„მინდა, დირექტორობის ახალგაზრდა მსურველებს, გამოცდის წინ, რაღაცით დაგეხმაროთ“ – ამონარიდები მანანა ჯინჭარაძისგან
მანანა ჯინჭარაძე, მასწავლებელი, ტრენერი
ძალიან მინდა, დირექტორობის ახალგაზრდა მსურველებს, გამოცდის წინ, რაღაცით დაგეხმაროთ. ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ ამ წამს მომაგონდა, რომ რაღაც ინფლუენსერობის მსგავსი პოზიცია შეიძლება მოვირგო და მოკლე ამონარიდები ვწერო განათლების შესახებ, რომელიც თუ დირექტორობაზე არა, – მასწავლებლობაზე, თუ მასწავლებლობაზე არა, მშობლობაზე მაინც დაგეხმარებათ. მოკლედ დაზარალებული არცერთ შემთხვევაში არ ხართ.
ამონარიდი 1. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის მოდელი მოსწავლეზე ორიენტირებული განათლებაა. ამას ჯონ დიუის და პაოლო ფრეირეს სახელს უკავშირებენ. ეს არის მოდელი, როცა სწავლების პროცესის ცენტრში მოსწავლე დგას. მასწავლებელი ფასილიტატორია – ხელს უწყობს სწავლაში, ეხმარება, უქმნის მოტივაციას, პოზიტიურ გარემოს. პიროვნების განვითარების ფსიქოლოგიური თეორიებიდან, ამ ტიპის სწავლება, კონსტრუქტივიზმს ეყრდნობა. კონსტრუქტივიზმის დროს მოსწავლე თავად აგებს ცოდნას შემდეგი მიდგომებით: პრობლემაზე, კვლევა-ძიებაზე, თანამშრომლობაზე, აქტიურ სწავლებაზე დაფუძნებული სწავლებით.
დიუი მოსწავლის გამოცდილებას სცემს პატივს და ამბობს, რომ მან, გამოცდილებასა და შედეგს შორის კავშირი უნდა დაამყაროს. ფრეირეს აზრით, კი მოსწავლე და მასწავლებელი თანაბარია სწავლის პროცესში და ორთავე სწავლობს.
შემდეგი ამონარიდი იქნება ამ მიდგომის პლიუს/მინუსებზე!
ამონარიდი 2. არის საშიშროება, რომ მოსწავლეზე ორიენტირებულმა განათლებამ მასწავლებლის ავტორიტეტი შეამციროს. ამიტომ მასწავლებლის როლის გააზრება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომისას დასაფიქრებელია. მასწავლებლის პროფესიონალიზმის დაკნინებისას სწავლის პროცესი არ შედგება და პროგრესის მაგიერ რეგრესს მივიღებთ. ეს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის საფრთხეა, თუმცა ავტორიტეტული მასწავლებლები ახერხებენ ამის დაძლევას.
ცნობილია, რომ კარგი შედეგებისათვის მარტო ავტორიტეტი არასაკმარისია.
პასი სალბერგი ამბობს, რომ მთავარია კარგად მომზადებული მასწავლებლების სკოლაში მოზიდვა, მათ მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების, განათლების გაზიარება ლოკალურად და გლობალურადაც და მასწავლებლის მონაწილეობის ხარისხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში: სასწავლო პროგრამის შედგენა, სკოლის გაუმჯობესება, პროფესიული განვითარება, – ანუ მაღალი პროფესიული კაპიტალის მისაღებად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური, სოციალური და გადაწყვეტილების მიმღები კაპიტალი.
ამონარიდი 3. ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) მიხედვით სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა და როცა მოსწავლეს ეკითხები რა იცი, გპასუხობს: ,,ვიცი ბარათაშვილის ,,მერანი” და გეუბნება ლექსს ზეპირად ან მოგითხრობს ლექსის შინაარსს.
პროცედურული ცოდნა დინამიკურია და როცა მოსწავლეს ეკითხები, როგორ შეასრულებ/გააკეთებ ამას, გპასუხობს: ,,შემიძლია ,,მერანში’’ ამოვიცნო საკვანძო ფრაზა, გისახელებს ფრაზას ,,რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუდვილდეს’’ და განმარტავს ამ ფრაზის არსს. შეიძლება, საკუთარ დამოკიდებულებებზეც გესაუბროს ან დაგიწეროს ესეს სტილში.
პირობისეული ცოდნაც დინამიკურია და როცა მოსწავლეს ეკითხები, როდის ან რატომ უნდა გამოიყენოს ეს ცოდნა, გპასუხობს: ,,როცა მოძმეს გაუჭირდება, მე ვიქნები პირველი გზამკვალავი, რომ გზა გავუნათო სხვებს, – თანატოლებს, მეგობრებს, ადამიანებს’’ და არა მარტო გპასუხობს, არამედ ქმედებაში გადააქვს საკვანძო ფრაზის არსი, – ღირებულებას მატებს თავს.
ზოგადად, შეფასება რთულია და მით უმეტეს განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს პირობისეული ცოდნის შეფასება(სამივე კატეგორიას მოიცავს).
ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, ვაკვირდებით და ვინიშნავთ მოსწავლის ქმედებას, რომელმაც საკვანძო ფრაზა ქცევაში გადაიტანა: ეხმარება მეგობრებს, ლიდერობს და პირველობს გაუკვალავ/გაუგებარ/ბუნდოვან საქმეებში, იღებს ინიციატივას და ქმნის კარგი, ღირებული ადამიანის ტიპს, საუკეთესო მახასიათებლებით, პასუხობს საგნის სტანდარტის მოთხოვნებს, რომელიც თავის მხრივ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მოთხოვნების შესრულებისაკენ მიისწრაფვის.
ესგ-ის ჯგუფის ინიციატივა შემაჯამებელი გათვლილი იყოს მეორე და მესამე კატეგორიის ცოდნაზე არის დროული, ეფექტიანი და მომგებიანი. რამდენად შეასრულებენ ამ მითითებას მასწავლებლები, განსაზღვრავს შემაჯამებელი დავალებების შინაარსი და დინამიკა. დავალება უნდა იყოს ორიენტირებული ტრანსფერულ უნარებზე სხვადასხვა კონტექსტში, მოქმედებაში, ქცევაში.
ცოდნის სამივე კატეგორია აუცილებელია და ერთი მეორეს არ ანაცვლებს. სამივე კატეგორიის ცოდნაში იღებენ მოსწავლეები უმაღლეს შეფასებას შინაგანი და გარეგანი მოტივატორებით (სწავლის სურვილი, კომპიუტერის მიღება და სხვ.); შესაბამისად, მასწავლებლებიც სამივე კატეგორიის ცოდნისთვის ხარკის გაღებაში (თავისი თავის და მოსწავლის ამ ცოდნებით აღჭურვა) უნდა იღებდნენ უმაღლეს შეფასებას – მენტორის სტატუსს.
მომავალი დირექტორი უნდა ფლობდეს ორივე სეგმენტის შეფასების მექანიზმებს სამივე კატეგორიის ცოდნაში.
წარმატებას გისურვებთ ყველას!
შევხვდებით საგანმანათლებლო სამყაროში!
„ომს იგებენ დედები და მასწავლებლები!“ – მასწავლებლის შეგონება
“შენ გინდა, რომ პირველკლასელივით თვალებში გიყურებდნენ”– მიმართვა მასწავლებლებს
- ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტირების ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- ზოგი უცხო სიტყვის დაწერილობის პრობლემები ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების შედგენისას და არამხოლოდ by გრამატიკული ცნობარი