GE

„მშობლის მთავარი შეცდომა არის შედარება, როდესაც ბავშვს ვადარებთ სხვას“ – ფსიქოთერაპევტის რჩევები მშობლებს

ბავშვები, როგორც ზრდასრული ადამიანები ერთმანეთისგან შესაძლებლობებითა და უნარებით განსხვავდებიან. განსხვავებული უნარების კი ხშირად შურის მიზეზი ხდება. როგორც ფსიქოლოგები აცხადებენ, ეს გრძნობა ადრეულ და მოზარდობის ასაკშივე საკმაოდ გავრცელებულია და ბავშვის განვითარებას სერიოზულ ზიანს აყენებს, ვინაიდან კომპლექსური გრძნობაა და ბევრ ემოციას მოიცავს.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვობაში შურის მაპროვოცირებელი შეიძლება მშობელიც გახდეს, რადგან ხშირია, როდესაც მშობლები საკუთარ შვილებს სხვას ადარებენ, მაგალითად როდესაც მსგავსი შინაარსის წინადადებებს ეუბნებიან: „აი, ის ბავშვი შენზე უკეთ სწავლობს“. მსგავსი გამონათვამები ბავშვში აჩენს შურის მარცვალს, ამიტომ ფსიქოლოგებს მიაჩნიათ რომ ამ შემთხვევაში მშობლისთვის პირველი წესია, რომ არასდროს შეადაროს საკუთარი შვილი სხვას.

ფსიქოთერაპევტი მზიკო დალაქიშვილი: „შური არის საკმაოდ კომპლექსური რეაქციაა. ის შედგება, ბრაზის, სევდის და მოწყენილობისგან. ბავშვს მარტო ამასთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება, ამიტომ მას სჭირდება ადამიანი, რომელსაც გაუზიარებს ამ ემოციებს. უფროსებსაც კი უჭირთ დარდზე, ბრაზზე და წყენაზე საუბარი და ბავშვებისთვის ეს თემები კიდევ უფრო ფაქიზია. მშობელმა უნდა შეძლოს ამ თემებზე ძალიან დელიკატურად ელაპარაკოს და ალაპარაკოს ბავშვი. მოლაპარაკება და დიალოგი არის საუკეთეო საშუალება, როდესაც მკაცრი უარი კი არ არის, არამედ მდგომარეობაში შესვლა და გეზის მიცემა მომავლისკენ“.

როგორც ფსიქოთერაპევტი აღნიშნავს, ბავშვს უნდა დავეხმაროთ იმ ნიჭისა და შესაძლებლობის აღმოჩენაში რაც მას აქვს, სხვასთან შედარებით კი, პირველ რიგში ვუკარგავთ თავის ღირსებას.

„კარგია თუ ბავშვს გავაცნობიერებთ და დავეხმარებით იმის გაცნობიერებაში, თუ რა გამოსდის კარგად. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც არა აქვს რამის ნიჭი და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას ამის გაცნობიერებაში. მშობლის მთავარი შეცდომა არის შედარება, როდესაც ბავშვს ვადარებთ სხვას, პირელ რიგში ვუკარგავთ თავის ღირსების განცდას. კარგია თუ ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ბავშვობაში და გავიხსენებთ რა გვიშლიდა ხელს მიზნის მიღწევაში, ამიტომ საკუთარი ბავშვობის გახსენება არის საუკეთესო საშუალება“, – განაცხადა ფსიქოტერაპევტმა მზიკო დალაქიშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური