პრაქტიკოს სპეცმასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გადავადებას პარლამენტი არ იწონებს და სამინისტროს გეგმას სთხოვს
„ყოველთვის იქნებიან პედაგოგები, რომლებიც 2025 წლისთვისაც ვერ ჩააბარებენ ამ გამოცდებს და ეს გადავადება უბრალოდ ტკივილის გახანგრძლივებას გულისხმობს და არა რაღაც გადაწყვეტილებას“, – ეს სიტყვები დღეს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სპეცმასწავლებელთა მიერ კომპეტენციის დადასტურების ვადის გადაწევის საკითხის განხილვისას განაცხადა.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, დღეს, 14 დეკემბერს პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩატარების ვადის გაზრდაზე გამარტივებული წესით, ერთი მოსმენის ფორმატში იმსჯელა და საბოლოოდ, კანონპროექტის ავტორს – განათლების სამინისტროს სთხოვა, შეიმუშაოს და წარმოადგინოს გეგმა, ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, როგორ მოხდება იმ მასწავლებელთა გადამზადება, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს.
უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, შეეხება იმ მოქმედ სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სპეციალური მასწავლებლისთვის დღეს დადგენილ მოთხოვნებს და მათთვის მიხეილ ჩხენკელის უწყება კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის ჩატარების ვადის გაზრდას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ითხოვს.
განათლების მინისტრის მოადგილე, საკითხის წარმდგენ ვალერიან გობრონიძის განმარტებით, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს კომპეტენცია 2022 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დაედასტურებინათ, პირველი გამოცდა კი, 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, სპეცმასწავლებლები პირველ გამოცდაზე 2021 წლის ზაფხულში გავიდნენ.
მინისტრის მოადგილე ცვლილების საჭიროებას ხსნის იმით, რომ სხვა პრაქტიკოსი პედაგოგებისგან განსხვავებით, რომლებსაც კომპეტენციის დადასტურება 2015 წლიდან შეეძლოთ, სპეცმასწავლებლებს გამოცდაზე გასვლის საშუალება მხოლოდ ერთხელ მიეცათ და ვადის გახანგრძლივება საჭიროა, რადგან სპეცმასწავლებლები სხვა პრაქტიკოსებთან შედარებით არათანაბარ პირობებში არ აღმოჩნდნენ.
სამინისტრო განმარტავს, რომ დღეს ქვეყანაში სპეციალური მასწავლებლების დეფიციტია და გამოცდის ჩაბარების ვადის გახანგრძლივდება მნიშვნელოვანია, რათა „არ შეფერხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდების პროცესი“.
თუკი ერთი წელი გაუცდათ რატომ უვადებთ ამდენი ხნით? – ასეთი იყო კომიტეტის ერთერთი წევრის პირველი კითხვა სამინისტროს წარმომადგენელთან, რომელმაც დღევანდელი მსჯელობის ფარგლებში ცალსახა მხარდამჭერი კომენტარი გადავადებაზე ვერ მოისმინა. დაისვა ინიციატივაც ამ მასწავლებლებისთვის გამოცდების საერთოდ გაუქმების შესახებაც, რომ სკოლის დირექტორს დეფიციტური მასწავლებლის სკოლიდან გაშვების შესაძლებლობა არ ჰქონდეს.
სხდომაზე ასევე დაისვა შეკითხვები განათლების უწყების მისამართით, გადავადების შემთხვევაში, რას გააკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ პრაქტიკოსმა სპეცმასწავლებლებმა ჩააბარონ გამოცდა, რის პასუხადაც გობრონიძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ გამოცდა და ამას წინ უძღვის ტრენინგ-მოდულები, მათ შორის დისტანციური სწავლების მოდული, რაც მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში იმისთვის, რომ „ადამიანებს ცოდნა, რომელიც დააკლდათ, გარკვეულწილად შეივსოს“.
გამოცდის 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაბარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა განათლების კომიტეტის თავმჯდომარესაც და მან 3-წლიანი გადავადების ნაცვლად, ხაზი გაუსვა ერთწლიანი გადავადების მიზანშეწონილობას.
„გასაგებია, რომ ამ ადამიანებს ჩაბარებული ჰყავთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები და წყვეტა არ უნდა იყოს. არ ვიცი, ზოგადად, რამდენად დეფიციტია ამ პედაგოგების, მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფოს აქვს და აქვს მათ შორის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიმართ, რამდენად გონივრულია ეს ვადა? ხომ არ ვქმნით იმ თოვლის გუნდას, რომელიც აზვირთდება, გადიდდება და სულ უფრო რთული გახდება იმ გადაწყვეტილების მიღება… რომ გადავავადოთ ერთი წლით – მათ შორის სიგნალი იყოს ეს მასწავლებლებისთვისაც, რომ კი არ დაიზარონ, არამედ მოემზადონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი, შეიქმნება კადრების დეფიციტი, გარდამავალ პერიოდში ანუ ვიდრე ახალი კადრები შემოვლენ, მასწავლებელს, რომელმაც კომპეტენციის დადასტურება ვერ შეძლო, სისტემაში დარჩენის უფლება მიეცეს.
ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე დადგებოდა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საჭიროა გაკეთდეს დათქმა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო შეიმუშავებს და კომიტეტს მიაწოდებს გეგმას, თუ როგორ მოხდება იმ მასწავლებელთა გადამზადება, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს.
„მე ასეთ რამეს შემოგთავაზებთ – ვთხოვოთ განათლების სამინისტროს, რომ წარმოგვიდგინოს გრაფიკი, პროგრამები, თუ რას სთავაზობთ იმ მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდებზე უნდა გავიდნენ, რა გეგმა გაქვთ ამასთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ ერთბაშად ვერ მოხდება გადამზადება და პირობითად, 2022 წელს რამდენი ადამიანის გადამზადება შეიძლება, რა პროგრამებით – ეს რომ წარმოგვიდგინოთ წერილობით და ჩვენ შემდეგ გავაკეთოთ საკომიტეტო მოსმენა, რომელსაც ამ საკითხს დავუთმობთ სრულად“, – მიმართა პაპუაშვილმა გობრონიძეს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილმა კი, სამინისტროს წარმომადგენელს მოუწოდა, რომ ყველა ჩანაფიქრი, რაც უწყებას ამ მასწავლებელთა განვითარებისთვის აქვს ერთ პაკეტად წარმოადგინოს, და თუკი ასეთი ჯერ არ გააჩნია შეიმუშაოს, რათა სპეცმასავლებელთა დეფიციტის წინაშე მომდევნო წლებშიც არ ვიდგეთ და ამ მიზეზით კვლავ კომპეტენციის დადასტურების გადავადების წინაშე არ აღმოვჩნდეთ.
ამის შემდეგ, თავმჯდომარის შეთავაზებით, კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ რომ გადავადებას მხარი დაუჭირონ ერთი დათქმით, რომ სამინისტრო წარმოადგენს მოთხოვნილ გეგმას.
როდის წარუდგენს მოთხოვნილ გეგმას პარლამენტის კომიტეტს განათლების სამინისტრო, მინისტრიოს მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ აუცილებლად წარადგენენ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება მთავრობამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 დეკემბერს დააინიცირა.
ცნობისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, განათლების სისტემაში დასაქმებულია 938 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. რაც შეეხება იმ პედაგოგებს, რომლებმაც 2021 წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოცდაზე კვალიფიკაცია დაადასტურა და შესაბამისი სტატუსი მოიპოვა, მათი რაოდენობა 1 302-ია, მათგან 1 010 მოქმედი სპეციალური მასწავლებელია.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება