GE

„რომ მეცადინეობ და ფულს იხდი, შედეგიც გინდა“ – აბიტურიენტის მშობელი ქუთაისიდან

“დიდი ხანია, რაც ვამზადებთ, კი უნდა დაწერონ კარგად..”, “რასაც მაგი მეცადინეობს მეხუთე კლასიდან, არ გაუჭირდება..”, “ღელავს პედაგოგი, მეც ვღელავ, რომ მეცადინეობ და ფულს იხდი, შედეგიც გინდა..”, – ასე ეხმაურებიან ქუთაისში, 23-ე საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან შეკრებილი აბიტურიენტის გულშემატკივრები და მშობლები უცხო ენის გამოცდას.

მშობლები ამბობენ, რომ ენაზე ყველა სფეროში გაძლიერებული მოთხოვნის გამო, მოსწავლეების მომზადება ხანგრძლივად მოუწიათ და შედეგებსაც, სხვა საგნებთან შედარებით, უკეთესს ელოდებიან.

აბიტურიენტების უმეტესობამ მშობლების მოლოდინი დიდი ალბათობით გაამართლა, რადგან გამოცდიდან გამოსულები აცხადებენ, რომ ძალიან მარტივი ან საშუალო სირთულის საკითხები შეხვდათ.

” ძალიან მარტივი იყო. თემა იყო დასაწერი – “მასწავლებელმა უნდა გვასწავლოს ინგლისური თუ ინტერნეტიდანაც შეგვიძლია სწავლა, მასწავლებლის გარეშე”. მოსასმენი დავალებებიც კარგად ისმოდა, კარგად დავამონტაჟებინეთ. ტურიზმის სპეციალობაზე ვაბარებ და ინგლისური არ მიჭირს”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ნიკა კვერნაძემ.

ტესტში მოსული დავალებების სიმარტივეზე საუბრობს ანელი კაპანაძეც.

“ეს გამოცდა მარტივი იყო. მოსასმენი დავალებებიც კარგად ისმოდა. ორჯერ შეამოწმეს. თემაში დასაწერი იყო, რომ ინგლისურის სწავლა მასწავლებლის გარეშე თუ შეიძლებოდა, ინტერნეტის საშუალებით და მე ვიმსჯელე, რომ შეიძლება უცხო ენის სწავლა მასწავლებლის გარეშეც. მასწავლებელთან დიდხანს არ მივლია მომზადებისთვის. უმაღლესში კი ჟურნალისტიკა, უცხო ენები ან სამართალი მინდა ვისწავლო”, – ამბობს აბიტურიენტი.

ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე სესია აბიტურიენტებისათვის ინგლისურ ენაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გამოცხადდა 95% -მდე გამოსაცდელი და დაიგვიანა სამმა აპლიკანტმა.

ქუთაისში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჯამში 5 100 – ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ინგლისური ენის გამოცდას კი ყველა სესიაზე ჯამში 4800-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.

სამშაბათს, 11 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანა ჯიქიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური