პრემიერმა ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა
დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი აცხადებს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეფციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც ახალ ინიციატივას – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კონცეფციის ფარგლებში სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად, ქვეყნის ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად.
პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე განაცხადა, საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე საქართველოს არ აძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას.
„მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ცოტა ვღელავ, ვღელავ იმიტომ, რომ დღეს უნდა ვისაუბრო თემაზე, რომელიც არის პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მთავარი მოტივატორი, თუ რატომ ვარ მე ქართულ პოლიტიკაში.
საქართველოს ყავს ორი მტერი – ოკუპაცია და სიღარიბე. საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, ის, რასთან შეგუებაც არის შეუძლებელი, ის, რისი დაძლევისთვის ბრძოლაც გახლავთ თითოეული ჩვენგანის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა სწრაფვა და ჯანსაღი ამბიცია, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის ყოფილიყო.
„ძველი ბერძენი გეოგრაფების ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ანტიკურ საქართველოში იყო „აყვავებული“ ქალაქები. ამ ტერმინში, პირველ რიგში, იგულისხმებოდა განათლების ცენტრები, ისეთები, როგორიც იყო, მაგალითად, ფაზისის რიტორიკული სკოლა. შუა საუკუნეებში ინტენსიურად ვითარდებოდა მეცნიერების კერები იყალთოსა და გელათის აკადემიებში, რომელსაც თანამედროვეები „ახალ ათინად“ და „მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველები აფუძნებდნენ სასწავლო ცენტრებსა და ბიბლიოთეკებს საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის მონასტრებში, ქართველი სწავლულები კი, სინას მთასა და პალესტინაში მოღვაწეობდნენ.
ამასთან, პრემიერის თქმით, ქართველთა ეროვნული სიამაყის საგანი ყოველთვის იყო სახარების უძველესი თარგმანები და თეოლოგიურ-ფილოსოფიური ტრაქტატები.
„რენესანსული მსოფლმხედველობა ჩვენში უფრო ადრე იწყებს ჩამოყალიბებას, ვიდრე მსოფლიოში და ვეფხისტყაოსანი ამის ნათელი დასტურია. მანამდე, მრავალი საუკუნით ადრე, ჩვენ შევქმენით რკინის დამუშავების, ღვინის დაყენების, ოქროს მოპოვების ცოდნა და ტექნოლოგიები“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამით საქართველომ თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპულ და მსოფლიო ცივილიზაციაში.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, ქართველთა იდენტობის ნაწილია უნიკალური ანბანი და ათას ექვსასწლოვანი ორიგინალური ლიტერატურა.
„ჩვენი დიდი განმანათლებელი – სულხან-საბა ორბელიანი ქმნის ენის განმარტებით ლექსიკონს, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჯერ არც კი იყო შექმნილი და სამასი წლის შემდეგ ეს ლექსიკონი დღესაც კი მუშაობს.
ილია ჭავჭავაძე თავის უმთავრეს ამოცანად ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელებას და ევროპული ყაიდის განათლების დანერგვას მიიჩნევდა, იმისთვის „რომ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის”, რაც მოწინავე ევროპული სახელმწიფოების ოჯახში გაერთიანებას ნიშნავდა და დღემდე ნიშნავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1tv.ge
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება