მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის ორგანიზებით, კვირეული ჩატარდა, მოეწყო შემეცნებითი აქტივობები, გაიმართა სამეცნიერო კონფერენციები.
მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა:
- ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის II საერთაშორისო კონგრესი (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სემეკი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნექმეტინ ერბანაკის უნივერსიტეტი, თურქეთი და სხვა);
- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“ (ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით);
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო პროექტების პრეზენტაცია – „მომავალი მეცნიერები“;
- სტუდენტური აქცია „იფიქრე როგორც მეცნიერმა“;
- ონლაინვიქტორინა „მეცნიერება და ჩვენ“.
ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის II საერთაშორისო კონგრესზე INESEC 25 წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და აქტუალური მოსხენებები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ელექტროენერგეტიკული მრეწველობის ტექნოლოგია; ენერგეტიკის რეგულირება და პოლიტიკა; ენერგეტიკის ეკონომიკა და მენეჯმენტი; განახლებადი და მწვანე ენერგეტიკა; ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა; ენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობები.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ნეჯმეტინ ერბაკანის უნივერსიტეტი (თურქეთი). ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართველოდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.
კონგრესი გახსნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ, მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანმა ომარ კიკვიძემ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ომარ ზივზივაძემ. გამომსველებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთანამშრომლობის, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, რის საშუალებასაც იძლევა სამეცნიერო კონფერენციებისა და კონგრესების ორგანიზება.
უნივერსიტეტის რექტორატის მხარდაჭერითა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით – „ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში”.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა მომხსენებელმა საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან თუ სამეცნიერო ცენტრიდან. მონაწილეთაგან აღსანიშნავია შემდეგი ინსტიტუციები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალაბამა-ბირმინგემის უნივერსიტეტი (აშშ), რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი (თურქეთი), ყარსის კავკასიის უნივერსიტეტი (თურქეთი), გირესუნის უნივერსიტეტი (თურქეთი), შირაზის უნივერსიტეტი (ირანი).
კონფერენცია გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ს. კუპრაშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: უნივერსიტეტის რექტორი პროფ. შ. კირთაძე, რექტორის მოადგილე ასოც. პროფ. ე. გაჩეჩილაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გ. ჭიღვარია. პლენარულ სხდომაზე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ პროფ. ა. ნიკოლეიშვილი, პროფ. ნ. კაკაურიძე, პროფ. ჯოზეფ ვუდი (აშშ).
სტუდენტთა სამეცნიერო პროექტების პრეზენტაციაში – „მომავალი მეცნიერები“ მონაწილეობა მიიღეს საინჟინრო-ტექნიკური და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა და აკადემიურმა პერსონალმა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ, საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანმა ომარ კიკვიძემ და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა ნესტან კუტივაძემ.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს სხვადასხვა კვლევითი პროექტები და მოხსენებები ინოვაციური თემატიკით, მათ შორის თბოსაიზოლაციო მასალების, სამშენებლო ტექნოლოგიების, ენერგოაგრეგატების დიაგნოსტიკისა და ხელნაწერი ტექსტების მიხედვით სქესის დიფერენცირების მოდელის საკითხებზე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აკადემიურ საზოგადოებასა და სტუდენტებს მიულოცეს მეცნიერების საერთაშორისო დღე თვალსაჩინოებებით, მათ შორის სპეციალურად შექმნილი სანიშნეებით. სტუდენტურმა აქციამ, სლოგანით “იფიქრე როგორც მეცნიერმა” კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მეცნიერების მნიშვნელობა და ახალგაზრდების როლი საზოგადოების პროგრესში.
13 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მოეწყო ონლაინვიქტორინა „მეცნიერება და ჩვენ“, რომლის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
უნივერსიტეტის ხედვით, მეცნიერება არა მხოლოდ ცოდნის წყაროა, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, საზოგადოების განვითარებისა და მომავლის ფორმირების მძლავრი ინსტრუმენტი. სამეცნიერო პროგრესი და კრიტიკული აზროვნება განაპირობებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მეცნიერების ფესტივალი 2025“ ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი



