GE

პირველი მასშტაბური სასკოლო ჰაკათონი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისგან

რობოტი უსინათლოებისთვის, ნახატების ამომცნობი, ინტელექტუალური რუკა – ეს იმ ტექნოლოგიური გამოგონებების ნაწილია, რომლის შესახებაც მოსწავლეებმა 12 თებერვალს თბილისის ტექნოპარკში სტუმრობისას შეიტყვეს. საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის 100 მოსწავლე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ამავე სასწავლებლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია fablab ATSU-ს მიერ ორგანიზებულ სასკოლო ჰაკათონში ჩაერთო და ინოვაციური პროექტებზე მუშაობა დაიწყო.

ორგანიზატორების განმარტებით, ჰაკათონის მიზანი, ქვეყნის მასშტაბით, იმ მოსწავლეების გაერთიანებაა, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სხვადასხვა პროგრამული, დეველოპერული, დიზაინერული და საინჟინრო სამუშაოების შესრულება შეუძლიათ.

16708712_961765560589882_9086341841351634146_nღონიძიების პირველი ორი ეტაპი მოსწავლეთა რეგისტრაციას და მათ შერჩევას მოიცავდა. მთელი საქართველოს მასშტაბით, სასკოლო ჰაკათონში ჩართვის სურვილი 1040-მა მონაწილემ გამოთქვა, თუმცა ონლაინ-ტესტირების შედეგად 100 საუკეთესოს შერჩევა მოხდა.

თბილისის ტექნოპარკის დაათვალიერება და მასტერკლასები მოსწავლეებისთვის, ჰაკათონის მესამე ეტაპი იყო, ამავე დღეს მოხდა მონაწილეების გუნდებში გაერთიანებაც. ამ ეტაპზე, ისინი მენტორების ონლაინ-დახმარებით, სხვადასხვა იდეებსა და პროექტებზე მუშაობენ. 19 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათ სწორედ ამ პროექტების პრეზენტაცია უნდა მოაწყონ, ჟიური კი გამარჯვებულებს გამოავლენს.

ღონიძიების სპონსორები აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, ასწსუ-ს თვითმმართველობა, ქუთაისის მერია, საქრთველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და Microsoft-საქართველო არიან. პროექტს მხარდაჭერას განათლების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უწევს. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას ყველა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათი განმარტებით, მსგავსი მასშტაბის სასკოლო ჰაკათონი ქვეყანაში პირველად მიმდინარეობს.

16729150_961764557256649_7600215378582834915_nაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ სასწავლებელმა მსგავსი ტიპის პროექტი უკვე მესამედ დააფინანსა.

„ქუთაისის უნივერსიტეტი მხარდამჭერებთან ერთად ფინანსურად უზრუნველყოფს ღონისძიების განხორციელებას. ეს უკვე მესამე მსგავსი ტიპის პროექტია, ერთი გვქონდა მოსწავლეებისთვის, შემდეგ უფროსი ასაკისთვის და ახლა უკვე უფრო ფართო მასშტაბებზე გავედით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტების რაოდენობა და ხარისხიც იზრდება და იდეებიც კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ჩვენი მთავარი მოტივაცია, რა თქმა უნდა, არის რომ უნივერსიტეტის პოტენციალი, რაც გაგვაჩნია, ღია და ხელმისაწვდომი იყოს ახალგაზრდა თაობისათვის.
„არც იმას დავმალავ, რომ ჩვენი მიზანია უნივერსიტეტის პოპულარიზაციაც მოხდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ ამ მოსწავლეების დიდი ნაწილი ალბათ სხვა სასწავლებლებშიც ჩააბარებს. მთავარია რომ ეს ბავშვები, უკვე დაფიქრდებიან მომავალი დაუკავშირონ მსგავს სივრცეს. ვცდილობთ, მათში გამოვიწვიოთ დაინტერესება მეცნიერების მიმართ, საბუნებისმეტყველო დარგების მიმართ, რაშიც ასე უჭირს ჩვენს ქვეყანას. ვთვლით, რომ უნივერსიტეტს ეს შეუძლია და კარგად გვაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა რომელიც გვაკისრია ამ ბავშვების და მომავალი თაობების წინაშე“, – ამბობს გიორგი ღავთაძე.

პროექტის თანაავტორი გიორგი ჩაჩუა აცხადებს, რომ ჰაკათონები, როგორც წესი, უფრო დიდი ასაკის ახალგაზრდებზეა გათვლილი, თუმცა წელს გადაწყვიტეს პროექტი სასკოლო ასაკისთვის მოერგოთ და ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოეყვანათ.

16640884_961766980589740_4090877343867447661_n„ჰაკათონები ყოველთვის ტარდებოდა შედარებით უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. დღევანდელმა რეალობამ გვაჩვენა, რომ ასაკი უკვე აღარ არის განმაპირობებელი ფაქტორი. დღევანდელი ბავშვი, რომელიც მეექვსე- მეშვიდე კლასშია, განვითარებით გაცილებით წინ არის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო მის თანატოლი. ამიტომ გავწიეთ ასეთი რისკი და გადავწყვიტეთ, ჰაკათონი ჩაგვეტარებინა სკოლის ასაკში მე-6 მე -12 კლასელებისთვის.

„პრინციპი ოდნავ შეცვლილია. ჩვეულებრვი ჰაკათონის მონაწილეები 42 საათის მანძილზე ჩაკეტილ სივრცეში არიან და ასე მუშაობენ, თუმცა ახლა, ბავშვების ასაკიდან გამომდინარე, მივიღეთ გაწყვეტილება, რომ ისინი არ შეგვეზღუდა. შეუძლიათ ერთი კვირის მანძილზე იმუშაონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან. 19 თებერვალს ყველა მონაწილე ისევ შეიკრიბება და საკუთარ ნამუშევარს წარმოადგენს. მოსწავლე არის ის ბაზა, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტში უნდა მოვიდეს, ესეც ერთ-ერთი გათვლა იყო ჩვენგან. ძალიან სასიხარულოა თუ უნივერსიტეტში სკოლიდან მოვა ისეთი ბავშვი, რომელსაც უკვე გარკვეული უნარ-ჩვევები ექნება ჩამოყალიბებული. ეს ჩვენთან პროლემაა, რადგან ბავშვები როცა სტუდენტები ხდებიან მაშინ გებულობენ თუნდაც ამ ჰაკათონებზე და მსგავს პროექტებზე, რაც ძალიან დაგვიანებულია“, – ამბობს გიორგი ჩაჩუა.

16649419_961767433923028_7751220399935763980_nტექნოპარკში პირველად იყო და ინოვაციურ პროდუქტებს გაეცნო საჩხერის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჭიღლაძე. მისი თქმით, კომპიუტერული ტექნოლოგიები ძლიან აინტერესებს და პროექტშიც დიდი ინტერესით ჩაერთო.
„მსგავსი სახის კონკურსები იშვიათია, ეს ეხება კომპიუტერულ ტექნიკას და ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მსგავსი ღონისძიებები ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლისთვს, რომ განიმტკიცოს ცოდნა და გამოაჩინოს შესაძლებლობები. ჩვენ პროექტის შესახებ მასწავლებელმა გვითხრა და სიამოვნებით ჩავერთეთ“,- უთხრა ნინომ EDU.ARIS.GE-ს.

19 თებერვალს, ქუთაისის უნივერსიტეტში სასკოლო ჰაკათონის I, II და III ადგილის მფლობელებს საჩუქრად „სმარტფონები“ და „ტაბლეტები“ გადაეცემათ. საკუთარ რჩეულს გამოავლენს და მას სპეციალურ პრიზს გადასცემს კომპანია Microsoft-იც. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რჩეულ მოსწავლეს კი სასწავლო დაწესებულება ერთწლიან სტიპენდიას დაუნიშნავს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური