მათემატიკაში უმაღლესი შეფასება 28 აბიტურიენტმა მიიღო – რას პასუხობს NAEC-ი გამოსაცდელების კრიტიკას ტესტის შესახებ
2024 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის საგნის ჯგუფი, აქტუალურ კითხვას პასუხობს, საიდანაც ირკვევა რამდენმა აბიტურიენტმა მოიპოვა მათემატიკაში უმაღლესი ქულა და ასევე რა ძირითადი შეცდომები ჰქონდათ აბიტურიენტებს.
– როგორ შეაფასებდით აბიტურიენტთა წლევანდელ ნაშრომებს? რამდენმა მიიღო მაქსიმალური შეფასება?
– პირველადი სტატისტიკის თანახმად, უმაღლესი შეფასება (51 ქულა) მიიღო 28 აბიტურიენტმა. ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ერთიანი ეროვნული გამოცდების არსებობის მანძილზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ტესტების სირთულე კარგად იყო მორგებული საგამოცდო პოპულაციაზე.
– გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტთა ნაწილი წელს ტესტის განსაკუთრებულ სირთულეზე საუბრობდა. რამდენად ობიექტურია ეს შეფასება და რა შეგვიძლია ვთქვათ პირველადი შედეგების ანალიზის საფუძველზე?
– მათემატიკის გამოცდის ყველა ტესტური დავალება სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მათემატიკაში ერთიანი ეროვნული გამოცდის საგამოცდო პროგრამას. არსებითია გავითვალისწინოთ ამ გამოცდის დანიშნულება. ეს არის სასელექციო გამოცდა უნივერსიტეტებში შემსვლელთათვის, რომლის მიზანია დაადგინოს იმ მომავალი სტუდენტების სამართლიანი და სანდო რეიტინგული სია, რომლებსაც შეეძლებათ წარმატებით გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტებში ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. უნივერსიტეტებში პირველივე სემესტრში მათ მოუწევთ გაცილებით რთული მათემატიკური საგნების სწავლა და ამისათვის მზად უნდა იყვნენ. ის, რომ ეს ტესტები წარმატებით ახერხებს აბიტურიენტთა სანდო და სამართლიან რანჟირებას, ჩანს ტესტების ფსიქომეტრიული ანალიზიდან.
– რაკი სტატისტიკური ანალიზი მოგვიანებით ქვეყნდება, იქნებ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით ვიმსჯელოთ, რამდენად განსხვავებულია წლევანდელი შედეგები შარშანდელისაგან?
– წლევანდელი წლის შედეგები არსებითად არ განსხვავდება და თვისობრივად მსგავსია.
– რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ გამოსაცდელებს ყველაზე მეტად?
– აბიტურიენტთა დიდ ნაწილს ყველაზე მეტად გაუჭირდა რამდენიმე დავალება, კერძოდ, ალბათობის თეორიასა და კომბინატორიკაზე.
მათემატიკის გამოცდის შესახებ კითხვა-პასუხი დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე