მწვავე დიალოგი კომიტეტზე – იზრდება თუ არა სექტემბერში მასწავლებელთა ხელფასები, მინისტრის მოადგილემ არ იცის
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, განათლების სექტორის დაფინანსების ზრდასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. ოპოზიციას და უმრავლესობის დეპუტატების ნაწილსაც აქვთ შეკითხვები, რატომ იქნა არჩეული განათლების სფეროსთვის კონკრეტულად მშპ-ს 6% და არა სხვა ციფრი.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ კანონპროექტის წარდგენისას ზოგადად მიმოიხილა სამინისტროს მიერ რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე დაგეგმილი სიახლეები და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.
განსაკუთრებით მწვავე იყო, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ სერგო რატიანის კითხვები, რომელსაც აინტერესებდა კონკრეტულად 2019 წელს თუ იგეგმება პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა, რადგან ამაზე საუბარი იყო. გთავაზობთ დეპუტატის და მინისტრის მოადგილის დიალოგს.
ირინა აბულაძე: ამ განაცხადში (გულისხმობს კანონპროექტს დაფინანსების ზრდის შესახებ) მოაზრებულია 1800-ლარიანი ხელფასის მიღწევა ეტაპობრივად 2020 წლიდან, თუმცა ახლა ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მობილიზდეს თანხა ხელფასების გასაზრდელად.
სერგო რატიანი: ანუ თქვენ ამბობთ, რომ 2022 წელს ამდენი ფული გვექნება და ამდენს გავაკეთებთ და სექტემბრისთვის რა იქნება ჯერ-ჯერობით ვერ ვამბობთ? ახლა ფინანსთა მინისტრი ლაპარაკობს ზემოთ, იქ ვიყავი და იმასაც იგივე კითხვა დავუსვი, მაინც იცოდეთ, აცდენა რომ არ იყოს. (ამ კითხვაზე დეპუტატს ფინანსთა მინისტრისგან პირდაპირი პასუხი არ მიუღია ავტ.).
ირინა აბულაძე: ჩვენ ვთხოვთ ფინანსთა სამინისტროს მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ საიდან მოხდება თანხების მობილიზება, რომ გაიზარდოს ხელფასები.
სერგო რატიანი: რამდენით გაიზრდება, 3 ლარი, 4 ლარი 8 ლარი?
ირინა აბულაძე: 2019 წელს რამდენით გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ვადასტურებ ფაქტს, რომ ამ თემაზე მუშაობა მიდის.
სერგო რატიანი: კარგით, მაშინ 2020 წლიდან რამდენი იქნება ხელფასი?
ირინა აბულაძე: მე ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით კონკრეტულად რა თანხებით იზრდება ხელფასი, თუმცა ვადასტურებ იმას, რომ ნიშნული არის აღებული 2022 წლისთვის, რომ მიიღწევა 1500-ლარიანი საშუალო ხელფასი, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება და ცხადია აქ მოიაზრება სტატუსის მიხედვით დიფერენციაციაც.
სერგო რატიანი: ანუ ჩვენ ვამბობთ 2022-ში რა გვექნება და ვერ ვამბობთ 2020-ში და 19-ში რა იქნება, კიდევ ერთი კითხვა ეხება სტატუსიანი მასწავლებლების უთანასწორო ანაზღაურებას…
ირინა აბულაძე: ჩვენთან შემოვიდა თქვენი ინიციატივა, ვმუშაობთ სქემის ცვლილებაზე, იცით, რომ 2019 წლის ბოლომდე შენარჩუნდება კრედიტების არსებული სისტემა, თუმცა მასწავლებლების პროფესიის რეგულირებაზე ვმუშაობთ, რასაც მაისში წარმოვადგენთ და პრინციპი იქნება ისევ და ისევ ის, რომ მასწავლებელი, რომელიც ატარებს მეტ დროს მოსწავლესთან, ეს შესაძლებელია იყოს როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო ჩვენ ვახსენეთ სკოლის განვითარების ფონდი. ის განვითარების ფონდი უნდა იყოს მიმართული იმაზეც, რომ თუ სკოლას სჭირდება გახანგრძლივებული პროგრამა ეს დაუფინანსოს სამინისტრომ და ამიტომ მასაწვლებლების ხელფასების ნაწილშიც საგაკვეთილო საათებთან ერთად მათ დამატებით ვალდებულებებს შეეხოს. რაც დაახლოებით იგივე შედეგზე შეიძლება გადიოდეს, რაზეც თქვენ საუბრობთ.
სერგო რატიანი: მართლა შევდივარ თქვენს მდგომარეობაში ქალბატონო ირინა, „ქართული ოცნების“ მთავრობას რა ვუთხარი, რომ თქვენნაირ პროფესიონალს უხდება საუბარი ისეთ თემებზე რასთან კავშირიც არ აქვს.
ირინა აბულაძე: მე რასაც ვსაუბრობ მჯერა თითოეული სიტყვის
სერგო რატიანი: 6%-ისაც გჯერათ?
ირინა აბულაძე: საიდან მოიტანენ თანხებს ამაზე პასუხს გაგცემთ ფინანსთა სამინისტრო
სერგო რატიანი: გასაგებია, მთავრობის პოზიცია უნდა დაიცვათ, თქვენ რა გამოსვლაც გქონდათ ეს გამოსვლა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც თუ აქ ეწერებოდა ციფრი 3,4,5,6 ნებისმიერი ციფრის შესაბამისი იყო თქვენი გამოსვლა და შესაბამისად არაფერზე პასუხი არ არის, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, ამ 6% თან დაკავშირებით, თორემ განათლების პრობლემები რომ კარგად იცით, ვიცი, ამაზე არ გედავებით. სტატუსიან მასწავლებლებთან დაკავშირებით თუ არ მეთანხმებით ნებისმიერი გამოცხადება, რომ მასწავლებლებს მოემატა ხელფასი არის ჩვეულებრივი ტყუილი, რატომ იცით? იმიტომ, რომ ამ წამყვან მასწავლებლებს მოემატათ ხელფასი, რამდენს მოემატა? მხოლოდ 150-ს.
ირინა აბულაძე: ჩვენ ვსაუბრობთ საშუალო ხელფასის გასამმაგებაზე, რაც არ ნიშნავს მხოლოდ 150 მასწავლებლის ხელფასის ზრდას.
სერგი რატიანი: ჯეჯელავას დროს საშუალო ხელფასი უნდა ყოფილიყო 800 ლარი ახლა არის 400, ეს სხვათაშორის.
კომიტეტის დასრულების შემდეგ სერგო რატიანი EDU.ARIS.GE-სთან ძველ ანეკდოტს იხსენებს, რომელიც მისი აზრით ზუსტად ასახავს არსებულ რეალობას:
მამი, მამი ბულკ მიყიდიო?
ვერა შვილოო
და ვერტფრენსო?
მაგას გიყიდიო.
მამი ბულკ თუ არ მიყიდი, ვერტმფრენს როგორღა მიყიდიო?
კომიტეტმა ირინა აბულაძის მიერ წარდგენილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება