GE

პეტიცია პრემიერს მწერალთა სახლის აღდგენის მოთხოვნით და სამინისტროს პასუხი

„მწერალთა სახლი გაუქმდა და მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი”, – ეს ინფორმაცია 25 ივნისს მწერალთა სახლის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა, რასაც მწერლებისა და საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამ მიზნით მათ პეტიცია შექმნეს და საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის აღდგენის მოთხოვნით მიმართავენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრს
მამუკა ბახტაძეს

აღადგინეთ მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი!
რეორგანიზაციის სახელით გაუქმდა მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი – კულტურის სამინისტროს ორი ყველაზე წარმატებული სსიპ-ი, რომლებიც თავის დროზე მწერლებთან კონსულტაციების შედეგად და მათი უშუალო ჩართულობით და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით დაარსდა. (დაშლა-გაუქმებისას კი აზრი არავისთვის უკითხავთ). იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადათ წარმატებული მუშაობისთვის, უსამართლოდ გაათავისუფლეს ორივე ორგანიზაციის დირექტორი – ნატა ლომოური და დეა მეტრეველი.

ნატა ლომოურისა და დეა მეტრეველის წარმატებულ საქმეებს არ ჩამოვთვლით. მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებთ – თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა; ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, რომლის წარმატების მომსწრე ყველანი ვართ; არაერთ ენაზე ნათარგმნ სამასამდე ქართულ წიგნს…

მოვითხოვთ, შეჩერდეს სახელდახელო და გაუაზრებელი რეორგანიზაცია და მიეცეთ მწერლებს, ლიტერატორებსა და გამომცემლებს საკონსულტაციო პროცესში ჩართვის საშუალება!

მოვითხოვთ, რეორგანიზაციის პროცესში მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნილი დირექტორების ჩართვას და მათთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას”, – აღნიშნულია პეტიციაში.

იხილეთ პეტიცია სრულად.

საზოგადოების პროტესტს ეხმიანება „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორი ირმა რატიანი და გაუგებარს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მწერალთა სახლი უქმდება. მისი თქმით, მწერალთა სახლი არათუ უქმდება, არამედ ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში.

„ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი, რომ მწერალთა სახლი უქმდება.
მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მწერალთა სახლი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბრენდია, არათუ უქმდება, არამედ მწერალთა სახლში ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში. მწერალთა სახლს თავისი ისტორიიდან გამომდინარე ვერავინ შეუცვლის სახელს, ამიტომ მეგობრებო მინდა ყველა დაგამშვოდოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეს ისტორიული შენობა ყოველთვის იყო და იქნება მწერალთა სახლი.

„მწერალთა სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა და კიდევ განვმარტავთ, – სიცრუეა ინფორმაცია, რომ მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გაუქმდა, ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი. ახალი, გაერთიანებული და გაძლიერებული ლიტერატურის ეროვნული ფონდი სწორედ მწერლების სამსახურში იქნება „მწერალთა სახლში“!

ასე რომ, გაერთიანების შემდეგ ლიტერატურის ფონდი, უკვე არსებული და დამატებული ფუნქციებით, სწორედ მწერალთა სახლში დაიწყებს თავის ფუნქციონირებას. ორივე სსიპის თანამრომლები აქტიურად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, მათი რესურსი ბოლომდე იქნება გამოყენებული. მე შევხვდები თითოეულ მწერალს, ამ სფეროს წარმომადგენლებს, რათა გავაცნო ფონდის სამომავლო გეგმები, მოვისმინო მათი წინადადებები და ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ ეროვნულ საქმეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ქართულ ლიტერატურაზე, მის პოპულარიზაციაზე საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებაზე!“ – აცხადებს ირმა რატიანი.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, უწყების დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის, მართვის გაუმჯობესების მიზნით, სსიპ – „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და სსიპ – „მწერალთა სახლის“ გაერთიანებისა და მათ ბაზაზე სსიპ „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ შესახებ ინფორმაცია 3 მაისს გაავრცელა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური