GE

„მეორე სემესტრში სწავლას კიდევ უფრო გაუმჯობესებული მეთოდით დავიწყებთ“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შთამბეჭდავი სტარტი

„ჩვენი ამოცანაა, რომ სტუდენტთა რაოდენობა ყოველ წელს გავზარდოთ“ – ეს იმ უნივერსიტეტის რექტორის სიტყვებია, რომელმაც ფუნქციონირება ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს, პანდემიის პირობებში დაიწყო. თუმცა, ამის მიუხედავად, არა მხოლოდ გამოწვევებს გაართვა თავი, არამედ შემდეგ სემესტრს განვითარებით, სიახლეებითა და ამბიციური სამომავლო გეგმებით ხვდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს შორის მოწინავე ადგილი უკვე დაიკავა. იგი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). უნივერსიტეტის საოპერაციო მოდელი შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-სთან პარტნიორობით და TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი მისი საპატიო პრეზიდენტია.

2020 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტმა სტუდენტები სამ აკადემიურ პროგრამაზე მიიღო, რომლებიც TUM International-თან თანამშრომლობით შემუშავდა. სამივე პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სტუდენტებს, რომელთაც უცხო ენაზე სწავლასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები ექმნებათ, უნივერსიტეტი ყველანაირ პირობას სთავაზობს ენის ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად – პირველ თვეებში მათ ქართველი პროფესორები და ბრიტანეთის საბჭო ეხმარება, რომლის ორგანიზებითაც, უნივერსიტეტში ინგლისური ენა ისწავლება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მათ გზას გაუხსნის საერთაშორისო კომპანიებისაკენ და დასაქმებაში დაეხმარება.

EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე თევზაძე პანდემიის პირობებში გატარებულ პირველ სემესტრზე საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, უნივერსიტეტმა სემესტრის ღირსეულად ჩამთავრება და სტუდენტებისთვის ყველანაირი პირობის შეთავაზება შეძლო.

ალექსანდრე თევზაძე: ჩვენთან სწავლა დაიწყო ისე, როგორც მთელ ქვეყანაში – პანდემიის პირობებში. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს – უნივერსიტეტს სტუდენტური საცხოვრებელი გააჩნია. ამ დრომდე სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს ლექციები და ძირითადი საკონტაქტო საათები ონლაინ უტარდებოდათ, პრაქტიკული სამუშაო კი – აუდიტორიაში. რამდენიმე დღის წინ კი, ისევე როგორც ყველა უმაღლესი სასწავლებელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც სრულად დისტანციურ სწავლაზე გადავიდა.

სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის საცხოვრებელში ცხოვრობს და ონლაინ სწავლებას იქიდან უერთდებოდა. მართალია მათ ლექციები ონლაინ ჰქონდათ, მაგრამ ამ დრომდე, სრულად დისტანციურზე გადასვლამდე, საკონსულტაციო საათების დროს და თუნდაც გარეთ, კამპუსის ტერიტორიაზე, მათ შეეძლოთ პროფესორებს უშუალოდ შეხვედროდნენ, არაფორმალურ გარემოში ესაუბრათ, რაც უმაღლესი განათლების სივრცეში შემოსვლაში ძალიან დაეხმარათ. ამას აჩვენებს ახალგაზრდების ყველა გამოკითხვა. ვფიქრობთ, რომ როდესაც სტუდენტები საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ და სასწავლო პროცესში იქიდან ერთვებიან, შესაძლოა ონლაინ სწავლება ასე გაცილებით უკეთესი იყოს. ამ მხრივ, მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობამ გარემოში ადაპტირება შეძლო.

ჩვენთან გამოწვევაა არა მხოლოდ ის, რომ ონლაინ სწავლებაა, არამედ ისიც, რომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ანუ, მათ ინგლისურ ენაზე სწავლასთან შეჩვევაც მოუწიათ. ასევე ისიც, რომ უცხოელი პედაგოგების სწავლების მეთოდი, შეფასების ნაწილშიც და პროცესის წარმართვის ნაწილშიც, ქართველი პროფესორებისგან მცირედით განსხვავდება. განსაკუთრებით, TUM-ის მოდელი, რომელიც ჩვენთან გერმანელი პროფესორების მიერ ხორციელდება, გარკვეულ კომპონენტებში განსხვავდება იმ შედარებით რბილ სტანდარტებთან, რასაც ჩვენი ახალგაზრდები არიან მიჩვეულები. თუმცა, ამ გამოწვევის მიუხედავად, გვიხარია, რომ სტუდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ადაპტაცია მოახერხა, ისინი შეეჩვივნენ ჰიბრიდულ მეთოდსაც, ინგლისურ ენაზე სწავლასაც, დისტანციურ სწავლებასაც და ვფიქრობ, რომ სტუდენტური გამოცდილებაც საკმაოდ კარგი აქვთ.

– სტუდენტების რა ნაწილი ცხოვრობს კამპუსში და რა უპირატესობა აქვს კამპუსში ცხოვრებას?

– პანდემიამდე დაგეგმილი იყო, რომ სტუდენტებს შევთავაზებდით სტუდენტურ საცხოვრებელს, რომელშიც საკმაოდ დიდი ზომის ოთახებია. იქნებოდა ერთ, ან ორადგილიანი ოთახები. შესაძლებელი იქნებოდა ქალაქიდან სიარულიც, ვინც ახლოს ცხოვრობს. კოვიდ რეგულაციების გამო მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი ოთახები შევთავაზეთ. ჩვენთან 246 სტუდენტია და დაახლოებით 150-ზე მეტმა კამპუსში ცხოვრება აირჩია. ის სტუდენტებიც, რომლებიც ლექციებზე ქალაქ ქუთაისიდან დადიოდნენ, დროთა განმავლობაში გამოხატავდნენ სურვილს, რომ კამპუსში გადმოსულიყვნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრება აკადემიურ პროცესს ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიურ ნაწილში, არამედ იმაშიც, რომ ახალგაზრდა ეჩვევა დამოუკიდებელ ცხოვრებას, თავისი დროის დაგეგმარებას, რასაც, საერთო ჯამში, დადებითი გავლენა აქვს მის სასწავლო შედეგებზეც.

– ერთ-ერთ უპირატესობად ალბათ ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ ყველა სტუდენტს არ აქვს სახლში განცალკევებული სამუშაო სივრცე და მოწყობილობა, რომლითაც ის დისტანციურ ლექციებზე ჩართვას შეძლებს. გარდა ამ ყველაფრისა, კიდევ რას სთავაზობთ მათ სტუდენტური საცხოვრებელი?

– რა თქმა უნდა, ყველას არ აქვს შესაძლებლობა იზოლირებული სივრცე ჰქონდეს. ჩვენ ახალგაზრდები უზრუნველვყავით საუნივერსიტეტო ლეპტოპებითა და ყველაფერი იმით, რაც მათთვის სასწავლო გარემოს შესაქმნელად იყოს საჭირო. გარდა ამ ყველაფრისა, ახალგაზრდებს თავიანთ თავზე ზრუნვა უწევთ, რაც ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებაში ასევე ეხმარებათ.

კამპუსი ახალგაზრდებს ბევრ რამეს სთავაზობს, თუმცა, პანდემიის პირობებში ვერ შევძელით სპორტული დარბაზის გახსნა და სხვა ანალოგიური სერვისებიც, ჯერჯერობით, შეფერხებულია. ამის მიუხედავად, სტუდენტები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, დამოუკიდებლად ამზადებენ საჭმელს, დამოუკიდებლად აწესრიგებენ თავიანთ ტანსაცმელს, გეგმავენ შეხვედრებს, ჯგუფურ თუ კერძო მუშაობას და ა.შ. ვფიქრობ, რომ თვითორგანიზების ნაწილში, ეს ახალგაზრდებს ძალიან ეხმარება.

– უნივერსიტეტში უცხოელი პროფესორ-მასწავლებლებიც ასწავლიან. როგორ მოხერხდა და მოხერხდა თუ არა საერთოდ მათი ქვეყანაში ჩამოყვანა?

– უცხოელი პროფესორების ჩამოყვანა ორ ტალღად გვქონდა დაგეგმილი. მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების 3 პროფესორი აგვისტოს ბოლოს ჩამოვიდნენ. მეორე ტალღის – მენეჯმენტის პროფესორების ჩამოყვანა კი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გვინდოდა, მაგრამ ეს უკვე ვეღარ მოხერხდა. ანუ, რამდენიმე პროფესორი სტუდენტებს აქედან, ქუთაისის კამპუსიდან ასწავლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება იყო, ხოლო რამდენიმე მათგანი ჯერჯერობით გერმანიიდან ასწავლის. ის პროფესორები, რომლებიც აქ არიან, დეკებრის ბოლოს ქვეყანას დატოვებენ. მეორე სემესტრში კი ყველა მათგანი შემოგვიერთდება. იმედი გვაქვს, რომ პანდემიის პირობები შეიცვლება და 1 მარტს სწავლას აუდიტორიებში დავიწყებთ.

– ახსენეთ, რომ უცხოელი პროფესორების სწავლებისა და შეფასების მეთოდი განსხვავებულია იმისგან, რასაც საქართველოში ვართ მიჩვეულები. რა იგულისხმება ამაში?

– მოგეხსენებათ, ჩვენთან TUM-ის მოდელი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელია განხორციელებული. ბევრი დეტალია განსხვავებული, მაგრამ პრინციპული განსხვავება, რაც თვალშისაცემია, ისაა, რომ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზე, რომლის ანალოგსაც ვანხორციელებთ ჩვენ, ბევრია ისეთი სტუდენტი, ვინც პირველი სემესტრის შემდეგ სხვა პროგრამაზე გადადის. ეს იმიტომ, რომ მათ პროგრამის დაძლევა ვერ შეძლეს. ასეთი სტუდენტების რაოდენობა, დაახლოებით, 35-40 პროცენტია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ანუ, ესეთი შოკური თერაპიის ტიპის სწავლებაა და სტუდენტები, რომლებიც პროგრამაში ჩართვას ვერ ახერხებენ, მას ტოვებენ.

ამისგან განსხვავებით, ჩვენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სტუდენტების რიცხვი, რომლებიც პროგრამას ვერ დაძლევენ და პირველი სემესტრის მერე ტოვებენ, გაცილებით დაბალია. გერმანელი პროფესორებისთვის მისაღებია, რომ სტუდენტებმა, რომლებიც გამოცდას დამაკმაყოფილებლად ვერ წერენ, პროგრამა დატოვონ. ისინი ფიქრობენ, რომ სიმკაცრეში გარკვეული აკადემიური ფასეულობაა. ჩვენთან კი პროფესორები ცდილობენ ახალგაზრდებს მაქსიმალურად დაეხმარონ. გერმანელებიც ცდილობენ, მაგრამ ახალგაზრდისგან საპასუხო ნაბიჯებსაც მოითხოვენ. ჩვენთან სტუდენტი რომც არ დგამდეს საპასუხო ნაბიჯებს, ქართველი პროფესორები მიჩვეულები ვართ მათთვის მეორე, მესამე და მეოთხე შანსის მიცემას, რასაც გერმანელები ნაკლებად აკეთებენ. ახალგაზრდებს ვუხსნით, რომ თუკი პროფესორი მისკენ ნაბიჯს დგამს, თავადაც უნდა შეეცადოს და ანალოგიური ნაბიჯები გადადგას. მეორეს მხრივ, ჩვენთან ქართველი პროფესორებიც არიან რომლებიც ახალგაზრდებს ამ გარემოში შემოსვლაში ეხმარებიან.

რამდენად შეძლეს ქართველმა სტუდენტებმა ამ მეთოდისთვის ფეხის აწყობა?
საბოლოო სურათი მას შემდეგ გვექნება, რაც პირველი სემესტრი დასრულდება და სტუდენტები გამოცდებს ჩააბარებენ. თუმცა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან გაცილებით დაბალი იქნება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც ამა თუ იმ პროგრამის დაძლევა ვერ შეძლეს და ამის გამო სხვაგან მოუწევთ გადასვლა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მათ ვუხსნით, რომ სისტემა უფრო მკაცრია, პროფესორები უფრო მომთხოვნები არიან და ასევე პროფესორებსაც ვუხსნით, რომ ჩვენი ახალგაზრდები უფრო რბილ სისტემას არიან მიჩვეულები. ნებისმიერ შემთხვევაში, უნივერსიტეტში დაგეგმილია, რომ პირველი წელი, პირველი ორი სემესტრი ადაპტაციის პერიოდი უნდა იყოს. მეორე კურსიდან ისინი TUM-ის სტუდენტებს უნდა გაუტოლდნენ. ამიტომ, პირველი ორი სემესტრი გარდამავალი პერიოდია, ახალგაზრდები გერმანულ, ევროპულ სისტემას სწავლობენ, ასევე სწავლობენ საგნებს და იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს წარმატებით მოახერხებენ.

– რამდენიმე დღეა სრულად ონლაინ რეჟიმზე გადახვედით. რას უშლის ეს ხელს? როგორ მოხერხდება პრაქტიკული სამუშაოების ონლაინ შესრულება?

– მოგეხსენებათ, საქართველოში ყველა უნივერსიტეტი მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დავნერგეთ სისტემა, როდესაც, დისტანციური სწავლების მიუხედავად, ყველა საკონტაქტო ფორმა, რომელიც სტუდენტსა და პროფესორს შორის არსებობდა, შევინარჩუნეთ. ლექცია და პრაქტიკული სემინარი, რა თქმა უნდა, ონლაინ ტარდება. ამის გარდა, სტუდენტები სარგებლობენ პროფესორის ე.წ. საოფისე საათებით, როდესაც სტუდენტი პროფესორის ოფისში გარკვეული შეკითხვებით მიდის. შესაბამისად, საოფისე საათებიც ონლაინ გადავიყვანეთ და დღის მეორე ნახევარში პროფესორთან ონლაინ კონსულტაციის გავლაა შესაძლებელი. ყველა ამ კომპონენტის გამოყენებით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სტუდენტები ამ სისტემას უკვე რამდენიმე თვეა ეჩვევიან, ვფიქრობ, რომ მათმა უმრავლესობამ მას ფეხი აუწყო. მიგვაჩნია, რომ ონლაინ სწავლების გამოცდილება ახალგაზრდებისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ამ ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე იქნებოდა.

– ანუ, საგნები, რომლებსაც ისინი გადიან, იძლევიან იმის შესაძლებლობას, რომ დისტანციურადაც კი სრულფასოვნად აითვისონ ისინი?

– რაც შეეხება საგნებს, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს სამი საგანმანათლებლო პროგრამა – მათემატიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერებები. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პრაქტიკული სამუშაოები, რომელთაც აუდიტორიაში ჩატარებისას უფრო ინტერაქტიული შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ პრინციპში, ყველა ის საგანი, რომლებიც ამ პროგრამებშია, შესაძლებელია ონლაინ ისწავლებოდეს და ჩვენ ამას ვახორციელებთ.

– როგორც მოსალოდნელია, პირველი სემესტრი ონლაინ დასრულდება და გამოცდების ჩაბარებაც ასევე მოუწევთ. რა კონკრეტული გეგმა, მოდელი და მეთოდი გაქვთ შემუშავებული გაქვთ გამოცდებისთვის?

– დეკემბრის ბოლოს სემესტრს ონლაინ ვასრულებთ და ამისთვის მზად ვართ. სწავლების ფორმატის ცვლილება სემესტრის განმავლობაში ბევრჯერ არც არის რეკომენდირებული. ამიტომ, დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში, მიზანშეწონილია, რომ ახალგაზრდებმა იმ ფორმატით დაასრულონ სწავლა, რა ფორმატითაც ახლა სწავლობენ.

გამოცდებს რაც შეეხება, ონლაინ გამოცდების ფორმატი ჩვენთან უკვე აპრობირებულია. მოგეხსენებათ, ფინალურ გამოცდებამდე შუალედურ გამოცდები ჩატარდა. სწორედ ამ დროს დაინერგა სხვადასხვა საგანში სხვადასხვა ონლაინ მეთოდი. აქ არის ინდივიდუალურ დავალებაზე დროის კონტროლი. ანუ, ყველა ამოცანაზე “ტაიმერია” ჩართული და სხვადასხვა ამოცანისთვის სხვადასხვა დროა გამოყოფილი. რა თქმა უნდა, ეს უფრო აუმჯობესებს ახალგაზრდების სერიოზულ დამოკიდებულებას გამოცდისადმი. ასევე გვაქვს აუდიო და ვიდეო კონტროლის მექანიზმები. ჯერჯერობით, ონლაინ გამოცდის ინსტრუმენტები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშია, საკმაოდ დადებითად მუშაობენ.

– რას აპირებთ მეორე სემესტრისთვის და რა არის თქვენი ალტერნატიული გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ მოლოდინი არ გამართლდა და აუდიტორიებში დაბრუნება კვლავ შეუძლებელი იყო?

– სრულიად ონლაინ სწავლების რეჟიმი ორჯერ გამოვცადეთ. სემესტრის დასაწყისში, სანამ სწავლა დაიწყებოდა, სტუდენტებთან კონსულტაციები მთლიანად ონლაინი გვქონდა, შემდეგ ჰიბრიდული სწავლება იყო, ახლა კი კვლავ ონლაინზე გადავედით. ასე რომ, ყველანაირი გამოცდილება დაგროვილი გვაქვს. არდადეგების პერიოდში სტუდენტებში გამოკითხვას ჩავატარებთ იმის შესახებ, თუ რომელმა სისტემამ იმუშავა კარგად, რაზე აქვთ შენიშვნები და ა.შ. რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს მარტისთვის, სწავლას კიდევ უფრო გაუმჯობესებული მეთოდით დავიწყებთ.

– წარჩინებულ სტუდენტებს რას სთავაზობს უნივერსიტეტი?

– უნივერსიტეტში გვაქვს სტუდენტური გრანტების ფონდი. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ახალგაზრდა, ვინც კარგად სწავლობს და კარგ აკადემიურ შედეგებს აჩვენებს, წავახალისოთ. წახალისება დამატებითი დაფინანსების გამოყოფაში გამოიხატება – კამპუსში ცხოვრების დაფინანსება, საუნივერსიტეტო სტიპენდიის გამოყოფა. 5 საუკეთესო ახალგაზრდას კი, რომელთაც წელს ჩაბარებულთა შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს, რექტორის სტიპენდია ეძლევათ. საუნივერსიტეტო სტიპენდია თვეში 200 ლარს შეადგენს, რექტორის სტიპენდია კი – 400 ლარს.

– რას მოიაზრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფრო შორეული სამომავლო გეგმები? აპირებთ თუ არა სტუდენტთა რაოდენობის გაზრდას?

– აუცილებლად. ჩვენი ამოცანაა, რომ სტუდენტთა რაოდენობა ყოველ წელს გავზარდოთ. ამაზე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი ამოცანაა, რომ უნივერსიტეტში ყოველ წელს მეტი სტუდენტი აბარებდეს. მოგეხსენებათ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩვენთან ინგლისური ენის ბარიერი საკმაოდ მაღალია და ვფიქრობთ, რომ სწორედ ასე, საუკეთესო სტუდენტების მიღების პირობებში არის შესაძლებელი განვითარება. ამიტომ, ბარიერის დაწევას არ ვფიქრობთ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ამ კომპეტენციის დადასტურებას მეტი ახალგაზრდა შეძლებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური