მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის
მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების საკანონმდებლო დონეზე გადახედვა დაიწყო. როგორც EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, მათი მხრიდან ცვლილებათა პაკეტი წარდგენილია და მუშაობა განათლების სამინისტროსთან, ასევე პარლამენტთან ერთად უკვე მიმდინარეობს. ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე ასახვა მიმდინარე წელს უნდა მოხდეს.
„ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ასევე პარლამენტთან, რადგან ეს ცვლილება ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებას პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმე სხვა გზა შემოტანილი პროფსიაში შესასვლელად, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს იმ კომპეტენტური ხალხისთვისაც, რომლებიც სისტემის გარეთ არიან და შესაძლებელია იქ წვლილი შეიტანონ სწავლა-სწავლებაში.
„მაგალითისთვის, გვინდა მოწვეული მასწავლებლის სტატუსის გაჩენა და ასევე, გვსურს მაძიებლობის გაჩენაც. ამ პირებსაც ასევე ექნებათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ სკოლაში, უშუალოდ დაიწყონ მუშაობა და ამის პარალელურად განივითარონ კომპეტენციები. ამდენად, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების გამრავალფეროვნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გვგონია, რომ ეს ცვლილებები წელს უკვე შევა კანონში და ბევრად უფრო მოქნილს გახდის იგივე დაქირავების სისტემასაც“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი.
მასწავლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების შესახებ კრიტიკული შეფასებების მოსმენა მასწავლებლებისგან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაშს რამდენიმე დღის წინ მოუწია.
მასწავლებელთა პირველ სამეცნიერო კონფერენციაზე ერთ-ერთმა პედაგოგმა მასწავლებლის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებზე ისაუბრა:
„მასწავლებლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები, რეალურად, ხელის შემშლელია ახალი კადრებისთვის. ვინაიდან, 2005 წლიდან დღემდე არც ერთი უნივერსიტეტის მიერ დიპლომში არ იწერება მასწავლებლის კვალიფიკაცია, გარდა დაწყებითი განათლებისა. ანუ, მოთხოვნა დევს ისეთი, რომ ახალგაზრდა კადრი, რომელსაც განათლება 2004 წლამდე არ აქვს მიღებული სკოლაში ვერ შემოდის და სქემაში ვერ ხვდება. ჩვენ მხოლოდ დროებით შემოვდივართ სკოლაში კვალიფიციური კადრის გამოჩენამდე. არადა, ამ ჩანაწერის გამო რამდენიმე ათასი კადრია, ვინც სქემაში არ (ვერ) არის ჩართული.
“ანუ, პედაგოგის სტანდარტი განსაზღვრავს თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებელი, რომ შემოვიდეს პროფესიაში და სქემაში ჩაერთოს. ჩვენი თხოვნაა, ან ეს მუხლი შეცვალოს ან ის კადრებიც დაემატონ ამ სქემას, რომელთაც განათლება 2004 წლის შემდგომ აქვთ მიღებული და შესაბამისად, ვერ ექნებათ მასწავლებლის კვალიფიკაცია. სტატუსით შევიდნენ, მაგისტრის ან დოქტორის დიპლომით.
„მე დოქტორანტი ვარ, მაგრამ ჩემთვის არც კონფერენციებში მონაწილეობა, არც რესურსის შექმნა, არც კვალიფიკაციის ამაღლება არ აისახება ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. მე საფეხურებს ვერ გავდივარ და ამის გამო პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსიც კი არ მენიჭება. გთხოვრთ იზრუნოთ, რომ ეს ბარიერი მოგვეხსნას“.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ დღეს არსებული რეგულაციები შესაძლოა, შეიცვალოს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ნამდვილად პრობლემატურია და მასწავლებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების გამო არაერთ კვალიფიციურ ფიზიკოსსა თუ ქიმიკოსს ეთქვა უარი სკოლაში შესვლაზე. ამიტომაც, აღნიშნული რეგულაციის გადახედვა მიმდინარეობს და ამ მხრივ ცვლილებები მოსალოდნელია.
„ეს არის საკითხი, რომელსაც არ აქვს მარტივი გადაჭრის გზა, რადგან ჩვენ ვდგავართ, რამდენიმე დილემის წინაშე. პირველი ეს გახლავთ დამატებითი საათებისა და სივრცის არსებობა ახალგაზრდა კადრებისთვის, თუმცა ეს ყველა სკოლას არ ეხება, ვინაიდან კონტრასტული მდგომარეობებია ქალაქისა და სოფლის სკოლებში, სადაც გვაკლია კვალიფიციური კადრი –მიუხედავად ასაკისა და განათლების წლებისა. რა შეიძლება გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით?! – მე ხშირად მიკავშირდებიან კვალიფიციური ფიზიკოსები, ქიმიკოსები, რომლებსაც სურთ პედაგოგოგიური საქმიანობა, მაგრამ 60–კრედიტიანი პროგრამის აუცილებლობა მათ ხელს უშლით სკოლაში შესვლაში.
„ერთის მხრივ, მომუშავე კადრს არ აქვს საშუალება 60–კრედიტიანი სწავლება გაიაროს, რადგან ასეთ შემთხვევაში მან უნდა შეიჩეროს თავისი საქმიანობა სულ მცირე ერთი წლით. ამიტომ არის საუბარი, რომ იყოს გამონაკლისი შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისთვის. თუკი მათ მიერ გავლილი უმაღლესი განათლების პროგრამებში პედაგოგისთვის სულ მცირე კრედიტები მაინც არის გათვალისწინებული, აღნიშნული კადრებისთვის მოხდეს გამონაკლისის დაშვება. ესეც მიმდინარე პროცესია და ბატონ მიხეილ ჩხენკელთან ერთად ამ თემას ვიხილავთ“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.
„ეს ჩვენი, პედაგოგების გულისტკივილია“ – მასწავლებლის კითხვა მარიამ ჯაშს და მისი პასუხი
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება
- თინათინ სადუნიშვილი: „ძალიან მინდა, მეცნიერება საქართველოში რეალურად იყოს პრიორიტეტული“ by გაიციანით მეცნიერი