GE

ოქროს მედალოსანი აბიტურიენტის ემიგრანტი დედა: ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი გამოვტოვე, ახლა სპეციალურად ჩამოვედი და ისევ მომიწევს წასვლა

„ახლა სპეციალურად ჩამოვედი, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი“, – ასე იწყებს 2023 წლის აბიტურიენტის, ოქროს მედალოსანი მართას ემიგრანტი დედა, მზია ბიბიჩაძე, EDU.ARIS.GE – სთან საუბარს. ქალბატონი მზია 27 წელია, რაც ემიგრანტია, 12 ივლისს კი, ქუთაისის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან, შვილის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.

გვიყვება, რომ ოჯახის ეკომონიკური პრობლემების მოგვარების მიზნით, საბერძნეთში 24 წლის ასაკში წავიდა და დღემდე მუშაობს. ამბობს, რომ ემიგრანტი მშობლებისთვის შვილის ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ამბისთვის თვალის შორიდან დევნება განსაკუთრებულად სევდიანია.

„ეროვნული გამოცდები ბავშვებისთვის ძალიან დიდი დატვირთვა და სტრესია. რაღაც იმედი და სტიმულია, როცა იცის შვილმა, რომ გარეთ დედა ელოდება. ჩემი შვილი ოქროს მედალოსანია და მაღალ ქულებს ველოდებით. 27 წელია, რაც ემიგრანტი ვარ. პერიოდულად ჩამოვდივარ. ჩემი შვილი იქ, საბერძნეთში დაიბადა, მაგრამ მინდოდა, რომ საქართველოსთან კავშირი არ დაეკარგა. 2 თვის იყო რომ ჩამოვედით. მერე ისევ წასვლა მომიწია და დედაჩემმა გაზარდა. როგორც ყველა ემიგრანტი დედა, მეც ვერ დავესწარი მისი ცხოვრების ბევრ მნიშვნელოვან მომენტს. არ ვიყავი აქეთ, როცა სკოლაში წავიდა. ახლა ვთქვი, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია, ამასაც ვერ გამოვტოვებ-მეთქი. სკოლის დამთავრებას დავესწარი, ახლა გამოცდებს და უმაღლესში ჩარიცხვის მომენტს დავესწრები. მერე ისევ მომიწევს წასვლა“, – გვიყვება ქალბატონი მზია და გული სწყდება, რომ ქვეყნის დატოვება ხშირად ახალგაზრდებსაც უწევთ.

ის ფიქრობს, რომ სტუდენტობა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სკოლის დამთავრების შემდეგ და სწავლაში ჩადებული ინვესტიცია ახალგაზრდებს არ უნდა ეკარგებოდეთ, რაც საქართველოს მაგალითზე არცთუ მარტივია.

„ნიჭიერება აუცილებელია, მაგრამ განათლების მისაღებად ფინანსებიც საჭიროა. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება კიდევ ცალკე სირთულეა, რადგან ჩვენი დიპლომი საზღვარგარეთ ყველგან „არ ჭრის“. მაგისტრატურის გავლა აუცილებელი მგონია როგორც აქ, ისე – საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა იჩაგრება. მე, მაგალითად, არ მაქვს იმის იმედი, რომ ჩემი შვილი საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ იმ სამსახურს იპოვის, რომელიც სწავლაში ჩადებულ ფულს აუნაზღაურებს. ვფიქრობ, რომ წავა საზღვარგარეთ. აქ იმდენი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ ვერ შოულობენ სამსახურს ან თუ იშოვეს, ეს მიზერული ანაზღაურებისა და ჯანმრთელობის სანაცვლოდ ხდება“,- აღნიშნავს აბიტურიენტის მშობელი.

საგამოცდო სექტორებთან აბიტურიენტების ნაწილს მშობლების ნაცვლად, ბებიები, ბაბუები, დედმამიშვილები, ან მეგობრები ელოდებიან. ჩვენი რესპონდენტისთვის ეს მომენტი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რადგან ის განსაკუთრებულად გულშემატკივრობს ემიგრანტი მშობლების შვილებს და იმედოვნებს, რომ მათი იძულებითი განშორება მალე დასრულდება.

„ვიცი ეს რას ნიშნავს, ჩემი შვილიდან გამომდინარე, რამხელა ტკივილი და მონატრებაა. როცა გამოცდიდან გამოდიან, თვალებით ეძებენ გულშემატკივრებს, დედებს, მამებს… ყველას გულშემატკივრობა კარგია, მაგრამ სინამდვილეში, ისინი მშობლებს ეძებენ. მათ განსაკუთრებულად ვუსურვებ წარმატებებს, ისე, როგორც ჩემს შვილს. აბიტურიენტების ემიგრანტ მშობლებს კი ვეტყოდი, რომ მალე დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში და შვილებთან ერთად ბედნიერი წუთები გაეზიარებინოთ“, – გვითხრა 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან მყოფმა მზია ბიბიჩაძემ.

საგამოცდო ნერვიულობის ერთი ეტაპი მართამ და ქალბატონმა მზიამ ინგლისური ენის გამოცდით დაასრულეს და ახლა ერთად საბოლოო შედეგებს დაელოდებიან.

ასევე იხილეთ:

„რომ მეცადინეობ და ფულს იხდი, შედეგიც გინდა“ – აბიტურიენტის მშობელი ქუთაისიდან

მოამზადა ანა ჯიქიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური