არაერთ ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების 9.1% სერტიფიკატის გარეშე მუშაობს, 6.4%-მა კი პროფესია მიატოვა – OECD
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უახლესი გლობალური ანგარიში – „განათლება ერთი შეხედვით“ (Education at a Glance 2026) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მასწავლებლების გლობალურ დეფიციტზე, რომელიც უკვე კრიტიკულ ზღვარზეა, იკვლევს დეფიციტის გავლენას სხვადასხვა ქვეყანაში და გვიყვება იმის შესახებაც, თუ როგორ შეუძლიათ განათლების სისტემებს ამაზე რეაგირება.
ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სკოლებში არსებული საკადრო კრიზისი, სამუშაო პირობებით უკმაყოფილება და მასწავლებელთა დაბერების ტენდენცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის განათლების ხარისხს მთელ მსოფლიოში.
2026 წლის გამოცემაში წარმოდგენილია უახლესი სტატისტიკა სასკოლო კრიზისების შესახებ, რომლის თანახმადაც, კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში (OECD-ის წევრ ქვეყნებში) დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების 9.1% სერტიფიკატის გარეშე მუშაობს, ხოლო სრულად კვალიფიციური კადრების 6.4%-მა პროფესია საერთოდ მიატოვა. ანგარიშში განსაკუთრებულად ხაზგასმულია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების მწვავე დეფიციტი.
OECD-ის Education at a Glance 2026 წლის ანგარიში მიუთითებს მასწავლებელთა დაბერების პრობლემაზეც და წერს, რომ საშუალო სკოლის ყოველ მეოთხე მასწავლებელს უკვე შეუსრულდა 55 წელი ან მეტი. OECD-ის შეფასებით, აღნიშნული ასაკობრივი დემოგრაფია, მასობრივი პენსიაზე გასვლა უახლოეს წლებში განათლების სისტემებში არსებულ საკადრო დეფიციტსა და გამოწვევებს კიდევ უფრო გაამწვავებს.
OECD აღნიშნავს, რომ მასწავლებელთა ვაკანსიების ოფიციალური მაჩვენებლები სრულად ვერ ასახავს რეალურ კრიზისს, რადგან ქვეყნები ადგილებს არაკვალიფიციური კადრებით ავსებენ.
OECD-ის ანგარიში კრიზისს ასეთი აქცენტებით აღწერს:
საფრთხე განათლების ხარისხისთვის – ანგარიშში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ როდესაც სკოლები იძულებულნი არიან კადრების დეფიციტი არასერტიფიცირებული ან ნაკლებად კვალიფიციური პერსონალით შეავსონ, ეს “პირდაპირ გავლენას ახდენს სწავლის ხარისხსა და მოსწავლეების მიღწევებზე”.
უკმაყოფილება სამუშაო პირობებით: დოკუმენტში მოყვანილია კონკრეტული გამოკითხვები, სადაც ხაზგასმულია, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა უკმაყოფილოა თავისი ანაზღაურებითა და დაბალი სოციალური აღიარებით, რაც ხელს უწყობს პროფესიიდან კადრების გადინებას.
დაბერების ტენდენცია – ანგარიში ოფიციალურ დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით აფრთხილებს OECD-ის წევრ ქვეყნებს, რომ მასწავლებელთა ასაკობრივი სტრუქტურა (განსაკუთრებით 55 წელს გადაცილებული კადრების მაღალი წილი) ქმნის “მყისიერ საჭიროებას ახალი თაობის მოსაზიდად, რათა თავიდან იქნას აცილებული მასობრივი დეფიციტი უახლოეს წლებში”.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უახლესი ანგარიში – „განათლება ერთი შეხედვით“ ასახავს მონაცემებს მსოფლიოს მასშტაბით განათლების სისტემების შესახებ, რომლებიც მოიცავს მოსწრებას, ჩარიცხვას, ფინანსებსა და საგანმანათლებლო სისტემების ორგანიზებას.
საქართველო არ არის OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის, თუმცა ორგანიზაციის ანგარიშში მოცემული საგანმანათლებლო კრიზისები საქართველოს რეალობასაც გვახსენებს იმ სხვაობით, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოთვლილი პრობლემები გაცილებით მწვავედ დგას. მათ შორის, ადგილობრივი ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მასწავლებელთა საშუალო ასაკი გაცილებით მაღალია, ვიდრე OECD-ის წევრ ქვეყნებში.
აი, რას წერს OECD გამოსავლებზე:
“საგანმანათლებლო სისტემებს გააჩნიათ ინსტრუმენტები მასწავლებელთა მიწოდების გასაზრდელად. საგანმანათლებლო სისტემებს შეუძლიათ გახადონ პედაგოგიური საქმიანობა უფრო მიმზიდველი შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ხარჯზე, თუმცა სხვა ასპექტებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მოსწავლეებთან, მშობლებთან და სკოლის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა, სასკოლო ატმოსფერო, პროფესიული ავტონომია და საზოგადოებრივი აღიარება – ყოველივე ეს გავლენას ახდენს მასწავლებელთა კმაყოფილებაზე საკუთარი სამუშაოთი.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში მასწავლებელთა 85% აცხადებს, რომ კმაყოფილია თავისი სამუშაოთი, რაც, ზოგადად, სხვა პროფესიის წარმომადგენელთა მაჩვენებლის მსგავსია. თუმცა, ქვეყნებს შორის სხვაობა საგრძნობია. იაპონიაში, სადაც ვაკანსიების დონე დაბალია, მასწავლებლები 20 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად არიან კმაყოფილნი თავიანთი სამუშაოთი, ვიდრე სხვა პროფესიის მუშაკები. ჩილეში კი, სადაც ვაკანსიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მასწავლებლები 21 პროცენტული პუნქტით ნაკლებად არიან კმაყოფილნი თავიანთი საქმით.
კარგად შემუშავებულ პროგრამებს სხვა პროფესიიდან შემოსული სპეციალისტებისთვის, ასევე შეუძლია პედაგოგიური შემადგენლობის გაფართოება და დივერსიფიკაცია. ავსტრალიასა და ნიდერლანდებში, სადაც საბაზო საფეხურის მასწავლებელთა 15%-ზე მეტი სხვა პროფესიიდან მოსული სპეციალისტია, მოქმედებს მოქნილი პროგრამები, რომლებიც აერთიანებს სამუშაო ადგილზე სწავლებასა და ადრე მიღებული გამოცდილების აღიარებას. თუმცა, ბევრ სხვა ქვეყანაში ასეთი პროგრამები კვლავ შეზღუდული რჩება”.
ასევე იხილეთ:
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება