GE

პირბადე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პირბადის გამოყენება ბავშვებში არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან პირბადე სავალდებულო გახდა ბავშვებისთვის მეხუთე კლასიდან და მეოთხეს ჩათვლით ეს არის რეკომენდებული. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაიდლაინში, რომელიც არის ყველაზე სერიოზული ორგანიზაცია, წერია, რომ ექვსი წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის ხმარება და ის არავითარ, არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს. არის გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, თუ არის ბავშვთან სხვადასხვა დაავადებები, სადაც ექიმის დანიშნულებით შესაძლებელია, რომ უარი ითქვას პირბადეზე. მაგრამ ზოგადად და ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრ ქვეყანაში დღეს სკოლებში პირბადე სავალდებულოა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა მთელი საქართველოს მასშტაბით იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც შეზღუდვები წერტილოვნად, სკოლების ან კლასების მიხედვით წესდება ან უკვე დაწესებულია.

დღეიდან სკოლებს დაუბრუნდნენ სამი დიდი ქალაქის – თბილისი, რუსთავი და ქუთაისის მოსწავლეებიც.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური