პედაგოგთა დისციპლინური სახდელები – ექსპერტები სკოლის ავტონომიის შეზღუდვაზე საუბრობენ
“განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საახალწლოდ უსაჩუქროდ არ დაგვტოვა “– წერენ სოციალურ ქსელში პედაგოგები. საჩუქარში კი თამარ სანიკიძის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს ხელმოწერილ ბრძანებას გულისხმობენ. დოკუმენტს რომელიც დისციპლინური წარმოების წესს ამტკიცებს.
ბრძანებაში გაწერილია ის დეტალები, რომლებიც მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს არეგულირებს. საუბარია იმაზე, თუ რა ეთვლება პედაგოგს დარღვევად, რა სახის სანქციები ეკისრება, ვინ ადგენს პედაგოგის მიერ გადაცდომის სიმძიეს, ვის გამოაქვს საბოლოო განაჩენი და რა ვადებში. დისციპლინური სახდელები კი არის – შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური და სამსახურიდან გათავისუფლება.
როგორც Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის ბრძანებამდე აღნიშნულ საკითხებს პედაგოგთა ეთიკის კოდექსი არეგულირებდა. ბრძანებაში კი სამართლებრივი თვალსაზრისით გაიწერა თუ რას უნდა დაეყრდნოს სკოლის შინაგანაწესი, დაკონკრეტდა სახდელები და ვადები. “ბრძანება ერთაგვარად არის დამხმარე ინსტრუმენტი სკოლის შინაგანაწესისთვის,”– აცხადებენ სამინისტროში.
თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩვნევენ, რომ თამარ სანიკიძის 167/ნ ბრძანება სკოლის ავტონომიას ზღუდვას. Aris.ge-განათლება რამდენიმე მათგანს ესაუბრა.
“სახელმწიფო აღნიშნული ბრძანებით ძალიან ბევრ დეტალს არეგულირებს. ეს დეტალები სკოლას საჭიროებიდან გამომდინარე თავადაც შეეძლო მიეღო. როდესაც ასეთ პროცედურულ საკითხებს და დეტალებს აზუსტებს სახელმწიფო, ის ხდება გაუგებარი ორგანზიაცია, რომელიც აკონტროლებს სკოლას. სკოლებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ძალიან ბევრი ნორმის გავლა უწევთ. მეორე – ასეთი პროცედურები აშინებთ გადაწყვეტილებების მიმღებებს. იმიტომ, რომ ერთი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მათი გადაწყვეტილება შეიძლება გაბათილდეს და მთელი ეს საქმის წარმოების პროცესი თავიდან დაიწყება. თუ სკოლას ვანდობთ დირექტორის არჩევას, მასწავლებლების არჩევას, ჩვენი შვილების განათლებას, მოდით, მივანდოთ ის პროცედურებიც, რომლებიც მასწავლებლების ქცევას გააკონტროლებს. ეს ბრძანება სკოლის პასუხისმგებლობას ამცირებს,”– ასე შეაფასა მინისტრის გადაწყვეტილება Aris.ge-განათლებასთან საუბარში სიმონ ჯანაშიამ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერთოს პროცესში, როდესაც პედაგოგისთვის სტატუსის მოხსნის საკითხი განიხილება.
სკოლის ავტონომიის შეზღუდვაზე საუბრობს თამარ მოსიაშვილიც. როგორც ის Aris.ge-განათლებასთან საუბარში აცხადებს, მასწავლებელს არაეთიკურობისგან ვერანაირი რეგულაცია ვერ დაიცავს, რადგან ეს პრობლემა სისტემურ პრობლემას უკავშირდება.
“როდესაც ცენტრალიზებული გზით ხდება ბრძანებების გამოცემა და სხვადასხვა საკითხების რეგულირება, ეს ადმინისტრაციული ავტონომიის შეზღუდვას გულისხმობს. ანუ ცენტრალიზებულად ხდება საკითხების რეგულირება. უნდა ითქვას, რომ დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების საკითხი ასახულია სკოლის შინაგანაწესებში. ზოგადად, შინაგანაწესები გაჯერებულია დასჯის და ნაკლებად წახალისების მექანიზმებზე, ეს ჩვენი სისტემის ნაკლია.
ეს საკითხი კი იმითაცაა განსაკუთრებული, რომ პრაქტიკულად, მასწავლებლის დისციპლინის რეგულაციები დღემდეც არსებობდა. ის გაწერილი იყო მასწავლებლის ეთიკის კოდექსსა და ზოგადი განათლების შესახებ კანონში. სკოლის შინაგანაწესი სკოლის სამოქმედო დოკუმენტია, შესაბამისად ნებისმიერი ჩანაწერი უნდა იყოს ქმედითი და სიცოცხლისუნარიანი. ძნელია შეედავო სამინისტროს იმ მიზეზებზე, რაც შეიძლება იწვევდეს დისციპლინურ სახდელებს. მაგრამ თუ კარგად გადავხედავთ მასწავლებლის ეთიკის კოდექსს, დავრწმუნდებით, რომ მასწავლებელს არაეთიკურობისგან ვერანაირი რეგულაცია ვერ დაიცავს. მაგალითად, ეთიკის კოდექსში წერია, რომ არაეთიკურია, როდესაც მასწავლებელი საკუთარ მოსწავლეს ამზადებს. ნამდვილად არაეთიკურია, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება? როდესაც დასახლებულ პუნქტში ერთი მათემატიკის მასწავლებელია, მოსწავლესა და მასწავლებელს არ აქვს არჩევანი იმ პირობებში, როდესაც სარეპეტიტორო სკოლაზე დიდი მოთხოვნაა. ამიტომ, ეს რეგულაცია სიცოცხლისუნარიანი არ მგონია, რადგან დისციპლინისა და ეთიკის საკითხები სისტემურ პრობლემებს უკავშირდება,”– ამბობს მოსიაშვილი.
“პედაგოგის სამართლებრივი დევნა საერთოდ არ უნდა იყოს გაფორმებული” – ასეთია განათლების საკითხების კიდევ ერთი სპეციალისტის, მანანა ნიკოლაიშვილის პოზიცია. ექსპერტისთვის გაუგებარია, რატომ უნდა არჩევდეს პედაგოგის საქმეებს დისციპლინური კომიტეტი, როდესაც სკოლას ყავს ხელმძღვანელი დირექტორის სახით.
“მასწავლებლობა ცოტა სხვა პროფესიაა. პედაგოგი არ არის ძალოვანი სტრუქტურის წარმოამდგენელი . ეს წესი გაუმართავია. ჯერ ერთი, არ მესმის, რატომ უნდა გამოსცეს დირექტორმა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი პედაგოგის გადაცდომაზე დისციპლინური კომიტეტის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით. ანუ გამოდის, კომიტეტი განიხილავს და გადაუგზავნის დირექტორს ხელმოსაწერად. გამოდის, დირექტორი უუფლებო ხდება?! თუ დირექტორს ქირაობს სახელმწიფო, მაშინ დირექტორს უნდა ჰქოდნეს იმის უფლება, რომ პედაგოგს მისცეს ან საყვედური ან შენიშვნა, ან გაუშვას სკოლიდან და არა რაღაც კომისიებს. რა საჭიროა ამდენი გამოძიება, დოკუმენტები ექსპერტიზა– სკოლაზე ვსაუბრობთ თუ საგამოძებო ორგანოზე,”– აცხადებს ნიკოლაიშვილი.
მისი აზრით, პედაგოგის საქმეები მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგებისგან შექმნილმა კომისიამ არ უნდა განიხლოს, რადგან ეს პედაგოგიკის საფუძვლებს არღვევს. პრობლემები კი დირექტორმა კონფიდენციალურობის დაცვით უნდა მოაგვაროს.
“ხელკეტებზე და დასჯაზე დამყარებული დისციპლინა არ არის შეგნებული დისციპლინა. სკოლაში სიწყნარე სიმშვიდე და კეთილგანწყობა უნდა სუფევდეს,”–აცხადებს ნიკოლაიშვილი.
რა პასუხი აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტთა და პედაგოგთა პრეტენზიებზე, აპირებს თუ არა ჩაერიოს სკოლის საქმიანობაში?! – სამინისტროს პოზიციას Aris.ge -განათლება ვრცელი ინტერვიუს სახით შემოგთავაზებთ.
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება