როგორ ავიღოთ მაქსიმალური ქულა VII-XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის გამოცდაზე – აუცილებელი რეკომენდაციები
ავტორი: ნანა დაბრუნდაშვილი, მენტორი მასწავლებელი (16 ივნისი, 2026)
“VII-XII კლასების მათემატიკის მასწავლებელთა გამოცდა საკმაოდ კომპლექსურია. ის ამოწმებს როგორც ღრმა აკადემიურ ცოდნას, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებასა და სწავლების მეთოდიკას.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველი მხოლოდ მათემატიკური წესების და ფორმულების ზეპირად ცოდნა ვერ იქნება.
გთავაზობთ ძირითად და აუცილებელ რეკომენდაციებს, რომლებიც მათემატიკის გამოცდისთვის ეფექტურად მომზადებაში და გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დაგეხმარებათ:
1. მათემატიკური ბლოკი: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აკადემიური ნაწილი ტესტის უდიდეს ნაწილს შეადგენს და მოიცავს როგორც სასკოლო პროგრამის გაღრმავებულ საკითხებს, ისე უმაღლესი მათემატიკის ელემენტებს.
გეომეტრია (წინა წლების გამოცდილებით):
საგამოცდო ტესტებში გეომეტრიულ ამოცანებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხშირად გვხვდება კომბინირებული ფიგურები, წრეწირსა და მრავალკუთხედებთან დაკავშირებული თეორემები (სინუსებისა და კოსინუსების თეორემების არასტანდარტული გამოყენება) და სტერეომეტრია.
ფუნქციები, გრაფიკები და პარამეტრები:
კვადრატული სამწევრის თვისებები, პარამეტრიანი განტოლებები და უტოლობები ტესტის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი ნაწილია. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ ფუნქციათა გრაფიკულ გარდაქმნებზე (მაგალითად, y = |f(x)| ან y = f(|x|) ).
კომბინატორიკა, ალბათობა და სტატისტიკა:
ბოლო წლებში ამ მიმართულებით ამოცანების რაოდენობა გაიზარდა. კარგად გაიაზრეთ პირობითი ალბათობა, ბერნულის სქემა და მონაცემთა ანალიზის ელემენტები (მედიანა, მოდა, საშუალო კვადრატული გადახრა).
უმაღლესი მათემატიკის საფუძვლები:
არ დაგავიწყდეთ ზღვრები, წარმოებული, ინტეგრალი და მათი გეომეტრიული/ფიზიკური შინაარსი. ხშირად გვხვდება ამოცანები უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობების პოვნაზე (ოპტიმიზაციის ამოცანები).
2. მეთოდოლოგიური ბლოკი: როგორ ავიღოთ მაქსიმალური ქულა?
ბევრი მასწავლებელი აკადემიურ ნაწილს მარტივად ართმევს თავს, მაგრამ ქულებს კარგავს მეთოდიკაში. აქ წინა წლების გამოცდილება რამდენიმე მკაფიო კანონზომიერებას გვიჩვენებს:
მოსწავლის შეცდომის ანალიზი (ყველაზე ტიპური დავალებაა):
ტესტში თითქმის ყოველთვის არის დავალება, სადაც მოცემულია მოსწავლის მიერ არასწორად ამოხსნილი ამოცანა. თქვენი მიზანია არა უბრალოდ სწორი პასუხის დაწერა, არამედ:
1. ზუსტად უნდა მიუთითოთ, სად და რა ტიპის შეცდომა დაუშვა მოსწავლემ (მაგ. მცდარი მათემატიკური მსჯელობა, განსაზღვრის არეს აცდენა, გამოთვლითი ხარვეზი).
2. უნდა ახსნათ, როგორ უნდა დაეხმაროთ მოსწავლეს ამ შეცდომის გააზრებაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) ცოდნა:
ზედმიწევნით უნდა იცოდეთ მათემატიკის სტანდარტი საფეხურების მიხედვით (საბაზო და საშუალო). უნდა შეგეძლოთ კონკრეტული ამოცანის დაკავშირება შესაბამის შედეგთან ან ინდიკატორთან.
ამოცანების კონტექსტუალიზაცია (რეალური ცხოვრებისეული კონტექსტი): თანამედროვე მიდგომით, დიდი ყურადღება ექცევა მათემატიკის პრაქტიკულ გამოყენებას. მოემზადეთ ისეთი დავალებებისთვის, სადაც თეორიული საკითხი (მაგალითად, ტრიგონომეტრია ან პროგრესიები) უნდა გადაიტანოთ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
3. დროის მენეჯმენტი და სტრატეგია გამოცდაზე
გამსვლელთა გამოცდილებით, მათემატიკის გამოცდაზე მთავარი სირთულე ხშირად დროის დეფიციტია, რადგან ამოცანები დიდ ტექნიკურ სამუშაოებს მოითხოვს.
ორეტაპიანი მიდგომა:
პირველ ეტაპზე სწრაფად გაიარეთ მთელი ტესტი და ამოხსენით ის ამოცანები, რომელთა ამოხსნის გზაც მომენტალურად გაგახსენდებათ. არ გაჩერდეთ ერთ რთულ ამოცანაზე 5-10 წუთზე მეტხანს.
ღია დავალებების გაფორმება:
ღია, შეფასებიან დავალებებში (სადაც მსჯელობის ჩვენებაა საჭირო) დაწერეთ თითოეული ნაბიჯი მკაფიოდ. მაშინაც კი, თუ საბოლოო გამოთვლაში შეცდომას დაუშვებთ, სწორი მსჯელობისა და მათემატიკური მსჯელობის მართებული გამოყენებისთვის რაღაც შუალედურ ქულებს მაინც მიიღებთ.
ნახაზის როლი:
გეომეტრიის ამოცანების დროს, არ დაგეზაროთ შავ ფურცელზე რამდენიმე ვერსიის დახაზვა. ხშირად, სწორად და პროპორციულად შესრულებული ნახაზი თავადვე გკარნახობთ ამოხსნის გზას და იდეას (მაგალითად, დამხმარე წრფის გავლებას).
რითი და როგორ ვიმეცადინოთ ეფექტურად?
ტესტების არქივი:
გამოცდებზე გამოყენებული ტესტები
ეს არის თქვენი მთავარი გზამკვლევი. ამოხსენით ბოლო 5-6 წლის როგორც მათემატიკის, ისე მეთოდიკის ტესტები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შეფასების სქემებს — ნახეთ, ზუსტად რაში იწერება ქულები ღია დავალებებში.
სასკოლო სახელმძღვანელოები:
გადახედეთ მოქმედი გრიფირებული სახელმძღვანელოების (განსაკუთრებით XI-XII კლასების) შემაჯამებელ დავალებებსა და ოლიმპიადის ტიპის (ვარსკვლავიან) ამოცანებს.
GeoGebra და ვიზუალური აზროვნება:
მიუხედავად იმისა, რომ გამოცდაზე კომპიუტერს არ იყენებთ, მომზადების პროცესში რთული ფუნქციებისა და გეომეტრიული ადგილების GeoGebra-ში აგება დაგეხმარებათ სივრცითი და გრაფიკული ხედვის განვითარებაში, რაც გამოცდაზე დროს დაგიზოგავთ.
გაფრთხილება: მხოლოდ რამდენიმე, მაგალითად მასწავლებლის სახლის 5-დღიანი ტრენინგი ან კერძო ტრენინგები ბევრს ვერაფერს შეგძენთ, ეგ მხოლოდ ვალის მოხდაა მათი მხრიდან, ამიტომ იმუშავეთ ტესტებზე დამოუკიდებლად, რაც შეიძლება ბევრი!
ყველას წარმატებას გისურვებთ გამოცდაზე!”.
ამავე თემაზე:
2026 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების განრიგი