GE

14 აგვისტო, 2018

მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლის სტატუსები განისაზღვრა

საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც სკოლაში მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლის სტატუსი უნდა შემოსულიყო, უკვე დამტკიცდა. ზოგადი განათლების შესახებ კანონში განისაზღვრა ვინ შეიძლება იყოს მოწვეული და შემცვლელი სტატუსის მქონე მასწავლებლები და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი.

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, მოწვეული მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

“მოწვეულ მასწავლებელი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს. ამასთან, მოწვეული მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა უნდა იყოს არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

იხილეთ დოკუმენტი

რაც შეეხება შემცვლელ მასწავლებელს, პრეზიდენტის მიერ კანონში მიღებული რიგი ცვლილებების მიხედვით, იგი არის დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელი პირი. შემცვლელი მასწავლებელი შეიძლება იყოს ისეთი პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგნებს იმ შემთხვევაში, თუ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა მასწავლებლით, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებებზე და მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის ახალი გზებზე მუშაობა 2018 წლის დასაწყისში განათლების სამინისტროს ყოფილი მინისტრის მიხეილ ჩხენკელის დროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა დაიწყო.

ახალი სტატუსების შემოღება და მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზების განსზაღვრა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება – ერთის მხრივ, მიღებული ცვლილება მოქმედი მასწავლებლების უკმაყოფილებით იყო გამოწვეული, რომელთა თქმითაც მასწავლებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები რეალურად ხელის შემშლელი იყო ახალი კადრებისთვის, ვინაიდან, 2005 წლიდან დღემდე არც ერთი უნივერსიტეტის მიერ დიპლომში არ იწერებოდა მასწავლებლის კვალიფიკაცია, გარდა დაწყებითი განათლებისა და მეორეს მხრივ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაშიც აღნიშნავდა, რომ რეგულაციების გამო სკოლაში ისეთი კვალიფიციური კადრებიც ვერ შედიოდნენ, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ.

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მიხედვით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის ვალდებულება მოწვეულ და შემცვლელ მასწავლებლებზე არ ვრცელდება.

ამავე თემაზე:

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის

მოთხოვნები, რომლებიც მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მაძიებლებმა უნდა დააკმაყოფილონ – ცვლილება კანონში

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალური მასწავლებელი კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური