GE

მოსახლეობის 80.1%-ის აზრით, კარგი განათლებისთვის კარგი ფინანსებია საჭირო, 78.8%-ის აზრით კი – ნიჭი

საქართველოს მოსახლეობის 80,1% მიიჩნევს, რომ კარგი განათლების მისაღებად კარგი ფინანსური მდგომარეობა აუცილებელია. თითქმის იგივე რაოდენობა, 78,8% კი ფიქრობს, რომ კარგი განათლების მისაღებად საჭიროა ნიჭი.

საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის და მოსახლეობის განწყობების შესახებ სოციოლოგიური კვლევა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციასთან  (International IDEA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაატარა.

კვლევაში განათლების საკითხებს კიდევ რამდენიმე შეკითხვა ეხება, გამოკითხულთა 31,6% ამბობს, რომ მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო 36,8% ამბობს, რომ მის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური სრული საშუალო განათლებაა.

გამოკითხვის შედეგები აჩვენებს რეგიონულ უთანასწორობასაც უმაღლესი განათლების მხრივ: საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 24% ამბობს, რომ უმაღლესი განათლების დიპლომს ფლობს მაშინ, როდესაც იგივე კითხვაზე თბილისის მოსახლეობის 50,2% დადებითად პასუხობს.

გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0,5% აქვს სამეცნიერო ხარისხი. 58,9% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში წარმატების მისაღწევად აუცილებელია კარგი განათლება. კითხვაზე – დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით – მოსახლეობის 68,8% პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს.

კვლევის ფარგლებში, 2018 წლის 16-27 ნოემბერში, თბილისსა და რეგიონში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური