GE

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

EDU.ARIS.GE მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, მსურს, ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი – სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. დღეს კი, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ, 5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო.

მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ჩვენს გუნდს, ჩემს კოლეგებს, თითოეულ იმ პროფესიონალს, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი! სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნავს გიორგაძე.

აღნიშნულ ფაქტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც გამოეხმაურა.

,,მიშა გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას! რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, – მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიული გადაწყვეტა. ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – უპასუხა ჟურნალისტების კითხვას მიხეილ ბატიაშვილმა მიხეილ გიორგაძის გადადგომასთან დაკავშირებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური