GE

NAEC: იტალიური ენის მასწავლებლობლის მსურველები საგნობრივ გამოცდას 31 აგვისტოს ჩააბარებენ

31 აგვისტოს იტალიური ენის მასწავლებლობლის მსურველები საგნობრივ გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 24 ივლისს დაიწყება და 2 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 21 ივლისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

რეგისტრაციისათვის აუცილებელია: ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი ეწვიოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge განთავსებულ ბმულს; შეიყვანოს სარეგისტრაციო გვერდის შესაბამის ველში თავისი მონაცემები, ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოები და დაეთანხმოს გამოცდაში მონაწილეობის პირობებს.

საგნის გამოცდა იტალიურ ენაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მის.: ე. მინდელის ქ. N9) ჩატარდება.

გამოსაცდელები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებულნი არიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2 აგვისტოს ჩათვლით წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად დაუბრუნდება, თუ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე.

გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულაა 90. გამოცდის ხანგრძლივობა: მოსმენის, წერითი და კითხვის ნაწილები – 4 სთ; ლაპარაკის ნაწილი კი – 15 წუთი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან ცვლილება შევიდა „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ. იტალიური ენის ტესტური დავალებები შეიმუშავა იტალიური ენის სწავლების კოორდინატორმა ორგანიზაცია „მინერვამ“ და მემორანდუმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გადასცა. იტალიური ენის საგნობრივი გამოცდა წელს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება – პროცესს ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.

დეტალური ინფორმაცია გამოცდაზე რეგისტრაციასთან და გადახდის შესაძლო საშუალებებთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოქვეყნდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური