GE

მოსამართლეები პასუხობენ სტუდენტის შეკითხვებს – ღონისძიება გრუნიში

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, გაიმართა გრუნის, USAID-ისა და ორგანიზაციის „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ ერთობლივი შეხვედრა-დისკუსია: „მოსამართლეები პასუხობენ სტუდენტების შეკითხვებს“.

შეხვედრაზე განიხილეს „ქალთა უფლებების რეალიზაცია – სასამართლო პრაქტიკა“.

დისკუსიაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ყველა მიმართულების, მათ შორის, ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებიც. მათ შეკითხვებს პასუხობდნენ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ჯგუფის წევრები, მოსამართლეები:

  • ქეთევან მამაცაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლო;
  • ბადრი ნიპარიშვილი – თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო;
  • ხატია არდაზიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლო.

შეხვედრა გახსნა და განსახილველი საკითხის აქტუალობის შესახებ ისაუბრა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

მოწვეულმა მოსამართლეებმა მოკლედ მიმოიხილეს:

  • ქალთა ქონებრივი უფლებები, საკუთრების უფლების მოპოვება და დაცვა, ქალების ფინანსური დამოკიდებულება ოჯახზე / მამაკაცზე;
  • გენდერული სტერეოტიპები საზოგადოებაში. როგორ მოვახდინოთ გენდერული სტერეოტიპების და გენდერული მიკერძოების ფაქტების იდენტიფიცირება;
  • ოჯახური ძალადობა, სასამართლოს როლი მის პრევენციასა და დაზარალებული ქალების დაცვაში: შემაკავებელი და დამცავი ორდერები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას. სტუდენტებმა მოსამართლეებთან მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და სტუმრებს თავიანთი მოსაზრებებიც გაუზიარეს.

ღონისძიებას უძღვებოდა ორგანიზაციის „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ხელმძღვანელი და გრუნის პროფესორი – ნინო ლიპარტია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური