცხოვრება უფრო პოზიტიური და საინტერესო გახდა. დარწმუნდა რომ რასაც აქამდე აკეთებდა, სწორი იყო და ახლა სურს იგივე გზა მეტი შემართებით გააგრძელოს.
„ის რომ, ათეულის წევრი ვარ, თავისთავად ნიშნავს, რომ ბევრ რამეზე სწორი აქცენტის გაკეთება შემიძლია. ათეულში მოხვედრამდე თუ რიგი საკითხების შესახებ ჩემი აზრის დაფიქსირებისგან თავს ვიკავებდი, ახლა პირიქით, თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემს გარშემო მაინც შევცვალო რაღაც-რაღაცეები უკეთესობისკენ და ვფიქრობ, ჩემ სიტყვას მეტი ფასიც ექნება“, – ამბობს ქალბატონი ნათია.
ჟიურის წევრებს ახლა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა აქვთ – ხუთ კანდიდატს შორის ერთი გამარჯვებული უნდა გამოავლინონ, რაც, მისი აზრით, ადვილი ნამდვილად არ იქნება. დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი არჩევანი ღირსეული იქნება და წინასწარ უჭერს მხარს მას, ვისაც 4 ოქტომბერს, სცენაზე, პუბლიკის წინ ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს საზეიმოდ გადასცემენ.
ხუთ საუკეთესოს შორის დასახელება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლისთვის, სოფიო ქუხილავასთვისაც ზღვა ემოციების მომტანი აღმოჩნდა. ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობამ მისი ცხოვრება შეცვალა, საყვარელი ადამიანების წრე გააფართოვა და საქმის საკეთებლად თავდაჯერება შემატა.
„წარმოუდგენელი განცდაა, ემოცია, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია. შეგრძნება იმისა, რომ სწორი გზით იარე, ამ გზაზე ბევრი შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღე, ბევრი მოსწავლის ცხოვრება შეცვალე. ღირდა ყველა ბარიერის გადალახვა და გზის გაკვალვით გამოწვეული დაღლილობა. ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულს და სიამაყეს იტევს ეს ემოცია.
„კონკურსმა ჩემს ყოველდღიურობაში ბევრი ნათელი ფერი შემოიტანა. ძალიან ძვირფასი და საიმედო ადამიანები შემძინა, რითიც გამიჩნდა შესაძლებლობა, საქმე მეტი შემართებით ვაკეთო. ათეულის წევრების უდიდესი და მრავალმხრივი გამოცდილება მეტი თამამი იდეის განხორციელების საშუალებას მომცემს. მივიჩნევ, რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ადამიანები, რომლებიც თავის წილ აგურს დებენ მომავლის საქართველოს ფუნდამენტის შენებაში. ზუსტად ვიცი, ეს ფუნდამენტი ძლიერი იქნება“, – გვეუბნება სოფიო ქუხილავა.
ზოგადი საგანმანათლებლო სისტემის მთავარ გამოწვევად სკოლებში ბავშვების შიმშილი მიაჩნია. ამ პრობლემასთან ბრძოლაში ჩართულია და კიდევ უფრო მეტ აქტიურობას აპირებს, მოსწავლეებისგან ჩივილი იმაზე, რომ შიათ, ხშირად ესმის. ამიტომ, უკვე შემუშავებული აქვს გეგმა საკუთარ სკოლაში ამ პრობლემის გადასაჭრელად.
„მასწავლებელს გულგრილს ვერ დატოვებს ის ფაქტი, რომ ბავშვს უჭირს გაკვეთილზე კონცენტრაცია, რადგან შია, ყურადღება ეფანტება, ვერ არის პროდუქტიული. ძნელია ასეთ დროს ხარისხიან განათლებაზე ისაუბრო, სკოლაში ჩემი ხელმძღვანელობით ეკო კლუბი ფუნქციონირებს, რამდენჯერმე მოხალისეობრივად, უფასო კვების პროპაგანდის ფარგლებში მოსწავლეებს ლანჩი შევთავაზეთ, დღემდე მახსოვს მათი გაბრწყინებული სახეები… ამიტომაც შევიმუშავე იდეა, რომელიც ბუფეტის ამოქმედებას მოიაზრებს: სკოლიდან 10 მეტრში გამგეობის შენობაა, რომელსაც ერთი უფუნქციო ოთახი აქვს. გამგებელთან სივრცის გადმოცემის შესახებ შეთანხმება უკვე გვაქვს. ამდენად, გამარჯვების შემთხვევაში, ამ ოთახში კვების სივრცესა და ლიტერატურულ კუთხეს მოვაწყობ“, – აცხადებს სოფიო ქუხილავა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტობა, თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, გიორგი ლიპარიშვილისთვის, ბედნიერების განცდაა, პასუხისმგებლობის, მხარდაჭერის, პროფესიის აღიარების, სწორ გზაზე დგომის შეხსენება, ფიქრისა და მუშაობის კიდევ უფრო მეტი ძალებით გასაგრძელებლად სტიმული. საკუთარ თავს “მოსწავლებლად” მოიხსენიებს და წარმატებასაც სწორედ მათ უკავშირებს.
ფინალში მოხვედრას ელოდა და არანაკლებ აინტერესებდა ჟიურის გადაწყვეტილებები სხვა კანდიდატებზეც. ამბობს, რომ მათ ურთულესი მისია აქვთ – ჯერ ასობით აპლიკაციიდან, მერე ათეულიდან აერჩიათ ხუთეული და ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
„როცა ფინალისტად დასახელების შესახებ გავიგე, მოსწავლეებთან ერთად ვიყავი, ერთად ვნახეთ და ერთად გავიხარეთ. კარგად დაემთხვა, ბედნიერება გავაზიარეთ. ეს ხომ მოსწავლეების დამსახურებაცაა. მხოლოდ მასწავლებელი ცოტაა. მოსწავლე გვაქცევს ჩვენ მასწავლებლად“, – აღნიშნავს პედაგოგი.
ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობამ მისი ცხოვრება შეცვალა – ახალი ადამიანები, ახალი ენერგია, ახალი შესაძლებლობების გზები შემატა. თუმცა, აქვე დასძენს, რომ მისი ყოველდღიურობა ისევ ისეთი დატვირთულია, როგორც მანამდე. კვირაში 8 დღე ვმუშაობო – ხუმრობს.
ახლა გამარჯვებას 4 ნაბიჯი აშორებს, რადგან ფინალში 4 ღირსეული მასწავლებელია. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, შანსებს კი ჟიური დაითვლისო – გვეუბნება.
დასახული აქვს სამომავლო ნაბიჯებიც, რომელთაც გამარჯვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მარტივად და უფრო მასშტაბურად განახორციელებს: მის მიერ დაარსებული მოძრავი სახელოსნოს – „ლიპარტის“ საქმიანობის გააქტიურებასა და მეგობარ მასწავლებელთან ერთად ქალაქებსა თუ სოფლებში ვორქშოფების ჩატარებას გეგმავს. მისი მთავარი მიზანია ბავშვებმა ირწმუნონ თავიანთი შესაძლებლობების, უნარებისა და შედეგების.
უნდა, რომ საზოგადოებამ გაიცნოს ის ღირსეული მასწავლებლები, რომლებიც ქვეყანას უხვად ჰყავს და რომელთა აღმოჩენასაც სწორედ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ემსახურება. უნდა ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს და კოლეგებს შრომის დაფასებაში დაეხმაროს.
„გარშემო ბევრზე მეტი კარგზე კარგი მასწავლებელია, მათ – დანახვა, მოკითხვა სჭირდებათ – გამარჯობა, როგორ ხარ? ყოჩაღ! მადლობა! გილოცავ! ეს სჭირდებათ, რათა თავიანთი საქმე უფრო დამუხტულებმა გააგრძელონ. ვფიქრობ და კიდევ ვიფიქრებ ამაზე, რადგან ერთი მასწავლებლის წარმატება არ არის მხოლოდ მისი წარმატება, ეს ბევრად მეტია – მეტი მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის, საზოგადოების წარმატებაა“, – დასძენს გიორგი ლიპარიშვილი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ იდეის ავტორი და განმახორციელებელი განათლების კოალიციაა. გამარჯვებული, 4 ოქტომბერს, ფინალურ ღონისძიებაზე, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარის მიიღებს. საუკეთესო ათეულის წევრებს კი ლიბერთი დააჯილდოებს.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები დასახელდნენ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”