„პანდემიის ფონზე მომიწევს სტატუსის შეჩერება“ – ბოლო მონაცემებით სტუდენტის სტატუსი 75 803 პირს აქვს შეჩერებული
კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ნაწილს ფინანსური პრობლემები აქვს. სოციალურ ქსელებში კერძო პირების თუ ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება იმისთვის, რომ კრიზისში მყოფ სტუდენტებს დაეხმარონ, თუმცა ეს დახმარება ყველა მათგანზე ვერ აისახება.
სტუდენტებს პრობლემები აქვთ როგორც ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით, რადგან ამ მხრივ ტექნიკური თუ სხადასხვა სახის პრობლემები არსებობს, ასევე სწავლის საფასურის გადახდის მხრივაც.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენი სტუდენტი დარჩა კოვიდ პანდემიის პირობებში უმაღლესი სასწავლებლის მიღმა, თუმცა ამ ეტაპზე რომელ უნივერსიტეტში რამდენ სტუდენტს მოუხდა სწავლის მიტოვება კონკრეტული ციფრების მოპოვება რთული აღმოჩნდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში 75 803 სტატუსშეჩერებული სტუდენტია, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობა კი 159 794-ს შეადგენს.
სტუდენტური ორგანიზაცია პროგრეს ცენტრის ინფორმაციით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი წლების მანძილზე საგანგაშოდ იზრდება. ორგანიზაცია კოვიდ პანდემიის პირობებში სწავლის საფასურის განახევრების მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებს და უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან გამოხმაურების იმედი აქვს. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2016 წელს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი იყო – 37 021, 2017 წელს- 45 121, 2018 წელს – 53 932. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსი 19 874 სტუდენტს აქვს შეჩერებული.
„განათლების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ – ახალგაზრდები ვითხოვთ: 1) პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი; 2) სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. მათ მიერ შედგენილ მანიფესტს 8500-მდე ხელმოწერა აქვს.
სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისის გამო, მათ დიდ ნაწილს სწავლის საფასურის გადახდის პრობლემა აქვთ და სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ შეღავათებს დღემდე ელოდებიან.
„პირველკურსელი შვილი მყავს, კერძო უმაღლეს სასწავლებელში მოხვდა, 30%-იანი გრანტი აქვს მოპოვებული, თუმცა ის 70% უკვე რთული გადასახდელი იქნება ჩვენთვის. პირველი ნაწილი გადახდილი გვაქვს შეგროვებული გვქონდა, მაგრამ პანდემიის გამო, ჩვენი შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. მეუღლე საზღვარგარეთ მუშაობდა, მაგრამ დაიხურა მისი სამსახური და საქართველოში ჩამოვიდა, აქ დაიწყო მუშაობა, მაგრამ 400 ლარი აქვს ხელფასი. მე ერთ-ერთ საქალაქო სტრუქტურაში ვმუშაობ 250 ლარს ვიღებ, ვერანაირად ვერ შევძლებთ ერთიანი თანხა მოვაგროვოთ, ველოდებოდი, რომ მთავრობის მხრიდან იქნებოდა ამ კუთხით გარკვეული შეღავათები, მაგრამ ჩვენ ვერც ერთ პაკეტში ვერ მოვხვდით“, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტის მშობელი ელენე კვაჭაძე ჩვენთან საუბარში.
მესამე კურსის სტუდენტი გიორგი კი აცხადებს, რომ სამსახურის დახურვის გამო, მას როგორც სწავლის საფასურის, ასევე ბინს ქირის გადახდის პრობლემაც აქვს.
„სწავლის პარალელურად ერთ-ერთ აკვაგასართობ ცენტრში ვმუშაობდი და საკუთარი ხარჯების დიდი ნაწილის დაფარვას ვახერხებდი. სამსახური კოვიდ პანდემის გამო დაიხურა, ამიტომ შემოსავალი აღარ მაქვს. მშობლებიც ასევე არიან, მნიშვნელოვნად შემცირდა ჩვენი ოჯახის შემოსავლები. ჯერჯერობით ონლაინ ლექციები მაქვს, ამტომ ნაქირავები ბინა დავტოვე და ეს ხარჯი შემიმცირდა, მაგრამ როდესაც სწავლა განახლდება ამ კუთხით პრობლემა მექნება. ყველაზე დიდი პრობლემა კი ჩემთვის ისაა, რომ სწავლის საფასურის გადახდას ვერ შევძლებ, ვადები მალე ამოიწურება, დიდი ალბათობით მომიწევს სტატუსის შეჩერება, რაც ძალიან არ მინდა“, – ამბობს გიორგი ჩვენთან საუბარში.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან შეღავათები მხოლოდ სოციალურად დაუცველ და მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახელებაში მცხოვრებ სტუდენტებზე ვრცელდება. უნივერსიტეტები კი აცხადებენ, რომ სტუდენტებს გადახდის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს სთავაზობენ, თუმცა სტუდენტების და მათი მშობლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ შეღავათებს ელოდებიან.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება