GE

„მთავარი მიზანი ადამიანების დახმარებაა“ – 2022 წლის ქართულში უმაღლესქულიანი აბიტურიენტების ფიქრები

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. უკვე ცნობილია ქართული ენისა და ლიტერატურის და ოსურის გამოცდაში აბიტურიენტების მიერ დადებული შედეგები. EDU.ARIS.GE-ს დაკვირვებით, ქართულში უმაღლესი, 60 ქულა არაერთმა აბიტურიენტმა მიიღო და ჩვენ თითოეულ მათგანს ვულოცავთ ამ შედეგს. რამდენიმე მათგანს კი უფრო ახლოს გაგაცნობთ.

დეა კუსიანი თბილისის #77 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და მომავალი დიპლომირებული მედიკოსია. მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უმაღლესი, 60 ქულის აღება შეძლო.

60 ქულა მიიღო გორის #5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა ჭოველიძემაც, რომელიც მომავალი დიპლომატია და ელჩობას გეგმავს.

– ელოდით თუ არა ასეთ შედეგს და რა როგორი იყო შენი ემოცია, შენი ოჯახის წევრების, რა გარემოში გაიგე ქულა?

დეა: 55-ზე მაღალს ველოდი, 57-58-ის იმედი მქონდა, თუმცა მაქსიმალურ ქულაზე იმდენად არც მიფიქრია. ქულის გაგება მარტო მინდოდა, ამიტომ ოთახში შევედი და ისე ვნახე, თუმცა, როცა ეკრანზე 60 დავინახე, ვიკივლე და ტირილი დავიწყე და ამაზე დედაჩემიც შემოვიდა შეშინებული, ეგონა დაბალი ავიღე. შემდეგ იყო ისევ ტირილი, ჩახუტება, ახლობლების ზარები. მოკლედ, ზღვა ემოცია. ვაბარებ სამედიცინოზე, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე.

ლუკა: ასეთ შედეგს გარკვეულწილად არ მოველოდი, რადგან მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ვერ მოვახერხე ეროვნული გამოცდებისთვის საფუძვლიანად მომზადება, საქართველოში არ ყოფნის გამო, ამიტომ, ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო და გასაკვირი იყო უმაღლესი ქულის მიღება. ქულების გამოქვეყნებას იმ დროიდან მოუთმენლად ველოდი, როცა გავიგე, რომ პირველი აგვისტოდან შედეგებს ატვირთავდნენ, განსაკუთრებით, გუშინდელიდან გამიმძაფრდა ლოდინის რეჟიმი, ისეთ მდგომარეობაში ხარ, თან რომ ნერვიულობ და თან მოუთმენლად ელი რა ქულას მიიღებ. დღეს პოსტი შემხვდა, რომ ქულები 10:00 საათზე გამოქვეყნდებოდა. ამან კიდევ უფრო გამიძლიერა სულმოუთმენლობა. როდესაც 10 საათი გახდა, სახლში მხოლოდ მე და დედაჩემი ვიყავით. საბედნიეროდ, naec-ის ვებსაიტი უპრობლემოდ გაიხსნა და უცბად ეკრანზე გამოჩენილ ქულას ვერ ვიჯერებდი, ცოტა ხანი ვამოწმებდი მართლა 60 წერია თუ არა-მეთქი. შემდეგი რამდენიმე წუთი ეიფორიულ მდგომარეობაში ვიყავი, მანამ სანამ ჩემს მეგობრებსა და ნაცნობებს გავუზიარებდი შედეგს.

არჩევანი შევაჩერე საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამააზე, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის ადრეული წლებიდან მსურდა. ყოველთვის ცხადად ვხედავდი დიპლომატიის როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე (და არა მხოლოდ). ჩვენ იმდენად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვცხოვრობთ, რომ გვიწევს ხშირ შემთხვევაში ბეწვის ხიდზე გავლა, როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაზე მიდგება საქმე. ამან ბავშვობიდან დამაინტერესა. ბევრს ვკითხულობდი და ვუყურებდი, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბებულიყავი, მართლა მსურდა თუ არა საერთაშორისო ურთიერთობების სწავლა.

– როგორ გაიხსენებთ უკანასკნელ 1 წელს, რა სირთულეების წინაშე იდექით, წინასაგამოცდოთ როგორი განწყობა გქონდათ და როგორ შეძელით უმაღლესი ქულის აღება?

დეა: ვერ ვიტყვი, რომ ეს წელი მარტივი იყო. ოთხ საგანს ვაბარებდი და ამიტომ ყოველ დღე გაკვეთილები მქონდა, დღეში 2-3 საგანი. იყო ისეთი დღეებიც, როცა უბრალოდ ვეღარ ვამხნევებდი საკუთარ თავს და დანებება მინდოდა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ მქონდა მიზანი, რომლისთვისაც უნდა მიმეღწია. მაქსიმალური ქულის აღებაში, პირველ რიგში, ჩემი მასწავლებელი დამეხმარა, ასევე უამრავი წაკითხული წიგნი და წერის სიყვარული. მხოლოდ ამ წელს 75-მდე საგამოცდო ფორმატის თემა მაქვს დაწერილი და, ვფიქრობ, სწორედ ამ გამოცდილებამ შემიწყო ხელი.

ძალიან მიყვარდა რედაქტირება და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვწერდი. თემის წერის პროცესიც ძალიან კარგი იყო, თუმცა ბევრ დროს საჭიროებდა და, სხვა საგნებთან ერთად, ძალიან დამღლელი ხდებოდა.

ლუკა: გასული აბიტურიენტობის რამდენიმე თვე ჩემთვის ტიპური აბიტურიენტობის დრო არ ყოფილა. ერთი აკადემიური წლით მე-12 კლასში ამერიკაში ვიყავი სასწავლებლად, ამიტომ დიდად ეროვნულ გამოცდებზე არც ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ ვგეგმავდი გამოცდებზე გასვლას. ყველაზე სტრესული გამოცდებამდე დარჩენილი ბოლო თვე-ნახევარი აღმოჩდა, ამ დროს უკვე საქართველოში ვიყავი და მომიწია ნასწავლის გამეორება ან მანამდე არ გავლილის სწავლა. ამ პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი, დრო სწორად გამენაწილებინა და გამოცდაზე ჩასაბარებელი საგნებისთვის თანაბარი დრო დამეთმო, რათა ყველა საგანში შეძლებისდაგვარად დამაკმაყოფილებელი შეფასება მიმეღო. როცა გამოცდები კარს მოგვადგა, თითქმის არც ვნერვიულობდი. ჩემი აზრით, წინასაგამოცდო განწყობა მნიშველოვან როლს თამაშობს შესაძლებლობებისა და ცოდნის ადეკვატურად რეალიზებაში. მცირედი ნერვიულობა გამოცდების წინ ბუნებრივიცაა, თუმცა, მთავარია, ზედმეტი შფოთი არ ახლდეს თან. ჩემს თავს მუდამ ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და გამოცდებზე ისეთი არაფერი შემხვდებოდა, რასაც ვერ დავწერდი და ამან დიდი როლი ითამაშა. ასეთმა მიდგომამ ნაყოფიც გამოიღო და უმაღლესი ქულა მივიღე გამოცდაზე, მაგრამ, მხოლოდ ფსიქოლოგიური მიდგომა ვერაფერს იზამს, თუ სკოლის პერიოდში არ იმუშავებ საკუთარი პიროვნების განვითარებასა და ზრდაზე.

ქართულის გამოცდისთვის მომზადებისას თხზულების წერა იყო ყველაზე საინტერესო და საყვარელი ნაწილი ჩემთვის. ესეები თუ თხზულებები ყოველთვის გაძლევს საშუალებას, შენი შესაძლებლობები ფართოდ გამოავლინო, მითუმეტეს, თხზულება როგორც ტექსტის ანალიზის, ასევე თავისუფალი მსჯელობისა და საკუთარი აზრების გამოთქმის პლატფორმას იძლევა.

– სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალში, როგორია თქვენი წარმატებული კარიერის საუკეთესო მოდელი და როგორ ფიქრობთ, დაიმსახურეთ ეს შედეგი? შრომის გამო უფრო მეტად თუ უბრალოდ, ტესტიც მარტივი იყო და იღბალიც დაგეხმარათ?

დეა: სამედიცინო სფერო ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად რეალიზებული ვიყო. მთავარი მიზანი ადამიანების დახმარება და მათ სიცოცხლეზე ზრუნვაა და ალბათ სწორედ ეს მაძლევს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის მოტივაციას. ვერ ვიტყვი, რომ ტესტი ძალიან მარტივი იყო. როგორც აბიტურიენტები წერდნენ, ბევრმა თემის სათაური კარგად ვერ გაიაზრა. ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანს უფასდება შრომა ადრე თუ გვიან და ჩემი შრომაც ამ ქულით დაფასდა.

ლუკა: რთულია ისაუბრო წარმატებული კარიერის საუკეთესო მოდელზე, რადგან არ ვიცი, რა შეიცვლება მომავალში. შესაძლოა, ჩემი ინტერესების სფერო საერთოდ შეიცვალოს და სრულიად სხვა სფეროში მოვხვდე. ამჟამად, მსურს საფრანგეთში ელჩობა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობებში ჩემი წვლილის შეტანა. მომავალში შეიძლება არა საფრანგეთში, არამედ რომელიმე აღმოსავლურ ქვეყანაში მომინდეს ელჩის კარიერის აწყობა, მაგრამ ამჯერად საფრანგეთს განვიხილავ.

ვფიქრობ, ეს შედეგი დავიმსახურე, თუ ქედმაღლობაში არ ჩამეთვლება. მიუხედავად იმისა, რომ მე-12 კლასი საქართველოში არ ვყოფილვარ, წინა კლასებში ყოველთვის ბეჯითად ვსწავლობდი ყველა საგანს და დროის დიდ ნაწილს ვახარჯებდი. ამიტომ ლოგიკურიც იყო ასეთი შედეგი, საკუთარი შრომის საბოლოოდ ნაყოფი. რაც შეეხება ტესტს, არც ძალიან ძნელი და არც მარტივი არ ყოფილა, ვფიქრობ, საშუალო სირთულის იყო.

– რას ეტყვით 2023 წლის აბიტურიენტებს, რა იქნებოდა თქვენი მთავარი მესიჯი მათთვის?

დეა: ვიცი, რომ ეს პერიოდი ძალიან სტრესული და დამღლელი იქნება, ამიტომ ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბდნენ საკუთარ მიზანში და მისკენ იარონ. არ გაათენოთ ღამეები, როგორც ამას მე ვაკეთებდი. დღეში 1-2 საათით მაინც განიტვირთეთ, ნახეთ მეგობრები, დაისვენეთ. მთელი ამ წლის განმავლობაში უდიდეს ცოდნას შეიძენთ, თუმცა გამოცდაზე მისი მხოლოდ მცირე ნაწილის გამოვლენას შეძლებთ, ამიტომ არ ღირს ამდენ ნერვიულობად.

ლუკა: 2023 წლის აბიტურენტებმა უნდა შეეცადონ, რომ დრო სწორად გაანაწილონ მომზადების პროცეში და არ გაფლანგონ ის, რაც შეუძლიათ მათთვის განმავითარებელი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სწორად ჩამოაყალიბონ თავიანთი პრიორიტებები და შემდეგ აირჩიონ გამოცდაზე ჩასაბარებელი საგნები. მათ, ცხადია, მოუწევთ დიდი დროის დახარჯვა სწავლაზე, თუმცა მუდამ უნდა იფიქრონ იმ სასიამოვნო წუთზე, როცა გამოცდების შედეგები კმაყოფილებას მოჰგვრით. გარდა 2023 წლის აბიტურიენტებისა, მინდა, რჩევა მივცე სკოლის მოსწავლეებს, არ დაელოდონ მე-12 კლასს, რომ მომზადება დაიწყონ. ვფიქრობ, უმაღლესი ქულის აღებას მხოლოდ მე-12 კლასის პერიოდი არ ეყოფა, მას სჭირდება ფუნადამენტი, რომელიც წინა კლასებში უნდა ჩაიყაროს.

– ხომ არ გინდათ, ისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადაუხადოთ ვინმეს?

დეა: პირველ რიგში, მადლობა ჩემს მასწავლებლებს, რომლებმაც მართლა ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ჩვენ სასურველი შედეგი დაგვედო. ასევე მადლიერი ვარ ჩემი ყველა მეგობრის, რომლებიც გვერდში მედგნენ, როცა ცუდად ვიყავი, ვიღლებოდი, ვტიროდი და ვნერვიულობდი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მენტალური ჯანმრთელობა ასე თუ ისე შევინარჩუნე.

ლუკა: ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირველ რიგში, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს იმად გახდომაში, რაც ახლა ვარ. არა მხოლოდ ფინანსური დახმარება, არამედ მორალურ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი მათგან. ასევე, ჩემი სკოლის ქართულის მასწავლებელს ვუმადლი ამ შედეგს და ასევე იმ რეპეტიტორებს, რომლებთანაც შეხება მქონია გარკვეული დროის განმავლობაში.

ჩვენი მესამე რესპონდენტი, ზაზა ელიზბარაშვილი კი, მათემატიკაზე შეყვარებული კომაროველია, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი, 60 ქულა მიიღო.
ზაზას ვკითხეთ ქართულის ცოდნის მნიშვნელობაზე, საკუთარ პროფესიასა და 2023 წლის აბიტურიენტებისთვის გადასაცემ პოზიციაზე:

„პირველ რიგში, ქართულის ცოდნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მშობლიური ენაა და ყველამ უნდა შევძლოთ გამართულად მეტყველება. გარდა ამისა, ქართულის ახალის სტილის თემების წერა გვასწავლის კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის დანახვასა და გადაჭრის გზების ძიებას. პროფესიას რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ კომაროვი დავამთავრე, გასაკვირი არაა, რომ ვაპირებ ჩავაბარი კომპიუტერულ მეცნიერებებზე. მომავალ აბიტურიენტებს კი ვურჩევ, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომონ და დაისახონ მიზნები, რომლებსაც თავიანთი შრომით აუცილებლად მიაღწევენ. ასევე, მნიშვნელობანია, რომ გამოცდების მოახლოებისას არ ინერვიულონ. სწორედ ეს სიმშვიდეა ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, მაქსიმალური ქულისთვის. აბიტურიენტებმა არ უნდა დაუშვან, რომ მთელი წლის ნაწვალები ნერვიულობითა და შიშით წყალში ჩაყარონ.

EDU.ARIS.GE წარმატებებს უსურვებს თითოეულ აბიტურიენტს, როგორც ჩვენი სტატიის გმირებს, ისე მათ, ვისთან გასაუბრებაც ვერ შევძელით.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური