ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებელი ექსკლუზიური პროგრამებითა და დასაქმების 100 %-იანი მაჩვენებლით
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ სასწავლებელს იმ ადამიანებმა უნდა მიმართონ, ვისაც სამომავლო საქმიანობის არეალად სწორედ ტექნიკური სფერო ესახება, ან ვინც უკვე ჩართულია აღნიშნულ სფეროში და კვალიფიკაციის ამაღლება, ან ცოდნის გამრავალფეროვნება სურს, ვინაიდან დაწესებულებას ყველაზე მეტი ტექნიკური პროგრამა აქვს, რომელთა შორისაც ზოგიერთი ექსკლუზიურია – ანუ, ისწავლება მხოლოდ აქ და არსად სხვაგან. რაც მთავარია, ამ ყველაფრის გაკეთება უფასოდ შეგიძლიათ, ვინაიდან პროფესიული განათლება სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება.
იმდენად, რამდენადაც შრომით ბაზარზე ტექნიკური საქმის მცოდნე კადრების დეფიციტია, აქაურ კურსდამთავრებულებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. სწავლის პერიოდში მათ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც აქვთ და მეტიც, სტუდენტთა ნაწილი სწავლის პროცესშივე საქმდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სფეროში საკმაოდ მსუყე ხელფასებია. განსაკუთრებით იმ სპეციალობებზე, რომლებიც საქართველოში ჯერ ახალი ხილია და რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულმა სასწავლებელმა დანერგა. შესაბამისად იგი ერთადერთია, რომელიც შრომით ბაზარს დეფიციტურ კადრებს აწვდის.
EDU.ARIS.GE საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მეთოდური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს გიორგი აბრამიშვილს, მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჯგუფის უფროსს ეკატერინე ნარეშელაშვილსა და ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP-ს ერთობლივი პროექტის მენეჯერს ვიქტორ ბარამიას ესაუბრა და მათგან შეიტყო, რომ სასწავლებელში მოქმედებს პროგრამები დასაქმების 100%-იანი მაჩვენებლით.
სასწავლებლის შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ სასწავლებელს ყველაზე მეტი პროგრამა აქვს ტექნიკური მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოდულური პროგრამები. ამ ეტაპზე აქ 11 მოდულური პროგრამა მოქმედებს, რომელთა ხანგრძლივობა მინიმუმ 1, მაქსიმუმ კი 2 წელია. ცოტა ხანში კი სასწავლებელი მთლიანად მოდულურ პროგრამებზე გადავა. იგეგმება დუალური პროგრამის შექმნა სამშენებლო მიმართულებით.
პროფესიულ განათლებაზე მუშაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2009 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ სფერო სულ უფრო და უფრო ვითარდება. თავდაპირველად სასწავლებელს მხოლოდ საგნობრივი პროგრამები ჰქონდა, 2015 წელს კი შემოვიდა მოდულური პროგრამები – კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი; ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა და არქიტექტორ-ტექნიკოსი.
სასწავლებელმა 2017 წელს “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს” გრანტი მოიპოვა და კომპანია BP საქართველოსთან ერთად სასწავლებელში ახალი პროგრამები შეიქმნა – მექატრონიკა, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი, სამრეწველო ავტომატიზაცია და მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი.
მექატრონიკა – ამ მიმართულების სპეციალისტები მანქანებისა და კომპიუტერული მოწყობილობების შექმნითა და ექსპლუატაციით არიან დაკავებული. ექსპერტთა განცხადებით, მექატრონიკის სფეროს სპეციალისტები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადები არიან.
როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში განმარტავენ, პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები მექატრონიკაში თანამედროვე საწარმოების მექატრონული სისტემებისა და მანქანა–დანადგარების დაგეგმვის, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურების, შეცდომების აღმოჩენისა და მართვის უზრუნველყოფისთვის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან როგორც მექანიკურ, მათ შორის ჰიდრავლიკურ და პნევმატურ, ასევე, ელექტრონულ და კომპიუტერულ სისტემებს და შეძლებენ ამ სისტემების ინსტალაციას, დიაგნოსტიკას, მომსახურებასა და რემონტს.
მექატრონიკაში მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში პირი შეიძლება დასაქმდეს კვებისა და ქიმურ მრეწველობებში, მანქანათმშენებლობის სექტორში, სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელ საწარმოებში და სხვა.
სამრეწველო ავტომატიზაცია
პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სამრეწველო ავტომატიზაციის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სამრეწველო ავტომატიზირებული სისტემების დაგეგმვასა და ინსტალაციას, მანქანა-დანადგარების დიზაინს, პროგრამირებასა და პარამეტრების შეყვანას, ტესტირებასა და გამართვას, ექსპლუატაციას, დიაგნოსტიკასა და შეკეთებას.
მეხუთე საფეხურის სამრეწველო ავტომატიზაციის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში პირი შეიძლება დასაქმდეს მაღალ ავტომატიზირებულ სფეროებში, როგორიცაა საკვებისა და სასმელის მრეწველობა, ლითონის და სხვა საქონლის მწარმოებელი, ავტომობილის მომმარაგებელი და ქსოვილისა და ფოლადის კომპანიებში. სამრეწველო ავტომატიკის ტექნიკოსს შეუძლია სისტემების და მაღალი ძაბვის დანადგარების მართვა, ინსტალაცია, გამართვა და ავტომატიზირებული მოწყობილობების ექსპლუატაცია და დიაგნოსტიკა. ის შეიძლება დასაქმდეს ელექტრონიკის ინჟინერიის ტექნიკოსად (ISCO-ს მიხედვით), ასევე ისეთ ავტომატიზირებულ საწარმოებში, სადაც საჭიროა სამრეწველო ტექნიკის და მოწყობილობების დაყენება (საქსტატის ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით). ავტომატიკის დარგის კვალიფიციური მუშაკებია: ელექტრონიკის ინჟინერიის ტექნიკოსი; ელექტრული მოწყობილობების ამწყობი; ელექტრონული მოწყობილობების მომსახურე.
2018 წლის მარტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, სადაც მანამდე საგნობრივი პროგრამები მოქმედებდა, სამი მოდულური პროგრამა დაემატა: სამთო ტექნიკოსი, სამთო ელექტრომექანიკოსი და მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სასწავლებელში ე.წ. „მამაკაცური პროფესიებია“, აღსანიშნავია, რომ პროგრამები პოპულარობით სარგებლობს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში და სტუდენტთა დიდ ნაწილს სწორედ გოგონები შეადგენენ. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელში ყველანაირი პირობაა შექმნილი სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვისაც.
სწავლების ეტაპი და პრაქტიკის შესაძლებლობა
პრაქტიკულ მუშაობას პროფესიულ განათლებაში დიდი ადგილი უჭირავს. ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამების ნაწილზე გაცნობითი პრაქტიკა სწავლის დაწყებისთანავე ერთვება, ზოგ პროგრამებში დროთა განმავლობაში შემოდის, ზოგში კი – ბოლოსკენ. პრაქტიკა მოიაზრება ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სახელოსნო-ლაბორატორიებშიც და სხვადასხვა კომპანიაშიც, რომელთანაც სასწავლებელს მემორანდუმები და ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ჯამში პრაქტიკა სასწავლო პროცესის 50%-ზე მეტს შეადგენს.
ეს ყველაფერი სტუდენტებს ხელს უწყობს არა მხოლოდ აითვისონ პრაქტიკული საქმე, არამედ დაამყარონ კონტაქტი პოტენციურ დამსაქმებლებთან და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდნენ კიდეც მათთან.
თითოეული პროგრამაზე დაახლოებით სამ პარტნიორთან არის გაფორმებული ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს შეუძლია მინიმუმ სამ კომპანიას შორის გააკეთოს არჩევანი. აგრეთვე არიან კომპანიები, რომლებთანაც სასწავლებელს სხვა სახის თანამშრომლობა და პარტნიორობა აკავშირებს, თუმცა პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა იქაც შესაძლებელია. რაც მთავარია, სტაჟირება ანაზღაურებადია.
პარტნიორების როლი
კომპანია BP – საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ გასული წლიდან ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყეს, თუმცა კომპანია ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2010 წლიდან ურთიერთობს. 2014-2015 წლებში უკვე პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდა, რის შედეგადაც ერთობლივად შემუშავდა კონცეფცია იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო საქართველოში ტექნიკური განათლების მქონე კადრების აღსაზრდელად, ვინაიდან ნათელი იყო, რომ ბაზარზე სწორედ ამ ტიპის კადრების ნაკლებობაა და ამას არაერთი კვლევა ცხადყოფს.
BP- საქართველოს მდგრადი განვითარების ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი გონგლიაშვილი ამბობს, რომ, პროფესიული განათლების მქონე ადამიანებს მათთან მეტ პრიორიტეტს ანიჭებენ, რადგან იციან, რომ ისინი უფრო კონკრეტული და საჭირო ცოდნით არიან აღჭურვილნი ვიდრე ზოგადი, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები.
„ჩვენ, უშუალო დამსაქმებლები, ამას ყველაზე კარგად ვხედავთ. გვიწევს სამსახურში ავიყვანოთ კადრები, რომელთა გადამზადებაზეც დიდი დრო და რესურსი იხარჯება. ამიტომ დავიწყეთ თანამშრომლობა სტუ-სთან. პროფესიული განათლებისათვის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ტექნიკური მუშახელის მხრივ დიდი ვაკუუმი შეიქმნა, რადგან ტექნიკური განათლება რატომღაც არაპრესტიჟულად იყო აღქმული. დღემდე, ბევრისთვის უფრო პრესტიჟულია რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხოს, ვიდრე ხელობა ისწავლოს. არადა, მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას რომ გადავხედოთ, უმაღლეს სასწავლებელს მოსახლეობის 25-30 პროცენტი თუ ამთავრებს, დანარჩენი კი ტექნიკური და სახელობო განათლების კუთხით მიდის, რადგან ასეთი კადრები ქვეყნისთვის მეტად საჭიროა. მათ გარეშე ვერანაირი წარმოება ვერ იმუშავებს. გარდა ამისა, ეს საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი საქმეა. ადრე თუ გვიან ჩვენთანაც ასე მოხდება, ეს გარდაუვალია. რაც უფრო მეტი კერძო ბიზნესი გაჩნდება, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა მსგავს კადრებზე.
„პროფესიული განათლება მშვენიერი გზაა იმისათვის, რომ ადამიანმა შედარებით მოკლე დროში, დაახლოებით 2 წელიწადში მიიღოს კონკრეტული პროფესია, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია მუშაობის დაწყება და კარიერული წინსვლა. ამ ქვეყანაში თეორიული ცოდნით გაჯერებული შეიძლება ბევრია, მაგრამ პრაქტიკას როგორც კი შეეხება საქმე, აქ უკვე კადრები ძალიან ჭირს“, – ამბობს დამსაქმებელი.
დასაქმება
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ სასწავლებელში პროგრამების ნაწილი ახალი ჩაშვებულია და ჯერ კურსდამთავრებულთა არც ერთი ნაკადი არ გამოუშვია, მათ უკვე ჰყავთ დასაქმებული სტუდენტები. ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა მექატრონიკა, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი, სამრეწველო ავტომატიზაცია და მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი, სტუდენტთა ნაწილი სწავლის პარალელურად დასაქმდა. რიგ შემთხვევებში ისინი იმავე კომპანიებში დასაქმდნენ, რომელთანაც სასწავლებელს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და სადაც სტუდენტები პრაქტიკას გადიან, რიგ შემთხვევებში კი სულ სხვა კომპანიებმა აიყვანეს, თუმცა კვლავ სასწავლებლის ხელშეწყობითა და ჩართულობით. როგორც სასწავლებელში განმარტავენ თანამშრომლობის მემორანდუმები უამრავ კომპანიასთან არის გაფორმებული და მათი რიცხვი მუდმივად მზარდია.
„რა ფორმატშიც არ უნდა ვურთიერთობდეთ კომპანიებთან, დასაქმების თემა მუდმივად მუსირებს. მათ ვაწვდით ინფორმაციას ჩვენი სტუდენტების შესახებ. დროდადრო ისინი გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ ვაკანსიები აქვთ და კადრები სჭირდებათ. იციან რა პროგრამებიც გვაქვს და პერსპექტიულ სტუდენტებს ითხოვენ. მაგალითად ასე დასაქმდა კომპანია „თოლიაში“ ჩვენი სამი სტუდენტი ერთი პროგრამიდან. სულ ახლახანს „ენერგო პრო ჯორჯიამაც“, სადაც ჩვენი სტუდენტები პრაქტიკასაც გადიან, მოგვმართა ვაკანსიებით და ოთხი სტუდენტი აიყვანეს. ახლა სტაჟირებას გადიან, რომელიც ანაზღაურებადია. ამავდროულად, კომპანიებთან გვაქვს შეთანხმება, რომ მუშაობამ სასწავლო პროცესს არ უნდა ავნოს,“ – ამბობენ სასწავლებელში.
ტყიბულის ფილიალში კი, სადაც სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი ფუნქციონირებს და სტუდენტები პრაქტიკას შახტაში გადიან, 100%-იანი დასაქმებაა. თითოეული კურსდამთავრებული საქმდება. როგორც სასწავლებელში განმარტავენ, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე კურსდამთავრებულს სამუშაო ადგილი ვერ მიეღო.
პროგრამების ხელმძღვანელები სტუდენტებთან ურთიერთობას სწავლის დასრულების შემდეგაც ინარჩუნებენ და მათ სხვადასხვა ვაკანსიას სთავაზობენ. აგრეთვე, კონტაქტი აქვთ დასაქმებულ სტუდენტებთან და მათი განვითარების შესახებ მუდმივად საქმის კურსში არიან. საკმაოდ მაღალია თვითდასაქმების მაჩვენებელიც.
არის შემთხვევები, როდესაც სასწავლებელში უკვე დასაქმებული ადამიანები აბარებენ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
„ჩვენთან სწავლობს ცოლ-ქმარი, რომელთაც თავიანთი შპს აქვთ დარეგისტრირებული, თავიანთ საქმეს აკეთებენ და კვალიფიკაციის ამაღლება უნდათ. ძალიან კარგად სწავლობენ,“ – აცხადებენ ტექნიკურ უნივერსიტეტში.
როგორც ირკვევა, ბაზარზე მეტად მოთხოვნადია მექანიკის, მექატრონიკის, სამთო-ტექნოლოგიის, მაღალი ძაბვის სპეციალისტები და სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსები. სასწავლებელი თანამშრომლობს დასაქმების სააგენტო „HR partners”-თან, რომელთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სააგენტო პერმანენტულად ითხოვს კადრებს სასწავლებლიდან. სასწავლებელში განმარტავენ, რომ თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია და სააგენტოს კიდევ უფრო მეტი კონტაქტი აქვს ბაზარზე არსებულ კომპანიებთან.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული პროგრამა, რომელიც სასწავლებელში ფუნქციონირებს, ბაზრის კვლევისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლის შედეგია. ანუ, სასწავლებელი სტუდენტებს სწორედ იმ სპეციალობებსა და პროფესიებს სთავაზობთ, რომელზეც მოთხოვნა არის და დასაქმებაც, შესაბამისად, მარტივია.
ანაზღაურება
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ სასწავლებელში ამბობენ, რომ მათი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ანაზღაურება, მუშაობის დაწყების პირველ ხანებში 400-დან 1000 ლარამდეა. თანხა, დროთა განმავლობაში, გამოცდილების გაღრმავების პარალელურად იზრდება და 1500–ლარამდე ადის.
„ერთ-ერთ ჩვენს სტუდენტს, რომელიც ახლახანს დასაქმდა, 650 ლარი აქვს ხელფასი. ჩვენი დასაქმებულების მინიმალური ანაზღაურება „თოლიაში“ 400 ლარიდან დაიწყო. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ სტაჟირებაც ანაზღაურებადი იყო და ამ დროს სტუდენტები 200 ლარს იღებდნენ. განსაკუთრებით მოთხოვნადია მექატრონიკის სპეციალსტები. ეს პროფესია საქართველოში იმდენად ახალია, რომ კომპანიებს კადრები უცხოეთიდან ჩამოჰყავთ და ძალიან ძვირი უჯდებათ. შესაბამისად, ამ საქმის მცოდნეებს არც დასაქმება გაუჭირდებათ და არც დაბალი შემოსავალი ექნებათ“, – განმარტავენ ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ტექნიკნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ სასწავლებელში დარწმუნებულები არიან, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა ტენქიკური, პროფესიული განათლების მქონე ადამიანებზე და სულ უფრო და უფრო გაიზრდება მათი ანაზღაურებაც, რადგან ესაა ხალხი, რომელიც თითოეულ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება.
„ქვეყანა ყოველთვის პროფესიულ კადრებს ეყრდნობოდა. თუკი რაიმე ღირებული კეთდება, ყველაფერი მაღალი ინტელექტისა და მაღალი ოსტატობის ხარჯზე კეთდება. დღემდე ხომ ყველაფერი ოსტატების მიერ აშენდა. მომავალშიც პროფესიულ განათლებაზე იქნება დაყრდნობილი ნებისმიერი დარგის განვითარება. საქმეს სწორედ პროფესიული განათლების მქონე ადამიანი აკეთებს“, – დასძენენ სასწავლებელში.