GE

რა პირობებით ჩაირიცხებიან საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოელები – განისაზღვრა სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის მიზეზებიც

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და სწავლების, პერიოდულობა და პირობები განისაზღვრა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით;

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:

1. მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

3. მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

4. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ახალი დადგენილების მიხედვით, 2027-2028 სასწავლო წლიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია, უნივერსიტეტს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი წარუდგინოს, ან საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა ჩააბაროს. ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში კი, პირს სახელმწიფო ენის გამოცდაზე გასვლა მოუწევს.

სავალდებულო გახდა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობა:

  • არანაკლებ B1 დონეზე – ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
  • არანაკლებ B2 დონეზე – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების მიზნით, აპლიკანტმა ან მიმღებმა უნივერსიტეტმა განცხადებით უნდა მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ცენტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირს უნივერსიტეტში რიცხავს განსაზღვრულ ვადებში:

  • 1-ელი თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით;
  • 15 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სწავლის უფლების მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხაც.

თუ პირი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წლის მაქსიმალური კრედიტების ერთ მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს, უნივერსიტეტი ვალდებულია, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩეროს.

თუ პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და გავიდა 90 დღე, ან მან შეწყვიტა/დაასრულა სწავლა, D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა კი სწორედ ამის საფუძველზე ჰქონდა, მას ქვეყანაში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდება.

თუ პირს შეუწყდა საქართველოში ყოფნის ვადა ან/და მის მიმართ მიღებულ იქნა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, უნივერსიტეტს უფლება აქვს, მას სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტოს.

უნივერსიტეტს უფლება აქვს, სტატუსშეჩერებულ პირს სტუდენტის სტატუსი აღუდგინოს, თუ ამის შედეგად აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი ადგილების ზღვრულ რაოდენობას არ გადააჭარბებს.

პირის მიერ სერტიფიკატის წარდგენა და ენის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო 2027-2028 სასწავლო წლიდან იქნება. რაც შეეხება დადგენილების სხვა მუხლებს, ამ მუხლებით გათვალისწინებული სიახლეები ძალაშია 9 სექტემბრიდან და 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქართველოს მთავრობის დადგენილება

ამავე თემაზე:

რა წინაპირობები დაწესდება საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისთვის – ცვლილებები შსს-მ მოამზადა

„უცხოელი სტუდენტებისთვის ენობრივი ბარიერის ცენზი წესდება, სწავლისთვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას კი მთავრობა დაადგენს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური