GE

პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ

2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დღეს, 18 აპრილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გააკეთა.

როგორც გიორგი ამილახვარმა განმარტა, მშობლებისთვის სკოლაში შვილის შეყვანა ნებაყოფლობითი იქნება.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს, ვინც დაბადებულია და შეუსრულდება 6 წელი პირველ ნოემბრამდე, უფლება ექნება, შევიდეს სასკოლო განათლებაში. აქამდე ეს დაშვებული იყო პირველ ოქტომბრამდე და ჩვენ ერთი თვით ვახანგრძლივებთ ამ ვადას. ბუნებრივია, ეს პროცესი, იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად გაგრძელდება, რომელიც ახლა მიმდინარეობს და 800 სკოლის მშენებლობას ითვალისწინებს, ჩვენ ეტაპობრივად, ყოველწლიურად მოვახდენთ აღნიშნული ვადის გადაწევას და ვფიქრობთ, ყველაზე სამართლიანი გზაგასაყარი არის 31 დეკემბერი”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილება მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრმა დღეს გაიტანა.

დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განათლების სამინისტრომაც გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტის მიღებით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილია მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში დაწყებით საფეხურზე დამატებით მიღებულ იქნან ის ბავშვებიც, რომლებიც დაბადებულები არიან პირველ ნოემბრამდე.

საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2023 წლის 6 მარტიდან 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით განხორციელდა და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ სსსმ ბავშვებისთვის, ვისაც 6 წელი უსრულდებათ 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ცვლილების შემდეგ 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ სსსმ ბავშვებს მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.

მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

ასევე იხილეთ:

განათლების მინისტრი საკუთარ ხედვას განათლების კომიტეტის წევრებთან, სამუშაო შეხვედრაზე წარადგენს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური