მოსწავლეთა რაოდენობა კლასში – საქართველოს რეალობა და სხვა ქვეყნების მაჩვენებლები
TALIS გვიჩვენებს, რომ მასწავლებლის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, განათლების სისტემები ნაკლებად მიმართავენ კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მკვეთრი შემცირების გზას. TALIS-ის კვლევის მიხედვით, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის საგრძნობი ცვლილება 2013 წლიდან 2018-წლამდე პერიოდში არ შეინიშნება თითქმის არც ერთ ქვეყანაში, გარდა სამხრეთ კორეისა, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა კლასში საშუალოდ 6 მოსწავლით არის შემცირებული.
ცხრილზე, სადაც მოსწავლეთა საშუალო რაოდენობაა ნაჩვენები სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველო ბოლო ადგილზეა. საქართველოში კლასში საშუალოდ დაახლოებით 16 მოსწავლე სწავლობს, მაშინ, როცა TALIS-ის საშუალო მონაცემით, კლასში საშუალოდ 25 მოსწავლე სწავლობს. საქართველოს მსგავსი მდგომარეობაა ესტონეთში, სადაც კლასში საშუალოდ 17 მოსწავლეა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ საქართველოში კლასში მოსწავლეთა რაოდენობის დიაპაზონი გაცილებით დიდია, ვიდრე ესტონეთსა და სხვა ქვეყნებში.
კლასში მოსწავლეთა რაოდენობის თვალსაზრისით რა რეალობა გვაქვს საქართველოში ამას კვლევა დეტალურად აღწერს:
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში 5-დან 30-მოსწავლემდე მერყეობს. საქართველოში სკოლის და კლასის ზომის მიხედვით არაერთგვაროვანი მდგომარეობაა, სოფლებში სადაც მოსახლეობა შემცირებულია შეიმჩნევა მოსწავლეების რაოდენობის შემცირება და შედეგად სკოლების დაპატარავების ტენდენცია, ხოლო დედაქალაქის გარკვეულ უბნებში და სკოლებში პირიქით, მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება. შედეგად დიდია როგორც სკოლის, ასევე კლასის ზომა. იდეალურ შემთხვევაში, თუ რამხელა უნდა იყოს სკოლა, რამდენი მოსწავლე უნდა სწავლობდეს სკოლაში და რამდენი მოსწავლე უნდა ესწრებოდეს გაკვეთილს, ყოველთვის განხილვის საგანია.
მკვლევარები სხვადასხვა კვლევის მეშვეობით ცდილობენ სკოლისა და კლასის ზომის დაკავშირებას მოსწავლეთა მიღწევებთან და ოპტიმალური ემპირიულად დასაბუთებული მონაცემის მიღებას სკოლისა და კლასის იდეალური ზომის შესახებ. ზოგადად მიიჩნევა, რომ მცირე ზომის სკოლებში მასწავლებელს უფრო ეფექტურად შეუძლია სწავლება, ვიდრე დიდი ზომის სკოლაში, სადაც გაცილებით რთულია მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური იმუშაოს, გაითვალისწინოს თითოეული მათგანის განსაკუთრებული საჭიროებები, მათი სოციო-ეკონომიკური მახასიათებლები და მოარგოს საკუთარი მიდგომა ბევრ განსხვავებულ ინდივიდს ან ინდივიდთა ჯგუფს. თუმცა ასევე არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მცირე ზომის სკოლებში მოსწავლეთა სწავლება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე დიდი ზომის სკოლებში, რაც პირდაპირ უკავშირდება მოსწავლის სოციო-ეკონომიკურ მახასიათებლებს. ასეთი შემთხვევების განზოგადება და მიღწევებთან პირდაპირ კავშირზე მითითება არასწორი იქნებოდა. კლასის ზომა მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების სუსტი პრედიქტორია საერთაშორისო კვლევებში (მაგ. PISA), თუმცა მიუხედავად ამისა, ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარკვეული სასწავლო აქტივობების მოდერატორი ცვლადი, კერძოდ პატარა ან საშუალო ზომის კლასებში შესაძლოა უფრო ეფექტურად დაინერგოს ინდივიდუალური პროექტები, დიდი ზომის კლასებში კი ჯგუფური სამუშაოები.
ამასთან, საქართველოში გვხვდება ძალიან პატარა კლასები, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 5-ს არ აჭარბებს და ასევე კლასები, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 30-ს აღემატება. ესტონეთში კლასები ამ თვალსაზრისით გაცილებით ერთგვაროვანია, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში დაახლოებით 7-დან 19-მოსწავლემდე მერყეობს. არსებობენ ქვეყნები, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან მაღალია და საშუალოდ 30 მოსწავლეს აჭარბებს, ამ მხრივ გამორჩეულია სამხრეთ აფრიკა, სადაც მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა კლასში 41 ბავშვია. ასევე მაღალია მოსწავლეთა რაოდენობა ზოგიერთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო კვლევებში როგორც წესი მაღალი მიღწევები აქვთ (მაგალითად, სინგაპური (33), იაპონია (30), შანხაი (ჩინეთი) (35)), თუმცა არის რიგი ქვეყნები, რომლებიც კლასში მოსწავლეთა მაღალი რაოდენობით არ გამოირჩევიან, თუმცა საერთაშორისო კვლევებში მათაც მაღალი მიღწევები მიღწევებიაქვთაქვთ ხოლმე (მაგ. ფინეთი(18) და რუსეთი(20)).
როდესაც კლასში მოსწავლეთა რაოდენობაზე ვმსჯელობთ, მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ, ამ მხრივ რამდენად ერთგვაროვანია მდგომარეობა, რამდენად უწევს მასწავლებელს ერთი და იმავე სასწავლო პროგრამით ასწავლოს როგორც დიდ, ასევე მცირე ზომის კლასებს და ორივე შემთხვევაში მიიღოს მაქსიმალურად სასურველი შედეგი.
საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, კლასის ზომა არაერთგვაროვანია და მასწავლებლებს უხდებათ სწავლება სხვადასხვა ზომის კლასებში, ასეთი განაწილების მიხედვით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ამასთან, საქართველოში მოსწავლეთა თითქმის 70% სწავლობს ისეთ კლასში, რომლის მასწავლებელსაც მიაჩნია, რომ კლასის ზომის შემცირება კარგი იქნებოდა. აქედან 35% ისეთ კლასში, რომლის მასწავლებელი ფიქრობს, რომ კლასის შემცირება აუცილებელია. სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც გვხვდება ასეთი განსხვავებები, მაგალითად სამხრეთ აფრიკაში, სადაც კლასში საშუალოდ 41 მოსწავლეა, მათგან პატარა ზომის კლასებში საშუალოდ 20 მოსწავლე მაინც არის. იაპონიაში პატარა კლასში საშუალოდ 17 მოსწავლეა, ხოლო დიდი ზომის კლასში შესაძლებელია იყოს 39 მოსწავლე და მეტი.
სინგაპურში მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა კლასში თითქმის ორჯერ აღემატება მოსწავლეთა რაოდენობას ფინეთში. ამასთან, ორივე ეს ქვეყანა საკმაოდ წარმატებულია და საერთაშორისო შეფასებებში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. ბუნებრივია მასწავლებელთა მხრიდან დიდი და მცირე ზომის კლასების მართვა და წარმატებული სწავლება სხვადასხვა მიდგომებს საჭიროებს. საქართველოში ვხვდებით, როგორც დიდ, ასევე პატარა ზომის კლასებს, ამდენად ორივე ტიპის ქვეყნების მასწავლებელთა კლასის მართვის გამოცდილება შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს. ასევე გასათვალისწინებელია ქვეყნის კულტურული კონტექსტი, რადგან მაგალითად აზიურ ქვეყნებში, იქ სადაც ბევრი მოსწავლეა, კლასის მართვის პრობლემა არ დგას, რადგან მოსწავლეები გაცილებით ადვილად ექვემდებარებიან წესებს და ინარჩუნებენ დისციპლინას.
TALIS-ის, OECD-ის და EU-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კლასში საშუალოდ 23-25 მოსწავლეა, ამასთან დიდი და პატარა კლასები, საშუალოდ 17-19 მოსწავლით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაშინ, როცა 2018 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში დიდ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 30-ს აღემატება, ხოლო პატარა კლასებში 5-მოსწავლემდე მერყეობს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით (მუხლი 17. პუნქტი 4) „2014-2015 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთათვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრებოდა 30 მოსწავლით. მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვებოდა სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; გამონაკლისი მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით“. ამავე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით საჯარო სკოლაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 25 მოსწავლით. კვლევა გვაჩვენებს, რომ სკოლებში არსებული რეალობა შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის 2014 წლის რედაქციის რეალობას, იმდენად, რამდენადაც მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში დიდი ქალაქების შემთხვევაში აჭარბებს 30-ს.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ გამოკითხვაში მონაწილე მასწავლებლების პროცენტული განაწილება მათ სამიზნე კლასებში მოსწავლეთა რაოდენობების მიხედვით გვიჩვენებს, რომ კლასების უმრავლესობაში 6-დან 15-მოსწავლემდეა, თუმცა საკმაოდ მაღალია 25 მოსწავლეზე მეტი რაოდენობით დაკომპლექტებული კლასების მოცულობა (22%). როგორც ვხედავთ, საქართველოში საკმაოდ ბევრია იმ მასწავლებლების წილი, რომელთა სამიზნე კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 5-ს არ აღემატება. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ის ტოლია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მასწავლებელთა განსხვავებულ საჭიროებებს და გამოწვევებს კლასში სწავლების დროს.
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში უნდა აისახებოდეს ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა მასწავლებელთა თვითეფექტიანობის აღქმა, შრომითი საქმიანობით კმაყოფილება, კლასში სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და მათზე დახარჯული დრო, უშუალოდ სწავლა სწავლებაზე დახარჯული დრო, მოსწავლის და მასწავლებლის ერთმანეთთან დამოკიდებულება და ა.შ. თუმცა საქართველოს მონაცემების მიხედვით კლასში მოსწავლეთა რაოდენობასა და ამ სიდიდეებს შორის კორელაცია არ შეინიშნება.
კლასში მოსწავლეთა რაოდენობასთან ერთად, სასკოლო გარემოს მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის თუ საშუალოდ რამდენი მოსწავლე მოდის ერთ მასწავლებელზე სკოლაში.
საქართველოში ერთ მასწავლებელზე საშუალოდ 7-8 მოსწავლე მოდის, თუმცა საკმაოდ მაღალია გაბნევის დიაპაზონი(21.8) რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კლასში მოსწავლის რაოდენობა, ასევე სკოლაში მასწავლებლების რაოდენობაც საკმაოდ დივერსიფიცირებულია. გვხვდება სკოლები, სადაც ერთ მასწავლებელზე 1 მოსწავლე მოდის და სკოლები, სადაც ერთ მასწავლებელზე 22 მოსწავლეზე მეტი მოდის. სკოლების რაოდენობების პროცენტული განაწილება ამ მაჩვენებლის (1 მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა) მნიშვნელობების სხვადასხვა დიაპაზონის მიხედვით ასეთია:
როგორც ვხედავთ, საქართველოში საკმაოდ მაღალია იმ სკოლების წილი, რომლებშიც 1 მასწავლებელზე საშუალოდ 5 მოსწავლეზე მეტი არაა. ასევე მაღალია იმ სკოლების წილი, რომლებშიც ეს თანაფარდობა10- ს არ აღემატება.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება