გაფრთხილება აბიტურიენტებს – „მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა“
2018 წლის აბიტურიენტების დიდ ინტერესს იწვევს უგამოცდოდ უმაღლესში მოხვედრის პერსპექტივა. მსგავსი კითხვებით ისინი EDU.ARIS.GE-საც ხშირად მიმართავენ და ინტერესდებიან მართლაც შესაძლებელია თუ არა უგამოცდოდ უმაღლესში სწავლა და შემდეგ ამ სწავლების, კონკრეტულად კი მიღებული კრედიტების აღიარება. აღნიშნულის შესახებ EDU.ARIS.GE–მ მისაღები გამოცდების დასრულების შემდეგ სტატიაც მოამზადა.
საკითზე სპეციალური განცხადება გაავრცელა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმაც და აბიტურიენტები გააფრთხილა.
„იმატა აბიტურიენტების მომართვიანობამ ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსებთან დაკავშირებით. აბიტურიენტები, რიგი დაწესებულებებიდან იღებენ სხვადასხვა შეთავაზებებს.
მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა – ავტორიზაცია.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.
2017 წელს კანონში შესული ცვლილებებით გამკაცრდა და მკაფიოდ განიმარტა თუ რასთან არის დაკავშირებული უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადია ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციას ექვემდებარება ნებისმიერი საგანმანათლებლო საქმიანობა:
ა) რომელსაც თან ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;
ბ) რომელიც მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით;
გ) რომელიც არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი;
დ) რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას.
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- სკოლების ავტორიზაციის საბჭო კიდევ 5 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხს 27 ნოემბერს განიხილავს by ARIS.GE-განათლება
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე