„ონლაინ სწავლებამ დაგვანახა რომ სისტემას ახალი კადრები სჭირდება“ – რა დაძლიეს და რა გამოწვევები დარჩათ მასწავლებლებს 2020 წელში
2020 წელი პრობლემური იყო ბევრი სფეროსთვის. გამონაკლისი არც განათლების სისტემა ყოფილა, თუმცა პრობლემებთან ერთად პანდემიამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა. სასწავლო დაწესებულებების დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლამ დააჩქარა ციფრულ ტექნოლოგიებში მასწავლებლების და მოსწავლეების კომპეტენციების ამაღლება, მაგრამ 2020 წლის გამოწვევად დარჩა კომპიუტერული მოწყობილობებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა.
როგორია მასწავლებლების თვალით დანახული 2020 წელი განათლებაში – რა პრობლემებთან და სიახლეებთან შეგუება მოუწიათ, რა ისწავლეს და რა გამოწვევები დაძლიეს, რაში სჭირდებათ თანადგომა და როგორ გაართვეს თავი გამოწვევას, რა გააკეთეს იმისთვის, რომ არაფერი დაეკლოთ მოსწავლეებისთვის, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია ამ ფონზე, – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE მასწავლებლებს გაესაუბრა. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს.
ჯაბა ლაბაძე. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრი.
„2020 წელი საკმაოდ მძიმე იყო ქართველი მასწავლებლისათვის. პანდემიამ ზედაპირზე ამოალაგა და ნათლად დაგვანახა ყველა პრობლემა და ყველა დამსახურება. მთავარი გამოწვევა ონლაინ სწავლება გახდა, რომელიც მეტნაკლებად დავძლიეთ. ვერ ვიტყვით რომ ყველაფერი კარგადაა (ვერც იქნებოდა, პანდემიიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, ცაიტნოტში ვმუშაობდით), მაგრამ არც მთლად ისე ცუდადაა საქმე, როგორც ამას საზოგადოების ერთი ნაწილი აფასებს.
ჩემთვის, პირადად, ეს იყო ახალ რელსებზე გადაწყობის წელი. უამრავი მეთოდი დავხვეწე, ვისწავლე, მოდიფიცირება გავაკეთე ონლაინ სწავლებისათვის. მუდმივად ძიების პროცესში ვარ. სხვადასხვა პროგრამები შევისწავლე, რომ პირნათლად წარვდგე ჩემი მოსწავლეების წინაშე. ვფიქრობ, ამ საქმეს მეტნაკლებად გავართვით თავი.
პრობლემებიც ბევრია. არ იქნება სწორი, მათზეც არ ვთქვა რამდენიმე სიტყვა. ონლაინ სწავლებამ დაგვანახა, რომ სისტემას ახალი კადრები სჭირდება. ონლაინ სწავლებამ დაგვანახა, რომ ბევრი მუშაობაა საჭირო მშობლებთან და კიდევ უფრო მეტი მოსწავლეებთან. მეც მშობელი ვარ და თამამად ვიტყვი, ჩემი შვილი ზუსტად ისე მეცადინეობს, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში. იგი არასოდეს ატყუებს მასწავლებელს და ონლაინ სწავლებისას მასწავლებელს უყვება იმას, რაც იცის. აი, ყველა რომ ასე აკეთებდეს, კარგი იქნება. ბევრი პრობლემაა ყველა კომპონენტში, მაგრამ მიუხედავად ამისა, პანდემიის ფონზე განათლების სისტემა გმირულად მუშაობს. როგორც გინდათ ისე ჩამითვალეთ: პედაგოგი – გმირია!“
ანა ტყებუჩავა. ქალაქ თბილისის # 48 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.
„ონლაინ სწავლება როგორ მოსწავლეებისთვის, ისე ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, ძალიან დიდი გამოწვევა იყო. დისტანციური სწავლება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე „ცოცხალი“ გაკვეთილები. ასეთ გაკვეთილზე შეგიძლია მოსწავლეებს თვალებში უყურო და მარტივად მიხვდე, გაიგო თუ არა მან ახალი საკითხი.
როგორც ყველა მოვლენას, დისტანციურ სწავლებასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი არის ის, რომ ონლაინსწავლებამ მშობლები და მასწავლებლები უფრო დააახლოვა, უფრო მეტად არიან ჩართულნი და დაინტერესებულნი მათი შვილების სწავლა-განათლების საკითხით. ისინი რომ არა, ნამდვილად ვერ შევძლებდით წარმატებულ სასწავლო პროცესს.
რაც შეეხება სირთულეებს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვასწავლი, ჩემს სადამრიგებლო კლასში მაინც გვაქვს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა (2 ბავშვი საერთოდ ვერ გვესწრება). ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, რათა მოსწავლეები არ დარჩნენ სკოლის მიღმა.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, რთულია ასე ეკრანიდან ემოციების გაზიარება, მაგრამ მგონია, რომ სირთულეების მიუხედავად, არაფერი დამიკლია ჩემი მოსწავლეებისთვის, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ დავიხარჯო, თუმცა სხვანაირად შეუძლებელია, როცა მთელი გულით გიყვარს შენი პროფესია“.
სალომე გოჩოლეიშვილი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი. 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული წევრი.
“მასწავლებლის პროფესიაში ეს იყო ურთულესი და გამოწვევებით სავსე წელი. პედაგოგებს ყოველგვარი მომზადების გარეშე, ფორსმაჟორულ პირობებში მოგვიწია პირისპირი სწავლებიდან დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლა. ეს, ერთი მხრივ, სტრესული და დამღლელი იყო ჩვენთვის, თუმცა, მეორე მხრივ, შედეგად მოიტანა ის, რომ მასწავლებლებმა შევძელით კომპეტენციის ამაღლება ციფრულ ტექნოლოგიებში. დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლები უკვე აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა ვებ-ინსტრუმენტს, ელექტრონულ რესურსებს, სასწავლო თამაშებს და ა. შ. ეს უკვე პასუხობს 21-ე საუკუნის მოსწავლეთა ინტერესებს და ვფიქრობ, დადებითად აისახება მათი სასწავლო მოტივაციის ზრდაზე.
უმთავრესი პრობლემა იყო ინტერნეტისა და ტექნიკური მოწყობილობების გაუმართაობა და მათზე ხელმისაწვდომობა. ელექტრონული სწავლების პროცესი ხშირად ფერხდებოდა მოსწავლეთა სუსტი ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობის გამო. ასევე, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის სიახლე იყო დისტანციური სწავლების პლატფორმებზე მუშაობა. ყველანი გამოუცდელები ვიყავით, თუმცა მალევე გავიწაფეთ ეკრანის გაზიარების, კამერის წინ მუშაობისა და სხვა ტექნიკურ უნარებში.
დისტანციური სწავლების დროს, მართალია, კვირეული საათობრივი დატვირთვა და საგაკვეთილო დროის ხანგრძლივობა შემცირებულია, თუმცა, ძალიან დიდი დრო მიაქვს ელექტრონული რესურსების შექმნის, მოძიებისა და ადაპტირებისა პროცესს. მომიწია შეგუება იმასთან, რომ სამუშაო დღის დასასრული სულაც არ ნიშნავდა სამუშაოს დასრულებას და ხშირად მიწევდა ღამის საათებში მუშაობაც. სამაგიეროდ, ვისწავლე ბევრი რამ. დავრეგისტრირდი რამდენიმე საგანმანათლებლო პორტალზე და გავეცანი წარმატებული პრაქტიკის ნიმუშებს. ასევე, სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტის გამოყენებით ვისწავლე ქვიზების, ელექტრონული წიგნების, კროსვორდებისა და კომიქსების შედგენა.
მე, როგორც მასწავლებელს, პირველ რიგში, მჭირდება მშობლების თანადგომა. მშობლებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ სრულფასოვნად მოხერხდეს ბავშვის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. ამ საქმეში მშობლები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან ემოციური მხარდაჭერა. ასეთ რთულ დროს მასწავლებლებსაც სჭირდებათ გამხნევება. აი, მე დისტანციური სწავლების პროცესს ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ვუძღვები, რადგან საბავშვო ბაღებიც დახურულია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალზედ დამღლელი და სტრესულია.
იქიდან გამომდინარე, რომ ცოცხალი ურთიერთობის საშუალება არ მაქვს მოსწავლეებთან, მუდამ ვცდილობ, ელექტრონული სწავლება არ გულისხმობდეს მშრალ, ემოციებისგან დაცლილ გაკვეთილს. ხშირად მივმართავ იუმორს, რათა მოსწავლეებს შევუქმნა პოზიტიური სასწავლო განწყობა.
ელექტრონული სწავლებისას მაქსიმალურად ვითვალისწინებ მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს და ვცდილობ, ყოველ ჯერზე რამე სიახლე შევთავაზო მათ. ძველებურად მაღელვებს მათი აკადემიური შედეგები, ვზრუნავ მათზე და ვცდილობ, მოვამზადო ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”, – ამბობს სალომე გოჩოლეიშვილი.
ფსიქოლოგი და განათლების ფსიქოლოგიის დოქტორანტი მეგი საჯაია 2020 წელს აფასებს და აღნიშნავს, რომ დისტანციურ სწავლებას ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.
„სკოლა, გარდა იმისა რომ მოსწავლეს აძლევს განათლებას, ის ავითარებს სოციალურ-ემოციურ კომპეტენციას. ძალიან მნიშნველოვანია პირისპირ ურთიერთობები გვქონდეს ადამიანებთან. ხშირად მოისმენდით, რომ ბავშვებს ენატრებათ კლასელები, ენატრებათ მათთან ერთად თამაში, ჩახუტება.
დისტანციურ სწავლებას აქვს თავისი დადებითი ასპექტებიც. განსაკუთრებით ეფექტურია სწავლება დისტანციურად, როდესაც მოსწავლე თვითონ აკეთებს არჩევანს და ირჩევს რამდენიმე კურსს. თუმცა ახლა გვაქვს საქმე ერთწლიან უწყვეტ ონლაინ სწავლებასთან, რომელიც მოსწავლეების სურვილის მიუხედავად ხდება. უმრავლესობას შესაბამისი პირობებიც არა აქვს სახლში, რომ სრულფასოვნად მიიღოს განათლება.
დაბალი კლასის მოსწავლეებში კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე. მათ უწევთ ახალი როლის, მოსწავლის როლის მორგება თან არარელევანტურ გარემოში, ხშირად ამას მოჰყვება პროტესტი, გუნება განწყობისა და სწავლის მოტივაციის დაქვეითება. პირველკლასელი მოსწავლე არ იცნობს გარემოს, თანტოლებს, მასწავლებელს, კლასის და სწავლების სტრუქტურას. ეს ძალიან სტრესულია მისთვის.
რაც შეეხება მასწავლებლებს, მათი დიდი ნაწილისთვის ამ დოზით ტექნოლოგიებთან შეხება პირველად მოხდა. მათ დასჭირდათ დისტანციურ სერვისებში გარკვევა. კლასის მართვის გადაწყობა სრულიად ონლაინ სივრცეში. რაც არ არის მარტივი. გულწრფელები რომ ვიყოთ, მზად არავინ იყო ამისთვის და ამ ეტაპზეც არ არის სათანადო მზაობა, რესურსი დისტანციური სწავლების სრულყოფილად განხორციელებისთვის.
კიდევ ერთი რგოლი, რომელზეც დისტანციურმა გავლენამ იქონია გავლენა, ეს არის მშობლები. განსაკუთრებით რთული იყო წელი მათთვის, ვისაც რამდენიმე შვილი ჰყავს და ერთდროულად უწევდათ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება. ვისაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჰყავს, მათ სამსახურის გაცდენაც უწევდათ, იმიტომ რომ ბავშვს ვერავის უტოვებდნენ. მოკლედ პრობლემების, უარყოფითი ასპექტების ჩამონათვალი კომპლექსური და ვრცელია. დადებითი ამ პროცესში შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ სრულიად უფუნქციოდ არ დარჩა სკოლა, მიუხედავად არაერთი პრობლემისა იყო მცდელობა დისტანციური სწავლების მოდელის შექმნის“, -უთხრა EDU.ARIS.GE-ს მეგი საჯაიამ.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება