მთავრობა არ ითვლის, უნივერსიტეტები კი მალავენ რამდენი უცხოელი სტუდენტი დაბრუნდა სასწავლებლად
საქართველოში არსებულ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საკმაოდ დიდი ოდენობა სწავლობს. EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 31 ივლისის მდგომარეობით 12 972– ია. პანდემიით გამოწვეული განათლების სისტემის შეზღუდვები, რა თქმა უნდა, მათაც შეეხო. მეორე სემესტრში, როგორც ყველა სტუდენტი, უცხოელი სტუდენტებიც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ხოლო სემესტრის დასრულების შემდეგ, ზაფხულის პერიოდში, როცა სახელმწიფო რეგულაციები შემსუბუქდა და საჰაერო სივრცე გაიხსნა, ზოგიერთი სამშობლოშიც დაბრუნდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, როდესაც უმაღლესმა სასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განაახლეს, უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს დაბრუნება მოუწიათ, თუმცა სწავლების საფასურის გარდა, კორონავირუსმა მათთვის დამატებითი ფინანსური ვალდებულებები წარმოშვა.
კერძოდ, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, უცხოელი სტუდენტები საკარანტინე სივრცეებში 12 დღე განთავსდებიან. ამასთან, მათ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას თან უნდა ჰქონდეთ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რაც სავალდებულოა. 12-დღიანი კარანტინის ხარჯები უცხოელმა სტუდენტებმა თავად უნდა აანაზღაურონ, ასევე 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება.
ასეთ ვითარებაში არანაკლები საფრთხის წინაშე დადგა უნივერსიტეტის ფინანსური მხარე. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, კორონავირუსით გამოწვეულმა რეგულაციებმა და შეზღუდვებმა რამდენად დააზარალა უნივერსიტეტები, რომელთა შემოსავლის ნაწილი სწორედ უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურია. ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენდა ჩაერთო თუ არა სასწავლო პროცესში ასევე ყველა უცხოელი სტუდენტი 19 ოქტომბრიდან.
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მოცემულმა რეგულაციებმა მათ ფინანსური პრობლემებიც შეუქმნათ და სტუდენტთა მობილობაზეც იმოქმედა, თუმცა ღიად ციფრების გაცხადებისგან თავს იკავებენ და აღნიშნავენ, რომ ზარალი გაცილებით უკეთ სასწავლო წლის ბოლოს გამოჩნდება.
ჩვენი ინფორმაციით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობით, ივლისის თვეში პირველ ადგილზე „ნიუ ვიჟენის“ უნივერსიტეტი იყო (2 383 სტუდენტი).
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში კირა კიწმარიშვილი „ნიუ ვიჟენის“ საერთაშორისო სტუდენტთა დეპარტამენტის უფროსი ამტკიცებს, რომ პანდემიის მიუხედავად, სტუდენტთა რაოდენობის მხრივ და არც ფინანსური თვალსაზრისით განსაკუთრებული პრობლემები უნივერსიტეტს არ შექმნია.
„განსაკუთრებული პრობლემები არ შეგვქმნია, მეორე სემესტრში გადავედით მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან უკვე მათ შევთავაზეთ ჰიბრიდული მოდელი. ჩამოვიყვანეთ ჩვენი სტუდენტები სპეციალური ჩარტერული რეისებით ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით და მათი მხარდაჭერით”, – ამბობს უნივერსიტეტის წარმომადგენელი თუმცა ჩვენთვის ამ შემთხვევაშიც უცნობი რჩება სტუდენტთა განაწილება, გაუგებარია საუბარია ერთ რეისზე თუ მრავალჯერადად განხორციელებულ ფრენაზე.
“ძალინ ბევრი ქვეყნიდან უკვე ჩამოვიყვანეთ სტუდენტები და კიდევ ვგეგმავთ. მაგალითად, მედიცინის პროგრამა აუცილებლად გულისხმობს, რომ სტუდენტი უნდა ესწრებოდეს სალექციო პროცესს. რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, მაგალითად ბიზნესი, პოლიტიკა და ა.შ. ეს უფრო მარტივი პროგრამებია იმ მხრივ, რომ დისტანციურადაც შეიძლება სალექციო პროცესის წარმართვა. რომ გითხრათ, ეს ძალიან კომფორტულია, რა თქმა უნდა, ასე არ არის, მთელ მსოფლიოშია ეს პრობლემა, მაგრამ პარალელს თუ გავავლებთ და სხვა უნივერსიტეტების გამოცდილებას შევხედავთ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მოვახერხეთ რეალობაზე გადაწყობა“, – აცხადებს კირა კიწმარიშვილი.
ის ამბობს, რომ ფინანსური ზარალი უნივერსიტეტს რეგულაციების მიუხედავად არ განუცდია, თუმცა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ სააუდიტორიო სივრცეში დასწრების მაჩვენებელი 19 ოქტომბერს, დამაკმაყოფილებელი იყო. ივლისში ნამდვილად ვიცოდით, რომ “ნიუ ვიჟენის” უნივერსიტეტი ლიდერი იყო უცხოელი სტუდენტების რაოდენობით, თუმცა ამ ეტაპზე უკვე უცნობია არის კი ეს მოცემულობა უცვლელი?! – რადგან უნივერსიტეტი ციფრებზე არ გვესაუბრება.
უცხოელი სტუდენტების რიცხოვნობით გამოირჩევა საქართველოს უნივერსიტეტიც (1323 სტუდენტი).
როგორც EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტში განუცხადეს, ამ მომენტისთვის მათი ათეულობით უცხოელი სტუდენტი საკარანტინე პერიოდს გადის და ამისთვის საჭირო ხარჯებსაც ანაზღაურებს. მათივე თქმით, პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, სტუდენტებიც დაკარგეს და ფინანსურადაც დაზარალდნენ, თუმცა რაოდენობა რამდენი სტუდენტი არ ჩამოვიდა ახალ სასწავლო წელს და 19 ოქტომბერს ვერ დაესწრო სალექციო პროცესს აუდიტორიებში, ჯერ არ იციან.
საქართველოს უნივერსიტეტში ამბობენ, რომ დაწესებული რეგულაციების შესრულება კონკრეტული სტრატეგიის გარეშე მათთვის ძალიან რთული იქნება.
„რა თქმა უნდა, პრობლემები შეგვექმნა, როგორც ყველას. სახელმწიფო გეხმარება სტუდენტების ჩამოყვანაში, თუმცა სახელმწიფო გეგმის, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბუნდოვანება მაინც მთავარ პრობლემად რჩება. რეგულაციების შესრულებაც ძალიან რთულია და კარგი იქნება, თუკი გვქნება ხელთ რაიმე სტრატეგია, რომელიც გაურკვევლობებს აგვაცილებს თავიდან“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი იმედაშვილი.
სამედიცინო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის უცხოელი სტუდენტების რაოდენობით პირველ ადგილზეა. 31 ივლისის მონაცემებით, მათი რაოდენობა უნივერსიტეტში 2 179-ს შეადგენს.
მიუხედავად დიდი ნდობისა და მოლოდინისა, უნივერსიტეტმა ჩვენს კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, ან, უბრალოდ დამალა რეალობა. ჩვენ მცდელობა არ დაგვიკლია, თუმცა უნივერსიტეტში, შეექმნა თუ არა პრობლემები უცხოელი სტუდენტების მხრივ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, როგორია მათი დასწრება სააუდიტორიო სივრცეებში, მაშინ როდესაც უმეტესობა სამედიცინო მიმართულებით სწავლობს და პრაქტიკული სწავლების კურსსაც გადის, როგორია ფინანსური გავლენა უნივერსიტეტისთვის და რამდენად კრიტიკულია უცხოელი სტუდენტების დანაკლისი? – ამ კითხვებზე პასუხის გამცემი არავინ აღმოჩნდა.
ეკონომიკის ექსპერტების ვარაუდით კი, უნივერსიტეტებს რეგულაციებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფინანსური ზარალი ექნებათ, რადგან მათი შემოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილს უცხოელი სტუდენტების მიღება და მათი მობილობა წარმოადგენს.
EDU.ARIS.GE– სთან საუბარში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი პაპავა აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ ჭრილში რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი, რომლებიც უცხოელ სტუდენტებს ეხება. ექსპერტის თქმით, ქართულ ეკონომიკაზე და იმ უმაღლეს სასწავლებლებზე, რომლებშიც უცხოელი სტუდენტები სწავლობენ, მათი ფინანსური გავლენა საკმაოდ დიდია. ამიტომ, თუ ქართული უმაღლესები ვერ შეძლებენ რეალობას მორგებული სწავლების შეთავაზებას, ეს უცხოელი სტუდენტების რიცხვზე და, შესაბამისად, უმაღლესების შემოსავალზეც აისახება.
„როცა უცხოელ სტუდენტებზე ეკონომიკის თვალსაზრისით ვსაუბრობთ, რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი. მაგალითად, პირველი ის, რომ 2016-2017 წლებში, 200 მილიონ ლარის ფარგლებში მერყეობდა ის შემოსავალი, რაც იყო ქართულ ეკონომიკაში უცხოელი სტუდენტების მხრიდან. შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების ნაკადი მნიშვნელოვანია ეკონომიკის მხრივ და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებისთვის, რომლებშიც ისინი სწავლობენ – ზოგისთვის მეტად და ზოგისთვის ნაკლებად, იმის მიხედვით თითოეულ უნივერსიტეტში რა წილი აქვთ უცხოელ სტუდენტებს.
“მეორე საკითხია რომელი ქვეყნებიდან შემოდიან ეს სტუდენტები. ერთი, რომ ბევრია შორეული ქვეყნებიდან ჩამოსული და მეორეა მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები. მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის, ალბათ, ამ შეზღუდვებს მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება, რასაც ვერ ვიტყვით, უფრო შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებზე, როგორიცაა მაგალითად ინდოეთი.
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა სწავლობდა სამედიცინო მიმართულებებზე, სადაც ჩემი შეფასებით უფრო რთულია დისტანციურ რეჟიმში გარკვეული უნარების დაუფლება და ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ინტერესს უცხოელი სტუდენტების მხრიდან. ახლა, როდესაც უნივერსიტეტების უმრავლესობა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით დისტანციური სწავლების როლი იზრდება და ამ მიმართულებით გარემო უფრო კონკურენტული გახდება, შესაბამისად უცხოელ სტუდენტებს ალტერნატივებიც უფრო მეტი ექნებათ. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ განსაკუთრებული შეთავაზებების მიწოდება და ამით ასევე შეძლონ ბაზრის წილის შენარჩუნება”, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
იმის გარდა, რომ უცხოელი სტუდენტები საქართველოში შემოსვლის შემდეგ საკუთარი ხარჯებით გადიან კარანტინს და ასევე ანაზღაურებენ PCR ტესტის ღირებულებას, საზღვრის კვეთისას მათ თან უნდა ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი; ხოლო საქართველოში უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მის დაწესებულებაში ჩარიცხული უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის მიერ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან უზრუნველყოს ასეთი დაზღვევის ფლობა აქტიური სტუდენტური სტატუსის ფლობის სრული პერიოდით.
საგულისხმოა, რომ ჩვენი ინფორმაციით, უცხოელი სტუდენტების უკან დაბრუნების ჭრილში საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს მკვეთრი გარღვევა აქვთ, რაც ასევე განაპირობებს მათ მიერ დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავის არიდებას.
EDU.ARIS.GE -მ კითხვით, სულ რამდენი უცხოელი სტუდენტი ჩამოიყვანეს სპეციალური ჩარტერული რეისებით ამ დროისთვის, ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა უწყებამ ავიაციის სააგენტოში გადაგვამისამართა, სადაც თავის მხრივ განგვიცხადეს, რომ ისინი ზოგადად ფრენებს და მგზავრთა საერთო რაოდენობას ითვლიან და არა მგზავრებს მათი სტატუსის მიხედვით.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება