ხშირად დაშვებული შეცდომები ნაცვალსახელების მართლწერისას და სავარჯიშოები მეცადინეობისთვის
ავტორი: ქეთევან გოჩიტაშვილი
დაიმახსოვრეთ:
რამდენიმე (და არა რამოდენიმე);
თითოეული (და არა თითეული ან თვითეული)
თითოეული ჩვენგანი (და არა თითოეული ჩვენთაგანი);
ყოველი თქვენგანი (და არა ყოველი თქვენთაგანი)
ზოგიერთი მათგანი (და არაზოგიერთი მათთაგანი)
არასწორია: ვინეები ხართ? ვინ ნაცვალსახელს მრავლობითის ფორმა არა აქვს. სიმრავლის გამომხატველად გაორკეცებული ფორმა იხმარება: ვინ და ვინ ხართ?
რა ნაცვალსახელს ორივე მრავლობითი აქვს: რანი და რაები.
ეგ ნაცვალსახელის ნაცვლად არასწორია სახელობით ბრუნვაში მაგი-ს გამოყენება: ეგ ჩანთა და არა მაგ ჩანთა… ეგენი იყიდიან და არა მაგენი იყიდიან.
ხშირია შეცდომები იგივე, ერთი და იგივე ნაცვალსახელების ბრუნებისას. ირიბ (ანუ მოთხ., მიც., ნათ., მოქ., ვით.) ბრუნვებში იმავე ფუძე ენაცვლება:
სახ. იგივე / ერთი და იგივე სახლი
მოთ. იმავე-მ / ერთმა და იმავე სახლ-მა
მიც. იმავე-ს / ერთ(სა) და იმავე სახლ-ს
ნათ. იმავე-ს / ერთი და იმავე სახლ-ის
მოქ. იმავე-თი / ერთი და იმავე სახლ-ით
ვით. იმავე-დ / ერთ(სა) და იმავე სახლ-ად
არასწორია: იმათმა გააკეთეს, იმათმა ააშენეს… იმათმა, ამათმა, მათმა, მაგათმა – კუთვნილებას გამოხატავენ და განსაზღვრავენ სახელს: იმათმა ნათესავმა დაგვირეკა… მაგრამ ზმნებთან პირის ნაცვალსახელები – მათ, იმათ, ამათ, მაგათ – უნდა ვიხმაროთ: მათ მოიტანეს, იმათ იყიდეს…
* * *
დაიმახსოვრეთ: სწორი ფორმებია:
ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ, თქვენკენ.
ჩემ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით…
შენ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით…
ჩვენ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით…
თქვენ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით…
* * *
მიცემით ბრუნვას დაერთვის შორის, შუა თანდებულები. ამდენად, სწორი ფორმებია: ჩვენ შორის, ჩვენ შუა, მე და შენ შორის, / მე და მას შორის (და არა: ჩემ და შენ შორის, ჩემ და მას შორის).
თუ I პირის ნაცვალსახელი მეორე ადგილზე დაისმის, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეენაცვლება მე-ს ჩემ ფორმა: შენ და ჩემ შორის.
მიცემით და ვითარებით ბრუნვებში ბრუნვის ნიშანი -ს აუცილებელია, როცა მსაზღვრელად კუთვნილებითი ნაცვალსახელებია,:
მიცემითი ბრუნვა: ჩემ-ს მეზობელ-ს (და არა: ჩემ მეზობელ-ს), შდრ: ძველ მეზობელ-ს; შენ-ს მეზობელ-ს, მის მეზობელ-ს.
ვითარებითი ბრუნვა: ჩემ-ს მეზობლ-ად (და არა: ჩემ მე-ზობლად); ჩვენ-ს მეზობლ-ად, შენ-ს მეზობლ-ად, თქვენ-ს მეზობლ-ად, მის მეზობლ-ად, მათ-ს მეზობლ-ად…
* * *
იმდენი, ამდენი, მაგდენი ნაცვალსახელებთან საზღვრული მხოლობითშია:
იმდენი თავგადასავალი
ამდენი საჩუქარი
მაგდენი პრობლემა
* * *
თავისი და მისი ნაცვალსახელები III პირის კუთვნილებას გამოხატავენ, მაგრამ უნდა განვსაზღვროთ მათი ხმარება. თავისი – თავად III პირის კუთვნილებას გამოხატავს, მისი კი – სხვისას. ლალიმ ნიას თავისი მანქანა ათხოვა, შდრ: ლალიმ ნიას მისი (ვთქვათ, დავითის) მანქანა ათხოვა (ე. ი. მანქანა სხვისია – დავითისია).
თავისი და თავიანთი – ორივე ფორმა ერთსა და იმავე როლს ასრულებს, ოღონდ ისინი სუბიექტის განსხვავებულ რიცხვს შეესაბამება: თუ სუბიექტი მხოლობითშია, თავისი ნაცვალსახელი შეეფერება; თუ სუბიექტი მრავლობითშია, გამოიყენება თავიანთი: ეკამ თავისი რვეულები აჩუქა ნიკას, მაგრამ: ეკამ და მაკამ თავიანთი რვეულები აჩუქეს მას.
თუ სუბიექტი კრებითი სახელია ან მრავლის გამომხატველი ნაცვალსახელი, თავისი ნაცვალსახელი გამოიყენება: ყველამ თავისი… მისცა, ხალხმა თავისი… მისცა.
სავარჯიშოები:
I. გაასწორეთ შეცდომები:
1. ლია შენსკენ ცხოვრობს.
2. ის იბრძოდა მისი ქვეყნის თავისუფლებისათვის.
3. ეს თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა.
4. თითეული მითითება საგულდაგულოდ უნდა წაიკითხოთ.
5. შენს გამო პრობლემები შეგვექმნა.
6. მათმა განიხილეს ეს წინადადება.
7. ვიღაცეებს პასუხი არ მოეწონათ.
8. ვინები მოვლენ?
9. მათ შენიშვნებმა დაგვაფიქრა.
10. ჩვენს გარდა არავინ მოსულა.
11. ერთი და იგივე პრობლემაზე ვსაუბრობთ.
12. იმათმა დამიძახეს.
13. ჩემსკენ მოდიხარ?
14. იმათ პარტნიორებმა თანხა უკვე გადმორიცხეს.
15. თქვენს წინაშეა ცნობილი მსახიობი.
16. ერთი და იგივე ტანსაცმლით დადის.
17. ჟურნალისტმა მისი გადაცემა ორ დღეში ჩაწერა.
18. დირექტორმა და მასწავლებელმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს.
19. თქვენც იგივეს ამტკიცებთ.
20. გუშინაც იგივე საკითხზე ვსაუბრობდით.
21. ჩვენ გამოფენას გადაცემა მიეძღვნა.
22. ჟურნალისტები ერთი და იგივე სახის გადაცემებს ამზადებენ.
23. მათმა ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანეს.
24. ამდენი კანონების გაცნობას დიდი დრო დასჭირდება.
25. საქმის დასრულებაში თვითეულმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა.
26. მოსამართლემ მისი გამოტანილი განაჩენი თვითონვე უარყო.
27. შენ წიგნს მომავალ კვირაში წავიკითხავ.
28. ჩვენს გარდა არავინ მოსულა.
29. საზოგადოებამ თავიანთი ვარაუდები გამოთქვა.
30. შენიშვნა ყველა ჩვენთაგანმა უნდა გაითვალისწინოს.
31. ჩვენსკენ ახალი დასახლება აშენდა.
32. რამოდენიმე კაცი ხმამაღლა საუბრობდა.
33. მათმა აღნიშნეს, რომ კმაყოფილები იყვნენ.
34. მათ ბრძოლამ შედეგი მოიტანა.
35. თითეული მათგანი კმაყოფილია.
II. გადახაზეთ არასწორი ფორმები:
ჩვენ გადაწყვეტილებას, თვითეული, ჩვენგანი, რამოდენიმე, მათთაგანი, მათმა მოიტანეს, იმდენი სათამაშოები, ჩემ გარდა, ჩემს წინ, ჩვენკენ.
III. გაასწორეთ შეცდომები თანდებულთა არასწორად ხმარებისას:
1. ჩვენს გარდა ვინ მოდის?
2. ჩვენს შუა ნინო იდგა.
3. ემა იდგა ჩემს წინ.
4. შენს შესახებ ბევრი რამ ვიცი.
5. ჩვენსკენ ახალი მაღაზია ააშენეს.
6. აქ თქვენს გარდა არავინ მოსულა.
7. ჩვენს შორის არავინ დაშავებულა.
8. სამწუხაროდ, თქვენს გამო ვერაფერს ვაკეთებ.
IV. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და ჩასვით გამოტოვებულ ადგილას:
შენს გამო, შენ გამო, შენგამო.
. . . . . . . . . . . . . ვერ წავედი.
V. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და ჩასვით გამოტოვებულ ადგილას:
თქვენს შემდეგ, თქვენ-შემდეგ, თქვენ შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . ნინო შემოვა.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის
- არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი