პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და ინსტრუქცია
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 22 აპრილიდან დაიწყყო და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2024 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე – vet.emis.ge.
განათლების სამინისტროს განცხადების თანახმად, 2024 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.
„აღსანიშნავია, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მოქმედი წესი უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში. ასევე, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
2024 წელს, მიღება ცხადდება ინტეგრირებულ პროგრამებზეც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.
ამასთან, რეგისტრაცია მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში – კომპანიაში. პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]“, – წერია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები