2016 წლის მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები იწყება – რას ურჩევენ საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები მოსწავლეებს
სასწავლო წლის ბოლოს სკოლებში გამოცდების ციებ-ცხელებაა. ამჯერად, საატესტატო გამოცდებზე გასვლა მე-11-ე კლასელებს უწევთ. მე-11 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდები 12 ივნისს გეოგრაფით იწყება, 13 ივნისს ბიოლოგიით, ხოლო 14 ივნისს ფიზიკით გრძელდება და 15 ივნისს ქიმიის გამოცდით სრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებენ, რომ წლევანდელი გამოცდა შარშანდელის მსგავსი იქნება. გამოცდის ზღვარი, 5,5 ქულა, არ შეიცვლება, პროგრამაც უცვლელია, თუმცა პატარა სიახლეები მაინც არის. ისინი მოსწავლეებს ურჩევენ, ნერვიულობის გარეშე გავიდნენ გამოცდებზე და დაკვირვებით წაიკითხონ პირობები.
–გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ხასიტაშვილი
–პროგრამაში არ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. უბრალოდ ბაზას დაემატა ახალი დავალებები, ისევ ამ პროგრამიდან. დაემატა როგორც რთულ, ასევე საშუალო სირთულის და მარტივ დავალებებს. უბრალოდ, დავალებების რაოდენობა გაიზარდა ბაზაში, დაახლოებით 10%-მდე. ქიმიის საგამოცდო საკითხები მოიცავს თითქმის მთელ პროგრამას, რომელიც სკოლაში ისწავლება, მაგრამ, ძირითადად, აღებულია საკვანძო საკითხები.
კარგი იქნება, ამ პროგრამის მიხედვით თუ იმეცადინებენ ბავშვები. მოსწავლეებს ვურჩევდი, გამოცდის დროს ისარგებლონ დამხმარე მასალით. ეს არის პერიოდული სისტემა, ხსნადობის ცხრილი და მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური ცხრილი. ვინც იცის, როგორ ისარგებლოს ამით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.
ვურჩევდი, იმეცადინონ, როგორ გამოიყენონ ეს დამხმარე მასალა. ცალკე ფურცელზე მიუვა დაბეჭდილი ყველას. ქიმია საერთოდ არ უყვართ ხოლმე და ახლა მაინც შეიყვარონ ცოტა ხნით, რომ ჩააბარონ. იმეცადინონ, მშვიდად იყვნენ. მარტივი კითხვებიც იქნება. ნუ შეშინდებიან და წყნარად შევიდნენ გამოცდებზე. ნერვიულობამაც იცის შეცდომების დაშვება.
–გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელის დავით გოგელიძის თქმით, გეოგრაფიის გამოცდა არ არის რთული და ვინც სწავლობს მთელი წლის განმავლობაში, მას გამოცდის ჩაბარება არ გაუჭირდება. დავით გოგელიძემ მეთერთმეტეკლასელებს რუკის შესახებ არსებული საკითხების კარგად მეცადინეობა ურჩია, რადგან მისი განცხადებით, უმეტესი კითხვები გეოგრაფიის გამოცდაზე რუკასთან იქნება დაკავშირებული.
–გეოგრაფიის საგამოცდო პროგრამა არ შეცვლილა და ეფუძვნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. ის მეექვსე-მეთერთმეტე კლასებს მოიცავს. დავალებებიც იგივე ტიპის იქნება, რაც ადრე იყო. აქ ერთი ნიუანსია: არაქართულენოვანი და ქართულენოვანი სკოლები სხვადასხვა პროგრამით გადიან გეორგაფიას. შესაბამისად, არჩევითი კურსი ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის გეოგრაფიის სწავლების მეთოდებია. ეს საკითხები არ იქნება შესული ქართულენოვან სკოლებში, ხოლო არაქართულენოვან სკოლებში გლობალური გეოგრაფიაა არჩევითი და გლობალური გეოგრაფიის საკითხები არ იქნება და ქართულენოვანში იქნება.
რაც შეეხება რჩევებს, ყველაზე მთავარი რეკომედაციია და ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც წერია ეს, რომ ერთ-ერთი მთავარი უნარი გეოგრაფიის სწავლების დროს არის რუკის კითხვის ცოდნა. დავალებების 30-40% არის რუკასთან დაკავშირებული. მსოფლიოს და საქართველოს ფიზიკური რუკები მათ ხელთ ექნებათ და კითხვები ზუსტად ამ რუკიდან არის. ყველა ობიექტი მოცემულია იმ რუკაზე, რომლებზეც კითხვებია დასმული.
ლამინირებული რუკები ტრადიციულად ურიგდებათ მოსწავლეებს. სადაც ერთ მხარეს საქართველოს ფიზიკური რუკაა, მეორე მხარეს – მსოფლიოს რუკა. მისი გამოყენება შეიძლება საკმაოდ ბევრი დავალების შესრულებაში. ვინც კარგად იცის რუკის კითხვა, ის ძალიან დიდი ალბათობით გეოგრაფიის გამოცდას წარმატებით დაძლევს და გეოგრაფიის გამო ატესტატის მიღების პრობლემა არ ექნება.
–გამოცდების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი ჩეჩელაშვილი
ფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ფიზიკის გამოცდის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ურჩევს, დავალებები გააკეთონ და არა ამოიცნონ.
„კატის“ გამოცდა ისევე ჩატარდება ფიზიკაში, როგორც ტარდებოდა. ყურადღებით იყვნენ. დავალებები არა ამოსაცნობი, არამედ გასაკეთებელია. ჩემი რეკომენდაცია იქნება, კარგად წაიკითხონ დავალების პირობა, ნუ იმუშავებენ ამოცნობაზე. პირობას თუ კარგად გაეცნობინ და დაუფიქრდებიან, ძალიან ადვილი შესასრულებელია დავალებები. ფიზიკის საატესტატო გამოცდა სრულ პროგრამას მოიცავს, მეშვიდედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით,“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გოგი ჩეჩელაშვილმა.
–გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი აივენგო შათირიშვილი
ბიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელმა აივენგო შათირიშვილმა აღნიშნა, რომ ბიოლოგიაში ის დავალებები ამოიღეს, რომლებიც მოსწავლეებს წინა წელს გაურთულდათ.
–პროგრამა ისეთივეა, როგორიც გასულ წელს იყო. ის ამოცანები შარშან, რომლებსაც ვერ გაართვეს მოსწავლეებმა თავი, ამოვიღეთ და ტესტში ისეთი ამოცანებია, რომლებსაც კარგი მაჩვენებლები აქვს. არის სამი კატეგორიის : მარტივი, საშუალო და რთული ამოცანები. სამივე აპრობირებულია. ძირითადად შესულია მეათე-მეთერთმეტე კლასის მასალა. ის საკითხები მოვა, რომელიც პროგრამაშია. არაპროგრამული საკითხები, არ მოვა და არ არის შეტანილი ტესტურ.
EDU.ARIS.GE–მ საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელებს საატესტატო გამოცდებზე არსებული მინიმალური ზღვარის შესახებაც ჰკითხა. არის თუ არა 5,5 ქულა მისაღები ბარიერი მათთვისდ და როგორ მიაჩნიათ, უფრო დაბალი, ან მაღალი უნდა იყოს თუ არა ის.
გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით გოგელიძემ გვიპასუხა, რომ 5,5 -ქულაზე დაბალი ზღვარი შეუძლებელია, არსებობდეს. მისი თქმით, ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რომელიც შეიძლება იყოს.
„ამაზე დაბალი ბარიერი უბრალოდ წარმოუდგენელია. ამ გამოცდების დაწყებისას საუბარი იყო, როდესაც ბავშვები მიეჩვეოდნენ, ზღვარი უნდა აწეულიყო, მაგრამ სამწუხარო რეალობა ასეთია, რომ სკოლაში სწავლების ხარისხმა არ იმატა. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ამ ზღვარის აწევა და არის 5,5-ზე გაჩერებული. ყველაზე მარტივ კითხვებს უნდა გასცენ პასუხი, რომ მიიღონ ატესტატი. აქ საუბარი არ არის საშუალო და რთულ კითხვებზე. რაც შეეხება შარშანდელი გამოცდის მაჩვენებელს, 1% დან 1,7%-მდე მერყეობს გეოგრაფიის გამოცდაზე ჩაჭრილთა რიცხვი, 2%-ს არასოდეს არ გადაცილებია“.
ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ხატისაშვილიც აღნიშნავს, რომ 5,5-ქულაზე ნაკლები ბარიერი წარმოუდგენელია.
„საერთოდ ზღვრის გადალახვა იმას ნიშნავს, რომ ელემენტარული რაღაც იციან და ძალიან მარტივ დავალებებზე შეუძლიათ პასუხის გაცემა. ამაზე დაბალი ზღვარი წარმოუდგენელია. შარშან საკმაოდ დაბალი რიცხვი იყო ჩაჭრილების. 5%-ზე დაბალი იყო. საერთო პოლიტიკაა ასეთი, რომ ზღვარი არ გაიზარდოს“.
ფიზიკის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის გოგი ჩეჩელაშვილისთვის ეს ზღვარი ძალიან დაბალი და ადვილად გადასალახია.
„ჰუმანიტარული აზროვნების ბავშვებისთვის შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მაინც ძალიან დაბალი ბარიერია. 5% ჩაიჭრა შარშან, არაა ეს დიდი მაჩვენებელი. ვერ აბარებენ იმიტომ რომ, დიდი ხანია, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ძალიან დაბალ დონეზეა საქართველოში. თუმცა ვინც ჩაიჭრება მეთერთმეტე კლასში, მას მეთორმეტე კლასის ბოლოს, გამოცდაზე მეორედ გამოსვლის შანსი ეძლევა ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია და ბიოლოგიის საგნებში,“- განაცხადა გოგი ჩეჩელაშვილმა.
ბიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელს აივენგო შათირიშვილს მიაჩნია, რომ ნებისმიერმა აპლიკანტმა უნდა შეძლოს ამ დაბალი ბარიერის გადალახვა.
„თუ ჩვენ საზღვარგარეთის ქვეყნებს ავიღებთ, იქ საგამოცდო ზღვარი საკმაოდ მაღალია. თუ შარშანდელ მონაცემებს დავეყრდნობით, ჩვენთან ბიოლოგიაში დაახლოებით ვერ გადალახა ზღვარი 4,5 % -მა. ასეთ დაბალი ზღვარს მაინც რომ ვერ ლახავენ მოსწავლეები, იმის ბრალია, რომ არ ემზადებიან სერიოზულად გამოცდებისთვის“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს აივენგო შათირიშვილმა.
ყველა ინფორმაცია გამოცდების შესახებ
რამდენ კითხვაში შეგვიძლია დავასრულოთ ,,CAT“-ის ტესტი?! – ინტერვიუ საგამოცდო ალგორითმის შემქმნელთან
ცისანა არის© შერგილაშვილი