ონლაინ უნივერსიტეტის ცნება კანონში – რას მოიაზრებს დისტანციური სწავლების რეფორმა, რომელიც მთავრობას კანონპროექტად წარედგინა
როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება და ამ თემაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გამართულ მოსმენებზე იმუშავებს.
დღეს, 11 მარტს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას უკვე წარუდგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ელექტრონული დისტანციური სწავლების რეფორმას ეხება.
მინისტრმა განმარტა, რომ პრაქტიკულად ახლებურად ყალიბდება და იცვლება დისტანციური სწავლების მიმართულება, რომელიც ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას და რიგ შემთხვევებში პროფესიულ განათლებას.
“აქამდე, მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ პანდემიის პირობებში ხდებოდა აღნიშნული სწავლება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს [ონლაინ სწავლება] შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს. გარკვეული წილობრივი დოზით არსებულ პროგრამებზე დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად. ასევე, ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად ონლაინ პროგრამის შექმნა [უნივერსიტეტების მიერ] და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის. და მესამე მიმართულება ეს გახლავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, ვინც სწავლობენ საზღვარგარეთის ონლაინ ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარების დასაშვებობა მოხდეს, რომელიც აქამდე აკრძალული იყო. პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა მომავალში ქვეყნები დაემატება იმ სანდოობის გათვალისწინებით, რომელიც უნივერსიტეტებს ექნებათ.
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ კანონის პროექტით, მისი მიღების შემდგომ, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში გაჩნდება სრულიად ახალი, კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი, ეს არის ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია, რომლის სტანდარტების დამუშავება განათლების სამინისტროს დაევალება და რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობას და კარს გააღებს ჩვენი უმაღლესი განათლების სექტორისთვის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი განათლების ექსპორტისთვის”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
მინისტრმა დააზუსტა, თუ რომელ მიმართულებას შეეხება დისტანციური სწავლება და განმარტა, რომ საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე: 1-ლი ეხება დღეს არსებულ პროგრამებს, რაც დღეს მოქმედია და მათი გარკვეული კომპონენტების დასაშვებობას ელექტრონულ-დისტანციური სწავლებისთვის, იგულისხმება თეორიული სალექციო კურსები და არც ერთ ელექტრონულ-დისტანციურ სწავლებაში ვერ იქნება ის მიმართულებები, სადაც არის პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა. მიმართულებები, რომელსაც აღნიშნული შეეხება, კანონის ძალაში შესვლის შემდგომ დაზუსტდება.
გიორგი ამილახვარის განმარტებით, უნივერსიტეტების მიერ შექმნილ სრულად ონლაინ სასწავლო პროგრამებს, მისი შექმნის შემდეგ აკრედიტაციის გავლის ვალდებულება ექნებათ და აკრედიტაციის მოპოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს, რომ ისწავლონ ამ პროგრამებზე.
რაც შეეხება ონლაინ უნივერსიტეტის ცნებას, კანონით განისაზღვრება, რომ განათლების სამინისტრომ 2 წლის ვადაში უნდა შეიმუშაოს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფცია და ახალი სტანდარტები, რომელიც უდიდეს შესაძლებლობას შექმნის ნებისმიერი უნივერსიტეტის განვითარებისთვის და ონლაინ უნივერსიტეტს თავისი სტანდარტები ექნება, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით იქნება გაანალიზებული. ეს იქნება დარგის განვითარების საშუალება.
როგორც ცნობილია, უმაღლეს განათლებაში არაერთი ცვლილებაა დაგეგმილი, მათ შორის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაშია ნათქვამი, უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ:
- განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;
- დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად;
- ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება;
- შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას;
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება;
- შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება;
- არანაკლებ 60 კრედიტიან სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებულ იქნება სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ტერმინი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით; იურიდიული პირები საავტორიზაციო განაცხადს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების გარეშე ვერ წარადგენენ;
- სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის/სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ავტორიზაციის საბჭო, სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (რომელზეც აკრედიტაციის ფარგლებში სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა არ არის განსაზღვრული) განხორციელების შემთხვევაში, განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას;
- სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება თავად განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი; – ავტორიზაციის საბჭოს ექნება უფლებამოსილება, სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდოს არა მხოლოდ დაწესებულების, არამედ უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვითაც;
- დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არაუმეტეს 6 თვის ვადით დანიშვნის საკითხი.
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება