GE

მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში და საგანმანათლებლო სფეროს როლი მის განვითარებაში

მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომლის დროსაც დავაში ჩართული ორი მოდავე მხარე, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მესამე პირის, მედიატორის ჩართულობით, დავას აგვარებს უმტკივნეულოდ, მორიგების გზით.

მედიაციის ინსტიტუტი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, სადაც საკანონმდებლო გზით აღიარება ჰპოვა 2019 წლის 18 სექტემბერს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მედიაციის შესახებ“.

ნებისმიერი დარგისა თუ ინსტიტუტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს განათლების სისტემა. ამ მხრივ არც მედიაციის ინსტიტუტია გამონაკლისი და მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, 2020 წლის სექტემბრიდან კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესთავაზა განახლებული, ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია მედიაციის მოდული.

ამ თემაზე ვესაუბრეთ ილიაუნის სამართლის სკოლის კურიკულუმის ექსპერტსა და ERASMUS+ პროექტის „Mediation: training and society transformation / MEDIATS“ კოორდინატორს ილიაუნის მხრიდან სალომე გაგნიძეს, ასევე ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს და ამავე სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს კოტე ჩოკორაიას.

ქალბატონო სალომე, რა არის მედიაცია?

მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომლის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებს შეუძლიათ მთელი პროცესის განმავლობაში თავისუფლად და თუნდაც არაფორმალურ გარემოში გაცვალონ ინტერესები და ემოციები, რაც ეხმარება მათ კონსენსუსის მიღწევაში. მედიატორის როლი კი ამ პროცესში არის ის, რომ მოუსმინოს მხარეებს, მისცეს თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება და მედიატორისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ტექნიკის მეშვეობით დაეხმაროს მათ გადაწყვეტილების მიღებაში. მედიაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური განმასხვავებელი დავის განხილვის კლასიკური საშუალებებისგან სწორედ ისაა, რომ გადაწყვეტილებას იღებენ თავად მხარეები და და ამ დროს მედიატორი პასიურია.

როდის დაინერგა მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში?

ქართული საზოგადოებისთვის მედიაცია, როგორც დავის მოლაპარაკების გზით მოგვარების საშუალება, ნოვაციაა. მან საკანონმდებლო გზით აღიარება მოიპოვა 2019 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ „მედიაციის შესახებ“კანონის მიღების შემდეგ.

ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი 2018 წელს შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS+ ის პროექტს „Mediation: training and society transformation / MEDIATS“, მოგვიყევით პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე?

დიდია მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ინტერესი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც. საქართველო, კერძოდ ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი, 2018 წელს შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS+ პროექტს „Mediation: training and society transformation / MEDIATS“, რომლის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა, ინსტიტუტის პოპულარიზაცია და მასზე ცნობადობის გაზრდა ფართო საზოგადოებაში (პროქტზე ინფო). ამ პროექტით გათვალისწინებულია მედიაციის ინსტიტუტის დანერგვა როგორც საგანმანათლებლო სფეროში, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და მედიაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა.

როგორ ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტით გათვალისწინებულ ზემოხსენებულ აქტივობებს?

ილიაუნის სამართლის სკოლამ 2020 წლის სექტემბრიდან კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესთავაზა განახლებული, ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია მედიაციის მოდული. მის ფარგლებში სტუდენტებს ვთავაზობთ მედიაციის მიმართულების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს. (დეტალური ინფო მოდულზე)

ბატონო კოტე, უფრო ვრცლად გვესაუბრეთ განახლებული პროგრამის შესაძლებლობებზე სტუდენტებისათვის.

განახლებული სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სიღრმისეულად დაეუფლონ როგორც სამართლის სავალდებულო და არჩევით კურსებს, ისე მედიაციისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს. ბევრი საინტერესო და ინოვაციური სასწავლო კურსის გარდა, მედიაციის მოდულზე რეგისტრირებულ სტუდენტებს შეუძლიათ, დაესწრონ როგორც ქართველი, ისე უცხოელი, MEDIATS-ის პროექტის პარტნიორი ექსპერტების, ლექციებს, რათა მიიღონ მეტი ინფორმაცია და გაიღრმაონ ცოდნა მედიაციის ინსტიტუტის შესახებ. მოდულზე რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის ფარგლებში სტაჟირება გაიარონ ესპანეთსა და ნიდერლანდებში.

დამატებითი მოტივაციისთვის ილიაუნის სამართლის სკოლა მედიაციის მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მაგისტრანტებს სამართლის მაგისტრის დიპლომთან ერთად გადასცემს მედიაციის მოდულის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

სამართლის სკოლის მონაწილეობა მედიაციის ინტიტუტის განვითარებაში მხოლოდ მოდულის შექმნით არ შემოიფარგლება, ის ასევე აქტიურად არის ჩართული მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის ინტენსიურად თანამშრომლობს ახლადშექმნილ საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან, რომელთანაც თანამშრომლობის მემორანდუმის და ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი აქტივობა, მაგალითად, მედიატორთა ტრენინგი, მოკლე ტრენინგკურსი მედიაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, საჯარო ლექციები როგორც მედიაციის მოდულზე რეგისტრირებული მაგისტრანტებისთვის, ისე ზოგადად დაინტერესებული პირებისთვის. ასეთი თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებები ასოციაციასთან ერთად იგეგმება სამომავლოდაც. ასევე სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებმა დაწერეს არაერთი სტატია მედიაციის თემაზე, რომელიც კრებულის სახით გამოიცა და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის ელექტრონულად ბმულზე.

კრებული ძალიან მალე, მატერიალური ფორმითაც განთავსდება სხვადასხვა ბიბლიოთეკაში და მის გაცნობას მკითხველიც შეძლებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა საქართველოდან ვინ არისპროექტში ჩართული და ჰყავს თუ არა პროექტს საერთაშორისო პარტნიორები?

ილიაუნის სამართლის სკოლის გარდა პროექტის მონაწილეა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულნი არიან ასევე ქვეყნები, რომლებშიც მედიაცია განვითარების შედარებით მაღალ საფეხურზეა და არსებობის გრძელი ისტორია აქვს, მაგალითად ნიდერლანდების სამეფო, ლატვია და ესპანეთი. პროექტში მონაწილეობენ ასევე აზერბაიჯანი და უკრაინა,სადაც ეს ინსტიტუტი ახლა იკიდებს ფეხს.

როგორია სამართლის სკოლის გეგმები ზემოხსენებულ პროექტთან დაკავშირებით?

პანდემიის მიუხედავად სამართლის სკოლა MEDIATS პროექტის ფარგლებში გეგმავს არაერთ საინტერესო ღონისძიებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში და გაზრდის საზოგადოების ინტერესს მის მიმართ. სამომავლო აქტივობების შესახებ დაინტერესებულთ ეტაპობრივად მიეწოდებათ ინფორმაცია ჩვენი ვებგვერდისა და ფეისბუქგვერდის საშუალებით.

ილიას სახელმწიფო უნივეერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური