პლაგიატის შესახებ პოსტერების სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია
17 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის შესახებ სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები გამოვლიდნენ.
პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსი მიმდინარეობდა პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში.
- პირველი ადგილი – თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ლაშა კოტორაშვილი;
- მეორე ადგილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თაია ბუაჩიძე;
- მესამე ადგილი – თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე მერებაშვილი.
გამარჯვებულებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები მოიპოვეს.
„აკადემიური კეთილსინდისიერების პროექტი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება საქართველოში და დაფინანსებულია „ერასმუმ პლიუს“-ის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ. ჩვენ ეს პროექტი 2018 წელს დავიწყეთ და პროექტის ფარგლებში 70,000-ზე მეტი ნაშრომი უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაში აიტვირთა. ეს არის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის უმნიშვმელოვანესი, რომ რაღაცნაირად მივეჩვიოთ, ინსტიტუციურ კულტურად ვაქციოთ. ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება, ეს არის უფრო პრევენციაზეა მიმართული. აბსოლუტურად ყველა სალექციო კურსში იქნა ჩაშენებული ის ნაწილი, პირველი ლექცია ამით იწყება და ერთ-ერთი შემაჯამებელი, რაც ილიაუნიმ დაგეგმა ამ პროექტში იყო სტუდენტური კონკურსი”, – განაცხადა ილიაუნის რექტორის მოადგილემ, ნინო დობორჯგინიძემ.
INTEGRITY ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია. მისი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც „ერასმუმ პლიუს“-ის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში, თავისი თემატიკიდან და მასშტაბიდან გამომდინარე. მსგავსი კონკურსი ასეთი პროექტის ფარგლებში არ ჩატარებულა ჩვენთან და ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ამდენი სტუდენტი ჩაერთო ამ კონკურსში“,- აცხადებს ლიკა ღლონტი, „ერასმუმ პლიუს“-ის ეროვნული ფონდის კოორდინატორი.
პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტი, რომლის კოორდინატორიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხორციელდება თორმეტ ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან, წამყვან უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი