პანდემიის პირობებში, თბილისიდან რეგიონის სკოლებში 700 მოსწავლე გადავიდა – რაზე საუბრობენ მშობლები
კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, მოსწავლეების ნაწილს, თითქმის ერთი წელია სკოლაში აღარ უვლია და გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ესწრება.
ამ ფაქტორმა ქვეყანაში შიდა მიგრაციული პროცესების ცვლილება გამოიწვია. ქალაქში მცხოვრები ოჯახების ნაწილი სოფლებში გადასახლდა და მოსწავლეებიც გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ერთვებიან, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თანდათანობით იზრდება ისეთი ოჯახების რიცხვიც, რომლებმაც შვილების გადაყვანა ქალაქიდან რეგიონის სკოლებში გადაწყვიტეს.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებიდან, თბილისის საჯარო სკოლებიდან რეგიონის სკოლებში 700 მოსწავლე გადავიდა. ეს გახლავთ შემოდგომის მონაცემები, რაც მიმდინარე სეზონზე შესაძლებელია შეიცვალოს.
ამის მიზეზად მშობლების ნაწილი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ასახელებს, ნაწილი კი იმ გარემოებით ხსნის, რომ რეგიონებში სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში, მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში მიმდინარეობს.
„მეათე კლასის მოსწავლე მყავს შვილი, მალე სკოლას დაამთავრებს და მისთვის უკვე ყველა გაკვეთილი მნიშვნელოვანია. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა, მაგრამ პანდემიის პირობებში სოფელში გადავედით, ინტერნეტიც გვაქვს და ტექნიკაც, ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ გადავწყვიტე სკოლაშიც იქ გადამეყვანა. ამისთვის რამდენიმე მიზეზი იყო, მთავარი ის, რომ სკოლა დასწრებულ რეჟიმზეა, გარდა ამისა, კლასში ცოტა ბავშვები არიან და ძალიან კარგი მასწავლებლები ჰყავთ. ამიტომ ვიფიქრე, ამ პანდემიის პერიოდმა ფუჭად რომ არ ჩაიაროს, სკოლაში გადამეყვანა, ბავშვიც სიამოვნებით დამთანხმდა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ნანა კალატოზიშვილმა.
კიდევ ერთი მშობელი კი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა და სკოლაც ამიტომ შეიცვალეს.
„თბილისში ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში, მეუღლეს კარგი სამსახური ჰქონდა და ვახერხებდით ასე ცხოვრებას. როდესაც პანდემია დაიწყო და სკოლებში დისტანციური რეჟიმი გახანგრძლივდა, მივხვდი, რომ ქირას ტყუილად ვიხდიდით, წავედით სოფელში. გასული სასწავლო წლის ბოლო სემესტრი დისტანციურ რეჟიმში დავასრულეთ თბილისის სკოლაში, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან გადავწყვიტე, რომ ბავშვები ჩვენი სოფლის სკოლაში გადამეყვანა, რადგან იქ სექტემბერში სწავლა ჩვეულებრივად განახლდა. ამ წუთში, ეპიდსიტუაციის გამო, აქაც დისტანციურ რეჟიმზე ვართ, მაგრამ გვპირდებიან, რომ არდადეგების შემდეგ სკოლაში სწავლა განახლდება”, – ამბობს მშობელი ჩვენთან საუბარში.
„მყავს მე-11 კლასის მოსწავლე შვილი, ვცხოვრობ ქუთაისში, მას შემდეგ რაც დიდი ქალაქების სკოლებში დისტანციური სწავლება გამოცხადდა, ჩემი შვილი აქვე, ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფელში გადავიყვანე, სადაც დასწრებული რეჟიმია. ტრანსპორტით 10 წუთში მიმყავს და კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით, სანამ მსგავსი შეზღუდვები იქნება, ამ სკოლაში მეყოლება“, – აცხადებს კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ქვეყანაში, პანდემიის პირობებში, ასევე გაზრდილია ისეთი მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში გადადიან. განათლების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებიდან კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლაში 2845 მოსწავლე გადავიდა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება