GE

პირველ კლასში 700-მდე სსსმ მოსწავლე ჩაირიცხა – „მარტო განათლების სამინისტრო ვერ იქნება პასუხისმგებელი“

2019-20 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში 700-მდე სსსმ მოსწავლეა ჩარიცხული და სკოლები მათ მისაღებად ემზადებიან. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის  და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე დგებუაძემ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ინკლუზიური განათლების სფეროში არსებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად მშობლების არაინფორმირებულობაზეც ისაუბრეს. შეხვდრის მონაწილეების განცხადებით, ბევრ მშობელს, რომელსაც ჰყავს სსსმ ბავშვი, არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა სერვისების მიღება შეუძლია სკოლისგან და სახელმწიფოსგან.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, სამინისტრო შეეცდება საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო აქტიური გახადოს, თუმცა მისივე განმარტებით, სკოლაში მისულ ყველა მსგავსი ბავშვის საჭიროებებზე მუშაობა სწავლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება.

„რაც შეეხება ცნობიერებას, აბსოლუტურად მისაღებია ეს შენიშვნა და თუ დავუშვათ საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა შეუწყობს ამას ხელს, ჩვენ ამასაც გავაკეთებთ. მეორე საკითხია, რომ სკოლა მომზადებული დახვდეს მოსწავლეს. ამისთვის სსსმ ბავშვების რეგისტრაცია გამოცხადდა მანამ, სანამ  საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყებოდა. დაახლოებით 700-მდე ბავშვი არის დღეს უკვე პირველ კლასში ჩარიცხული. დღეს ყველა სკოლამ იცის და დასკვნაში უწერია ინფორმაცია რა სპეციალისტი სჭირდება ბავშვს, ასისტენტი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი და ა.შ. ეს ყველაფერი სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ სკოლამ შესაბამისი კადრის აყვანის პროცედურები დაიწყოს. 16  სექტემბერს,  როდესაც სკოლაში მივა მოსწავლე, მას უნდა დახვდეს სპეციალისტი. მეორეა ის, რომ სკოლის მასწავლებელმა იცოდეს მის კლასში ვინ მოდის, რა თქმა უნდა, ამას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. ჩვენ გააზრებული გვაქვს კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ ხარისხიან ინკლუზიურ განათლებამდე მივიდეთ“,-განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა სპეციალურ დოკუმენტზე, რომელმაც ქცევის დარღვევის მქონე ბავშვების მეთვალყურეობისას განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების ფუნქციები უნდა გამიჯნოს.

„რაც შეეხება ქცევას, ეს არის სენსიტიური თემა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ მარტო განათლების სამინისტრო ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ დროს, როდესაც სისტემაში შემოდის ბავშვი და რომელსაც აქვს ქცევითი პრობლემები. ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა სპეციალისტებთან და ჯგუფებთან ერთად შეხვედრები, რომ შექმნას მარეგულირებელი დოკუმენტი, სადაც ვიტყვით სად არის ზღვარი განათლების სისტემას, ჯანდაცვასა და სოციალურ სამსახურს შორის. ბავშვი, რომელიც სკოლაში მოდის და აქვს ძალიან სერიოზული ქცევითი პრობლემები, მარტო სკოლა ვერ იქნება პასუხისმგებელი მის ქცევაზე, აქ უნდა იყოს ჩართული მისი პირადი ექიმი და მისი რეკომენდაციები. დოკუმენტის მონახაზი ჩვენ უკვე გავაკეთეთ და ეს ზღვარი აუცილებლად უნდა დადგინდეს“.

„ჩვენ გვაქვს ერთი ქეისი, როდესაც ბავშვი სოციალურმა სამსახურმა ვერსად ვერ წაიყვანა. სერიოზული ზეწოლაა, რომ სპეცსკოლაში წავიყვანოთ და არ ვუშვებთ, იმის გამო, რომ ბავშვს აქვს ფსიქიატრიული პრობლემები. სერიოზული გამოწვევის წინაშეა სამინისტრო და ყველა იშვერს განათლების სამინისტროსკენ ხელს. ჩვენ ფსიქიატრი ავიყვანეთ, ისეთ დღეში ჩავარდა მულტიდისციპლინური ჯგუფი. როდესაც ბავშვი თანაკლასელს მოკიდებს ხელს და მას ფიზიკურ ტრავმას მიაყენებს, იმ წუთში მას განათლება კი არ სჭირდება, სჭირდება რეაბილიტაცია და შემდეგ მასთან ერთად განათლება. სახალხო დამცველსაც ვთხოვთ, იყოს ჩართული, ეს არის საკითხი, რომელიც კომპლექსურად უნდა გადავწყვიტოთ. ჯანდაცვის სამინისტრო თუ პასუხისმგებლობას არ აიღებს ამ ნაწილზე, კიდევ უფრო და უფრო მეტი გამოწვევების წინაშე დავდგებით, ამ ნაწილში უნდა ვიყოთ ერთად და ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სპეც-მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და მომზადება, თუ როგორ მიუდგნენ სსსმ ბავშვებს – ომბუდსმენის კვლევა

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური