„პედაგოგმა სკოლიდან წასვლის განცხადება ადმინისტრაციის ძალდატანებით დაწერა“ – ხმაური მეშვიდე სკოლაში
გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში დღეს ხმაური იყო. მეორე კლასის მოსწავლეების მშობლების ნაწილმა სკოლიდან დაწყებითი კლასის პედაგოგის წასვლა გააპროტესტა, რომელმაც საპენსიო ასაკის მასწავლებელთათვის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა, ჯილდო მიიღო და სკოლიდან გავიდა. მშობლების მტკიცებით კი, ნელი ახალკაცი სკოლის დირექტორისა და სასწავლო ნაწილის უსამართლო გადაწყვეტილებას შეეწირა. ისინი ირწმუნებიან, რომ პედაგოგს სკოლის ადმინისტრაციამ წასვლასთან დაკავშირებით განცხადება ძალდატანებით დააწერინა.
,,ჩვენ ვითხოვთ, რომ სკოლაში დააბრუნონ ხელშეკრულებით ნელი ახალკაცი, რომელიც ჩვენს შვილებს განათლებას აძლევდა. ჩვენ არ გვინდა ისეთი მასწავლებელი, რომელიც გამოუცდელია და ღმერთმა იცის როგორ მოექცევა ჩვენს შვილებს. პედაგოგის შეცვლა ბავშვებს ფსიქოლოგიურად დააზიანებს“, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
დღესვე მშობლების ერთმა ნაწილმა პედაგოგის სკოლაში დაბრუნება კატეგორიულად მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სკოლიდან შვილების გაყვანით იმუქრებიან.
,,გვინდა ლილი ახალკაცმა განაგრძოს ჩვენი შვილების აღზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანა“, – გვითხრა კიდევ ერთმა მშობელმა.
მშობლებმა მეშვიდე სკოლაში არსებული ვითარებისა და საკუთარი მოთხოვნის შესახებ უკვე აცნობეს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
,,მშობლების მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგან მეშვიდე სკოლის პედაგოგმა სკოლა საკუთარი სურვილით დატოვა და აირჩია ჯილდო. ლილი ახალკაცმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და არავის არ დაუძალებია“, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
მშობლების მოთხოვნას გამოეხმაურა სკოლიდან წასული პედაგოგი. ნელი ახალკაცის განცხადებით, სურვილის მიუხედავად მისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაბრუნების შანსი აღარ არის, რადგან სკოლიდან წასვლის თაობაზე დაწერილი განცხადების შემდეგ მის ანგარიშზე ჯილდოს სახით თანხა უკვე ჩაირიცხა. იგი იმასაც ამბობს, რომ სკოლის დირექტორს ჰქონდა უფლება, რომ ის არ გაეშვა და რამდენიმე წლიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა, თუმცა გიორგი იარღანაშვილისაგან ამაზე უარი იმ არგუმენტით მიიღო, რომ მან შესაბამისი გამოცდები ვერ ჩააბარა.
,,მაგათი ჯილდო ვის რათ უნდოდა. მე მაგალითად ძალიან წარმატებული კლასი მყავდა და ბავშვებიც ნიჭიერი არიან. თუ სერტიფიკატი არ გაქვსო სკოლაში მუშაობა არ შეგიძლიაო – ასე მითხრა დირექტორმა. შეიძლებოდა დროებითი ხელშეკრულება დაედოთ და მე ისევ მემუშავა სკოლაში, მაგრამ არ მქონდა გარანტია ისევ გამიგრძელებდნენ თუ არა. ძალიან, რომ ჩაეჭიდო და შეეჯახო აღარ გაგახარებენ, როგორც პედაგოგს და ამიტომ ვარჩიე გაჩუმება. ერთ რამეში დავრწმუნდი, რომ ვინც კარგად ასწავლის, ვისაც წარმატებული კლასი აქვს, მას არაფრის ფასი არ აქვს“, – გვითხრა სატელეფონო საუბრისას ლილი ახალკაცმა.
მშობლების მოთხოვნას და წასული პედაგოგის განცხადებას დღეს სკოლის დირექტორმა უპასუხა. გიორგი იარღანაშვილის განცხადებით, ნელი ახალკაცი საპენსიო ასაკის პედაგოგია, რომელმაც გამოცდა ვერ ჩააბარა და შესაბამისი კრედიტები ვერ დააგროვა. იგი იმასაც აცხადებს, რომ ახალკაცის სკოლაში დაბრუნება ვეღარ მოხერხდება. ხოლო რაც შეეხება მის ხელშეკრულებით აყვანას, იარღანაშვილი ამაზეც უარს აცხადებს.
,,მას სახელმწიფომ მისცა ძალიან კარგი შანსი, ან უნდა ჩაებარებინა გამოცდა, ანდა მოქმედი რეგულაციების საფუძველზე, აერჩია საპენსიო ჯილდო. ქალბატონმა ლილი ახალკაცმა ამჯობინა სახელმწიფოს ჯილდოს მიღება და დატოვა სამსახური. მას შეეძლო უარი ეთქვა ჯილდოზე და გაეტანა უკან განცხადება და მას კიდევ ერთი შანსი მიეცემოდა, რომ ზაფხულში გამოცდაზე გასულიყო და ჩაებარებინა“, – აცხადებს მეშვიდე სკოლის დირექტორი ნოდარ იარღანაშვილი.
გადაიყვანენ თუ არა სხვა სკოლაში მშობლები ბავშვებს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ისინი პედაგოგის სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით წერილის გაგზავნას განათლების სამინისტროშიც გეგმავენ.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება