ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციასთან ერთად, NAEC-ში დოკუმენტაციაც უნდა წარადგინოთ – ვის აქვს ვალდებულება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აბიტურიენტების გარკვეულ ნაწილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება აქვს.
NAEC-ი განმარტავს ვის აქვს დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება და როგორია პროცედურა ან ვადები:
თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი ველი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100ა) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ან გაგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეშვეობით. განცხადება მიიღება 6 აპრილიდან 11 მაისის18:00 საათამდე. გაითვალისწინეთ: აღნიშნული თარიღის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის შემთხვევაში, აბიტურიენტი ვერ ისარგებლებს სპეციალური პირობებით.
განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
რაც შეეხება განათლების მიღების შესახებ დოკუმენტს:
– თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე, 2026 წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით.
გაითვალისწინეთ: ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის ცენტრში წარმოდგენა! ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე.
ამდენად, აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ.
– აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს, 2026 წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი.
– აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას), 2026 წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მათ მიერ დასრულებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა.
– აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე.
– ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
– ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლება აქვს 1 აგვისტომდე განაცხადოს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასევე იხილეთ:
იხილეთ რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვინმეს გინახავთ მსჯელობა იმაზე, რატომ მოდიან წლიდან წლამდე უნივერსიტეტებში უფრო ნაკლებად მომზადებული სტუდენტები?“
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს არის ყველა აბიტურიენტისთვის ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რეგისტრაციის პროცესში“
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე