GE

პროფესიული განათლება, როგორც საკუთარი ბიზნესის განვითარების გზა – პროფესიონალი ცოლ–ქმრის ამბავი

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი წარმატებული საქმით – ასე შეიძლება შეფასდეს ირაკლი ბახსოლიანისა და შორენა  მდორეულის ისტორია, რომელიც სიყვარულით დაიწყო და წარმატებულ ბიზნესში გადაიზარდა. დღეს ჩვენ ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული პროფესიული პროგრამების სტუდენტებზე გიყვებით, რომელთაც პროფესიული განათლების მიღება საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გადაწყვიტეს.

ხელოვანმა წყვილმა საქმიანობის სფერო სრულიად რადიკალურად და მოულოდნელად 3 წლის წინ მეტად უცნაური მიზეზით – შვილისათვის ხარისხიანი ქამრის შესაქმნელად შეიცვალა და დღეს IB (Irakli Bakhsoliani) ბრენდის ქვეშ ექსკლუზიური მოდელისა და დიზაინის მქონე ხელნაკეთი ჩანთები, საფულეები, ქამრები, სამაჯურები და სხვა აქსესუარები იქმნება, ზუსტად იმ მასალით, რომლითაც „ლუი ვიტონი“, „პრადა“, „გუჩი“, “ჰერმესი“ და სხვა მსოფლიო ბრენდები მუშაობენ. ნამუშევრები საქართველოს გარდა ევროპას, აზიასა და ამერიკასაც ხიბლავს. სულ უფრო პოპულარული ხდება ის სამკაულებიც, რომელთაც შორენა ამზადებს.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილს უკვე აქვს პროფესიაცა და საკუთარი საქმეც, ამით არ დაკმაყოფილდნენ და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელება სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ მიმართულებაზე გადაწყვიტეს, სადაც ტყავზე  მუშაობას პროფესიონალურ დონეზე შეისწავლიან და მალე “IB” ჩანთებისა და აქსესუარების გარდა ფეხსაცმელსაც გამოუშვებს.

ირაკლი

ირაკლი პროფესიით მხატვარია. განათლება ხეზე მხატვრული ჭრის მიმართულებით მიიღო. ტყავზე მუშაობა მისთვის აბსოლუტურად უცნობი და უცხო საქმიანობა იყო, რასთანაც შეხება არასოდეს ჰქონია ერთ მოულოდნელ დღემდე.

„ეს ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როცა ჩვენი შვილისთვის ნატურალური ტყავის ქამრის ყიდვა გვინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვნეთ. მაშინ ვიფიქრე, მოდი ვცდი ჩემი ხელით გავაკეთო- მეთქი. შევიძინე პატარა ტყავის ნაჭერი და შევკერე. რა თქმა უნდა, გამირთულდა, ახლა რომ იმ ქამარს ვნახულობ, მეღიმება, იმდენი ხარვეზი აქვს.

“ტყავთან ამ მცირედმა კონტაქტმა ჩემში იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ დღეს უკვე საკუთარი ბრენდი მაქვს. მანამდე ტყავთან და ამ საქმიანობასთან აბსოლუტურად არანაირი შეხება არ მქონია. ხეზე მხატვრის განათლება მაქვს, რაც აბსოლუტურად განსხვავებულია,“ – ამბობს ირაკლი.

იხილეთ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

ამის შემდეგ საქმის მიმართ მისი ინტერესი გაღრმავდა.  სფეროზე ინფორმაციის მოძიება დაიწყო. ყველაფერი თავად შეისწავლა ინტერნეტისა და უცხოეთიდან გამოწერილი წიგნებით. ქამრებიდან ჩანთებსა და საფულეებზე გადავიდა.

„ძალიან დიდი რესურსი ჩავდე, როგორც ფინანსური, ისე დროის თვალსაზრისით, რათა ჩანთების დამზადება შემესწავლა. ღამეებს ვათენებდი, რომ დრო არ დამეკარგა. წიგნები ჩამომქონდა  იაპონიიდან, ამერიკიდან. მთავარი კი პრაქტიკაა, ჩემ თავზე ბევრს ვმუშაობდი“, – იხსენებს ირაკლი.

ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მისი მეუღლე, შორენაც, რომელიც პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია და ტყავთან შეხება მანამდე არც მას ჰქონია.

შორენა

მეუღლესთან ერთად ტყავის ნაწარმის შექმნაში მონაწილეობის გარდა შორენა უკვე რამდენიმე თვეა ახალი საქმითაც არის დაკავებული – ის ნატურალური ქვებისგან და ტყავისგან საკუთარი ხელით სამკაულებს ქმნის. მისი ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები და საყურეები ჯერ-ჯერობით მეგობარ-ახლობლების  წრეშია ცნობილი და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. ამ ეტაპზე შორენა მათ რეალიზაციაზე ნაკლებად ზრუნავს, თუმცა სამკაულები მაინც მოთხოვნადია სანაცნობო წრეში, რომლებიც ხელნაკეთ აქსესუარებს ძირითადად სასაჩუქრედ ყიდულობენ.

პროფესიული სასწავლებელი

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლისაც და შორენასაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, აქვთ პროფესია და საკუთარი საქმე – სამკაულებისა და ტყავის ჩანთებისა თუ აქსესუარების დამზადება, სამომავლო განვითარებისათვის მათ კიდევ ერთი საქმის შესწავლა გადაწყვიტეს და არჩევანი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების  ცენტრზე შეაჩერეს. უკვე მეორე წელია აქ ისინი ტყავის ფეხსაცმლისა და აქსესუარების  დიზაინის პროგრამაზე სწავლობენ.

„ტყავის სფეროში ფეხსაცმლის შეკერვა ყველაზე რთულია. მინდოდა საბოლოო ჯამში ფეხსაცმლის შეკერვაც შემძლებოდა. სასწავლებლის შესახებ ტელევიზიიდან გავიგეთ, დავინტერესდით და ვებ-გვერდს ვესტუმრე. ირაკლი მაშინ ყაზბეგში მუშაობდა, დავურეკე და ვუთხარი, რომ ასეთი პროგრამა ჰქონდათ და პრაქტიკის არაჩვეულებრივი შანსი გვეძლეოდა. დავრეგისტრირდით და საკმაოდ მაღალი კონკურსი გავიარეთ – ერთ ადგილზე 6 ადამიანი მოდიოდა. უკვე მეორე წელია ვსწავლობთ და ივნისში დავასრულებთ,“ – ამბობს შორენა.

სწავლის დასრულების შემდეგ, როცა ირაკლი ჩანთებთან ერთად ფეხსაცმლის კერვასაც დაიწყებს, შორენა პროცესში აქტიურ ჩართვას აპირებს – დიზაინის შექმნით და ფეხსაცმლისათვის საჭირო მასალის მომზადებით.

„არ გავუშვით ხელიდან იმის შანსი, რომ ეს პროფესია პროფესიონალებისაგან სრულიად უფასოდ შეგვესწავლა. თითოეულჩვენ პედაგოგს მადლობას ვუხდი თავიანთი ცოდნის გაზიარებისათვის. ვფიქრობ, რომ დღეს კონკრეტული საქმის ცოდნა ბევრად უფრო მომგებიანი და წარმატების მომტანია, ბერად მეტად გაძლევს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალებას“,  – დასძენს ირაკლი.

სწავლების თეორიული ეტაპი უკვე გავლილი აქვთ. მალე პრაქტიკული სამუშაოები დაიწყება, რასაც ირაკლი და შორენა „სულმოუთქმელად ელიან“ . ამ ეტაპზე მიღებული ცოდნით ისინი უკვე კერავენ ქოშებს. მალე კი ჩექმის შეკერვასაც შეძლებენ.

„ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ფეხსაცმლის დიდი არჩევანი არ არის. განსაკუთრებით, როცა საქმე მამაკაცის ფეხსაცმელს ეხება. პირადად მე მიჭირს იმ სტილის შოვნა, რაც მომწონს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩემი ნამუშევრები წარმატებით გაიყიდება არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც.

„მე ეს პროგრამა მზრდის, როგორც სპეციალისტს. ჩემი თავის რეალიზების მეტ შესაძლებლობას მაძლევს. შანსი მაქვს წარმატებას მივაღწიო ჩემს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ეს მისასალმებელია. ეს შანსი ბევრმა უნდა გამოიყენოს. რაც უფრო მეტი კონკრეტული საქმის მცოდნე გვეყოლება,  ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი იქნება. მინდა ყველას ვუთხრა, რომ პროფესიული სასწავლებელი არ არის „თავშესაფარი“, სადაც უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მიხვიდე. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია გაიზარდო, განვითარდე და სწავლის დასრულების შემდეგ იყო ჩამოყალიბებული პროფესიონალი,“ – აცხადებს ირაკლი.

IB (Irakli Bakhsoliani)

ტყავის ნაწარმი (ჩანთები, საფულეები, ბარათების ჩასაწყობი, ქამრები, სამაჯურები), რომელიც ბაზარზე „IB“-ს სახელით გადის, მთლიანად ხელნაკეთია. თითოეული დეტალს, თითოეულ გვირისტსა თუ ჩუქურთმას ირაკლი საკუთარი ხელით აკეთებს. არ იყენებს არანაირ დაზგასა თუ მანქანას. ნედლეული კი უმაღლესი ხარისხის – იტალიური, ამერიკული და ფრანგულია.

„მასალა ასი პროცენტით ნატურალურია. მასში არ არის გამოყენებული არანაირი შხამქიმიკატები. წებოც კი არატოქსიკურია. ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ვიყენებ იტალიურ და ფრანგულ ცნობილი ბრენდების ტყავებს, როგორებსაც იყენებენ „ლუი ვიტონი“, „პრადა“, „გუჩი“, „ჰერმესი“. მასალას ოფიციალური დილერებისგან ვიძენ. ანუ, რა მასალითაც ამ ბრენდების ჩანთები იკერება, იგივე მასალით იკერება ჩემი ჩანთებიც“, – ამბობს ირაკლი.

დიზაინის შექმნისას ირაკლი და შორენა საკუთარ ფანტაზიას ეყრდნობიან, თუმცა ითვალისწინებენ მყიდველის გემოვნებასაც. მათი საქმიანობა უკონკურენტოა, ვინაიდან მსგავს ხარისხსა და მომსახურებას ქართულ ბაზარს, ამ ეტაპზე არავინ სთავაზობს. ირაკლი ამბობს, რომ კონკურენტების გამოჩენას მიესალმებოდა, ვინაიდან ასე საქმე უფრო საინტერესო გახდება.

რეალიზაცია

ტყავის  ნაწარმი ამ ეტაპზე სოციალური ქსელების მეშვეობით იყიდება. წყვილი გეგმავს რამდენიმე მაღაზიასთანაც გამართოს მოლაპარაკება და უახლოს პერიოდში მათი ჩანთები მაღაზიებშიც შევა.

პროდუქცია იყიდება როგორც ქართულ, ისე ევროპულ და აზიურ ბაზარზე – საბერძნეთში, თურქეთში, გერმანიაში, უკრაინაში, რუსეთში და ა.შ.  კლიენტები წყვილს ძირითადად მეგობრებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით უკავშირდებიან.

„ამერიკიდანაც მაქვს შემოთავაზება. მანჰეტენზე არის მაღაზია, სადაც სხვადასხვა დიზაინერის ჩანთებია წარმოდგენილი და უნდათ ჩვენიც შეიტანონ“ , – ამბობს ირაკლი.

ერთი ჩანთის დამზადებას მინიმუმ შვიდი დღე სჭირდება. ხანგრძლივობა დიზაინსა და დეტალებზეა დამოკიდებული. ფასი კი 500 ლარიდან იწყება. წყვილი ამბობს, რომ საქმე ფინანსურად მომგებიანია და მყიდველის  ნაკლებობასაც არ განიცდიან.

Lovestory

ირაკლიმ და შორენამ ერთმანეთი 2005 წელს საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნეს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ. მოგვიანებით მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, რაც ოჯახის შექმნამდე მივიდა. წყვილს 6 წლის ლუკიანე ჰყავს, რომელიც მათი საქმიანობის შთაგონების წყარო გახდა. ირაკლი ამბობს, რომ ლუკიანე უკვე დაინტერესებულია ტყავზე მუშაობით. სახელოსნოში მამას ეხმარება და სამომავლოდ არ გამორიცხავენ ეს საქმე უფრო სერიოზულად შეასწავლონ.

იხილეთ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

წყვილი ამბობს, რომ მათთვის ძალიან კომფორტულია ის, რომ სახლშიც, სასწავლებელშიცა და მუშაობის დროსაც სულ ერთად არიან. შორენას თქმით, ცალ-ცალკე ყოფნა მათთვის უკვე დისკომფორტია. მუდმივად უცვლიან ერთმანეთს აზრებს და ეს მუშაობას უადვილებთ.

„მეტი მოტივაცია გვაქვს. საქმე მხოლოდ ფულს ხომ არ ეხება. ჩვენი ნამუშევრები ჩვენი სულის, ფანტაზიისა და წარმოსახვის ნაყოფია. როცა საქმეს გულით აკეთებ, ეს ნამუშევრებზეც აისახება. ის ფაქტი, რომ მუდმივად ერთად ვართ არათუ ხელს გვიშლის საქმეში, არამედ გვეხმარება. ერთმანეთის ნამუშევრების პირველი შემფასებლები თავად ვართ. გემოვნებაშიც ვემთხვევით ერთმანეთს და შესაბამისად, კამათითაც ფაქტობრივად არ ვკამათობთ“, – ამბობს წყვილი.

ირაკლისა და შორენას სამომავლო გეგმებში საკუთარი  სახელოსნოს გახსნა შედის, სადაც სხვებს ასწავლიან. ამბობენ, რომ  მათთვის სასიამოვნო იქნება თუკი ცოდნას, რომელიც უსასყიდლოდ მიიღეს, სხვებსაც გაუზიარებენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებელი ექსკლუზიური პროგრამებითა და დასაქმების 100 %-იანი მაჩვენებლით

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური