პროფესიული განათლების კრახი – რა მიიღეს, რა ვერ მიიღეს და რა უნდა მიეღოთ პროფესიული სასწავლებლების პანდემიით დაზარალებულ სტუდენტებს
განათლების სფეროში პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მიმართულება პროფესიული განათლებაა, რომელიც სრულად პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული და აქედან გამომდინარე, ერთადერთია, სადაც დისტანციური სწავლება გამორიცხულია. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, 66-ვე პროფესიულმა სასწავლებელმა სწავლა მარტის დასაწყისში მთლიანად შეწყვიტა.
სწავლის გაგრძელება, ზოგიერთმა მათგანმა ივნისის ბოლოს შეძლო, ზოგმაც – ივლისის დასაწყისში. ზაფხულში პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, სექტემბრიდან კი, კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, სასწავლებლები სტუდენტებისთვის ისევ დაიკეტა. პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ მათ პანდემიის პერიოდიც ნაყოფიერად გამოიყენეს – ადმინისტრაცია დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, ურთიერთობდნენ ბიზნესთან და შედეგად, ახალი პროგრამების დამატება და ავტორიზაციის მოპოვება შეძლეს. თუმცა, ფაქტია, რომ ვერ ახერხებდნენ მთავარს, იმას, რისთვისაც პროფესიული განათლება და პროფესიული სასწავლებლები შეიქმნა – სტუდენტებს პრაქტიკულ განათლებას ვერ აძლევდნენ.
კოლეჯებს, სასწავლო პროცესში უკეთეს შემთხვევაში 4-თვიანი, უარეს შემთხვევაში კი 5-თვიანი ჩავარდნა აქვთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ პროფესიული პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა ისედაც რამდენიმე თვიდან 2 წლამდეა, ცხადი ხდება თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ვადაში 4-5 თვეს. სტუდენტს, რომელიც კონკრეტულ პროფესიას ეუფლება და კონკრეტულ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ითვისებს, მრავალთვიანი შეჩერება ორმაგად აზარალებს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის სწავლას წყვეტს და მეორე რიგში იმიტომაც, რომ მას ახლადნასწავლი და ჯერ არცთუ ისე კარგად ათვისებული მასალა ავიწყდება.
მიუხედავად ამისა, კოლეჯები ამ საკითხს არცთუ ისე დრამატულად აღიქვამენ და აცხადებენ, რომ პანდემიის, სწავლის შეწყვეტისა და ბუნდოვანი პერსპექტივების მიუხედავად, ისინი შრომით ბაზარზე სრულიად კვალიფიციურ კადრებს გაუშვებენ, რომელთა პროფესიონალიზმშიც დარწმუნებულები არიან.
როგორ? – ეს მთავარი კითხვაა, რომლის დასმაც განსაკუთრებით ლეგიტიმური ხდება მას შემდეგ, რაც ირკვევა, რომ ზოგიერთი პროფესიული სასწავლებელი, კორონავირუსით დაზარალებული სტუდენტებისთვის, სწავლის დასრულების ვადის გადაწევასაც არ აპირებს. ანუ, ისინი იმავე დროს დაასრულებენ სწავლას, რა დროსაც იგეგმებოდა, რა დროსაც 5-თვიანი ჩავარდნის არარსებობის შემთხვევაში დაასრულებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ოქტომბერში სწავლა რომც განახლდეს, მათ მეცადინეობის ინტენსივობის მნიშვნელოვნად გაზრდაც არ შეეძლებათ, რადგან არსებობს რეგულაციები, რომლებიც ადგენს თუ რა დატვირთვაა მიზანშეწონილი სტუდენტისათვის და ამ ჩარჩოებს ვერ გაცდებიან. ზოგიერთ სასწავლებელში კი ვადის გადაწევას არ გამორიცხავენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას განათლების სამინისტროდან ელოდებიან.
აქ კი ყველაზე საინტერესოს მივადექით – სამინისტროსგან ურთიერთგამომრიცხავი და კოლეჯების ადმინისტრაციების ვერსიებისგან განსხვავებული პასუხები მივიღეთ. თავდაპირველად, მათ გვითხრეს, რომ თითოეულ სასწავლებელში სწავლის დასრულება იმდენივე ხნით გადაიწევს, რამდენიც გაცდა. მოგვიანებით კი დასძინეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში სასწავლებლების ადმინისტრაციებს თავისუფლება აქვთ მინიჭებული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავად სასწავლებლების ხელმძღვანელებმა ეს არ იციან. იმაში კი, რომ აღნიშნულ ნაკადს ცოდნის მხრივ დანაკლისი არ ექნება და ისინი სრულყოფილად გაივლიან პროგრამას, რომელმაც კვალიფიციურ სპეციალისტებად უნდა აქციოთ, სამინისტროშიც დარწმუნებულები არიან.
პროფესიულ სასწავლებელში „სპექტრი“ ამტკიცებენ, რომ პანდემიას მათთვის ხელი მნიშვნელოვნად არ შეუშლია და დისტანციური მუშაობით ისიც კი შეძლეს, რომ დამატებით 6 ახალ პროგრამაზე ავტორიზაციაც გაიარეს. შესაბამისად, მართალია სწავლის შეჩერება მოუწიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ განვლილი თვეები უქმად დაიკარგა. რაც შეეხება პროფესიული სასწავლებლის მთავარ ფუნქციას – პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები შესძინოს სტუდენტს და მოკლე პერიოდში შრომით ბაზარზე კონკრეტული საქმის სპეციალისტები გაუშვას, კოლეჯის დირექტორი მათე ტაკიძე ამბობს, რომ სანერვიულო არც ამ ნაწილშია, რადგან ეპიდემიის პირველი ტალღის გადაგორების შემდეგ სწავლა სრული დატვირთვით განაახლეს არა მხოლოდ აუდიტორიებსა და სასწავლებლის სახელოსნოებში, არამედ სხვადასხვა კომპანიაშიც, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გადიან. მისივე თქმით, გაცდენილი დროის ასანაზღაურებლად, აგვისტოში, დასვენების დღეებსაც იყენებდნენ.
სექტემბრიდან კი, როგორც ვიცით, კოლეჯს ისევ გაჩერება მოუწია. უკეთეს შემთხვევაში, 1-ლ ოქტომბრამდე. თუმცა კორონავირუსით დაზარალებული ნაკადისათვის სწავლის დასრულება იმავე დროს იგეგმება, რა დროსაც იგეგმებოდა – ნოემბერში. კითხვაზე, თუ როგორ მოხერხდა 4-5-თვიანი გაცდენილი პერიოდის ანაზღაურება რამდენიმე დასვენების დღის ხარჯზე და რამდენად კვალიფიციურ კადრებს გაუშვებს სასწავლებელი ნოემბერში, სასწავლებლის დირექტორი შემდეგნაირად გვპასუხობს:
„პროფესიული განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ ისეთი ჩამორჩენა არ გვაქვს. პროფესიულ და აკადემიურ, ან ზოგად განათლებას შორის დიდი სხვაობაა. მათ რომ დისტანციური სწავლება არ ჰქონოდათ, სერიოზული ჩამორჩენა ექნებოდათ. ჩვენთან კი მოდულები ისეა დალაგებული, რომ აღმოფხვრის პრობლემა, პრაქტიკულად, არ არსებობს. ის, რომ რომელიმე კონკრეტული საათი ვერ ჩატარდეს, ან სტუდენტს ბოლომდე ვერ მიეწოდოს ის, რაზეც სწავლობს, გამორიცხულია. ანუ, ახალი სასწავლო ბადე ისე გავაკეთეთ, რომ იგი ყველა საათის ამოწურვას გულისხმობს, თითოეულ სტუდენტთან მიმართებაში.
„მათ საშუალება ჰქონდათ კომპანიებში საწარმოო სტაჟირება და პრაქტიკაც გაევლოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ მონაწილეობენ საწარმოს მუშაობაში და აკეთებენ იმას, რაც შემდეგ უნდა გამოიყენონ, კარიერა გაიკეთონ. ვფიქრობ, რომ როდესაც ბიზნესიდან საბოლოო შეფასებები მოგვივა, ზუსტად გვეცოდინება თუ როგორ დაძლიეს ეს გამოწვევები. თუმცა, მათ ამის საშუალება ჰქონდათ. ანუ, არც ერთი სტუდენტი არ დარჩენილა ისეთი, ვისაც არ მიეცა საშუალება საწარმოო პრაქტიკა გაევლო ბიზნესკომპანიებში, რომელთაც საუკეთესო ლაბორატორიები აქვთ. ამავდროულად, ჩვენთანაც აქვთ საშუალება ადგილზე გაიარონ ის, რასაც სწავლა კეთებით ჰქვია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მათ ყველა საშუალება გაუჩნდათ, რათა საბოლოო შედეგი ნორმალური მიიღონ“,- აღნიშნავს მათე ტაკიძე.
დაახლოებით იგივე მოვისმინეთ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრშიც, რომლის ხელმძღვანელმაც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ სტუდენტები მანამ, სანამ ისინი პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ საათს არ გაივლიან და საფუძვლიანად არ შეისწავლიან ყველაფერს, ვერც დიპლომს მიიღებენ და ვერც სამუშაოს მაძიებელთა ნაკადს შეუერთდებიან.
ნოდარ ხარაზიშვილის თქმით, ჯერჯერობით არ იციან აღნიშნულ სტუდენტებს სწავლის დრო გაუხანგრძლივდებათ თუ არა და დასძინა, რომ ამის შესახებ მითითებას განათლების სამინისტროდან ელოდებიან. მეცადინეობის საათები აქ არც ზაფხულის განმავლობაში გაზრდილა და იგი ისეთივე გრაფიკით წარიმართა, როგორიც მანამდე იყო.
„ჯერჯერობით არ ვიცით. ველოდებით, რომ 1-ლ ოქტომბერს სწავლა განახლდეს. შესაძლოა სასწავლო ცხრილი შევცვალოთ და მეტი ინტენსიურობით ჩავატაროთ, თუმცა კვირეულ დატვირთვასთან დაკავშირებითაც გარკვეული შეზღუდვებია. სასწავლო გეგმას ვერ გავცდებით. პროგრამას საათებს ვერც მოვაკლებთ და ვერც დავამატებთ, რადგან ეს უკვე დამტკიცებული და შეთანხმებულია. ჩვენმა სტუდენტებმა ის კრედიტები, რაც აქვთ, ჩვეულებრივ უნდა გაიარონ და იმ შედეგებზე უნდა გავიდნენ, რაც დადგენილია. დასრულების თარიღი გადაიწევს თუ არა, არ ვიცით, შესაძლებელია. ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ, განათლების სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და გვაცნობებს“,- გვითხრა ნოდარ ხარაზიშვილმა.
პროფესიულ სასწავლებლებში, ახლა ახალი ნაკადის მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს. ოქტომბრის დასაწყისში მათ უამრავი ახალი სტუდენტი დაემატებათ. კოლეჯების ხელმძღვანელები, ჩვენთან საუბრისას, თავადვე აღნიშნავენ, რომ საკმაოდ დიდი ნაკადი დარეგისტრირდა. წელს სიახლეც აქვთ – მეორადი ჩარიცხვების უფლებაც მოიპოვეს და პირველადი ჩარიცხვის შემდეგ ვაკანტურად დარჩენილი ადგილებიც კი შეივსება. ანუ, ჯგუფები ბოლომდე დაკომპლექტდება. თუმცა როგორ უნდა შეძლონ მათ ერთდროულად ხარისხიანი განათლებითა და სრულყოფილი პირობებით უზრუნველყონ ძველი ნაკადიც, რომელიც ჯერ ვერ გაუშვეს და ახალი ნაკადიც, რომელიც სულ მალე შეუერთდებათ, გაუგებარია. სასწავლებლების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საამისო რესურსი გააჩნიათ.
როგორ მოახერხეს სასწავლებლებმა ეკონომიკის აღიარებული ვარდნის ფონზე 4-5 თვის გაცდენილი მეცადინეობის აღდგენა სწავლით დატვირთულ 1,5 თვეში? რას მისცემს და რისთვის სჭირდება, პირობითად, შემდუღებელს პროფესიული სასწავლებლის დიპლომი, თუ სწავლის დროს შედუღების აპარატი ნაკლებად უნახავს?
ყველა ამ კითხვით ჩვენ განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს თამარ სამხარაძეს მივმართეთ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთ კითხვაზე პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებისაგან განსხვავებული პასუხები მოვისმინეთ:
–სწავლა, ქვეყნის მასშტაბით, მინიმუმ 4 თვით იყო შეწყვეტილი, ზოგ ქალაქში კი მეხუთე თვე – სექტემბერიც დაემატა. პროფესიულ სწავლებაში ამდენთვიანი ჩავარდნის ანაზღაურება რა ფორმით იგეგმება?
–თამარ სამხარაძე: სწავლა, ჩვეულებრივად, რა ვადითაც შეწყვეტილი იყო, იმ ვადით გახანგრძლივდა.
–ყველა სასწავლებელში?
–ყველგან, დიახ.
–ძალიან უცნაურია, რადგან ჩვენ ვესაუბრეთ ზოგიერთი სასწავლებლის ხელმძღვანელს და მითხრეს, რომ სწავლის დასრულება იმ დროს იგეგმება, რა დროსაც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში დასრულდებოდა…
–არა, ასეთი ხისტი მიდგომა ნამდვილად არ არის. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო გეგმის მოდიფიცირება გააკეთეს და რიგ შემთხვევაში დატვირთვა გაზარდეს- ზაფხულის განმავლობაში შაბათსაც იყო სწავლა და, როგორც ვიცი, ნაწილმა, არა ყველამ, შეძლო არაპირდაპირ იმ ვადით გახანგრძლივება, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ასეთი ცენტრალიზებული მიდგომა მანდ ნამდვილად არ არის. ყველა პროგრამას თავისი ინდივიდუალური ხანგრძლივობა აქვს. ამ პროგრამაზე დაფუძნებით კოლეჯები სასწავლო გეგმებსაც ინდივიდუალურად შეიმუშავებენ. შესაბამისად, ესეთი მიდგომა ვერ იქნებოდა, რომ როცა დაგეგმილი იყო, იმ ვადაში დასრულებულიყო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამ პროცესს აკვირდება და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული სტუდენტები სწავლას ყველა წესის დაცვით დაასრულებენ.
–ყოველ შემთხვევაში, კოლეჯების ხელმძღვანელების ნაწილმა ასე გვითხრა, რომ სწავლა მაშინ დასრულდება, როცა იგეგმებოდა – ნოემბერში.
–ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე შეძლეს აღდგენა იმ განაცდურისა, რაც საგანგებო ვითარებამ გამოიწვია. მე ინფორმაცია მაქვს, რომ მათ გეგმების მოდიფიცირება მოახდინეს და ხშირ შემთხვევაში, სასწავლო პროცესი გახანგრძლივდა, რაც მოსალოდნელიც იყო.
–იმავე ვადით გახანგრძლივდა – 4-5 თვით?
–დაახლოებით იმავე ვადით, დიახ. მაგალითად, თუ ოქტომბერში ასრულებდნენ, წლის ბოლოს დაასრულებენ და ეს სტუდენტები დიპლომებს დეკემბერში მიიღებენ.
–სასწავლებლების ზოგიერთმა ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ზაფხულის პერიოდში სწავლის ინტენსივობა დასვენების დღეების ხარჯზე გაზარდეს, თუმცა ერთია რამდენიმე დასვენების დღე და მეორეა 5-თვიანი პერიოდი, რომელიც საპირწონედ დევს. ანუ, 5-თვიანი სამუშაოს ანაზღაურება, წესით, რამდენიმე შაბათ-კვირის ხარჯზე ვერ უნდა მოხერხდეს.
–კი, იცით ამ ნაწილში სრულიად მშვიდად ვარ, რადგან პროცესი მთლიანად არის გაკონტროლებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან და იქ თუ რაიმე დარღვევა ან ცდომილება იქნება, მათ აუცილებლად შესაბამისი რეაგირება ექნებათ. ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი მათთან თანხმდება. თუ ისინი რაიმე რისკს დაინახავდნენ, კოლეჯებს შესაბამის მითითებას მისცემდნენ.
–თუკი სწავლის 4- 5 თვით შეწყვეტის შემთხვევაშიც ბაზარზე იგივენაირი კადრის გაშვება შეიძლება, გამოდის, რომ ეს რამდენიმე თვე აზრს კარგავს…
–არა, არა. პროგრამები ისედაც არაა ხანგრძლივი – 1-წლიანი, წელიწადნახევრიანი და 2-წლიანი პროგრამებია და 4-თვიანი შეკვეცა, ასე ავტომატურად, ვერსად მოხდებოდა.
–როგორც ვხვდები, კოლეჯებს თავისუფლება მიეცათ, რომ თავად გადაწყვიტონ გაახანგრძლივონ თუ არა სწავლა და რამდენი ხნით გაახანგრძლივონ? ცენტრალიზებული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა?
–არა, არა. ერთიანი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს პროცესი აბსოლუტურად დეცენტრალიზებულია და მათ შეუძლიათ სასწავლო გრაფიკი ისე დაგეგმონ, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ. რა თქმა უნდა, იმ ჩარჩოს ფარგლებში, რაც დადგენილია და ამავდროულად, სტუდენტებთან შეთანხმებით.
–შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ნაკადიდან ბაზარზე ისეთივე მომზადებული და კვალიფიციური კადრები გავლენ, როგორებიც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში უნდა გასულიყვნენ და ამ სიტუაციამ მათ პროფესიონალიზმზე გავლენა ვერ იქონია?
–რა თქმა უნდა. გავლენა, ისევ და ისევ, ვადის თვალსაზრისით იქონია. ამავდროულად, არავისთვის სასიამოვნო არ არის, რომ შუა პროცესში სწავლა გარკვეული ვადით წყდება, მერე ისევ აღდგება, მერე კი ისევ მცირე ხნით წყდება. ეს ყველაფერი, როგორც სტუდენტებისთვისაა დისკომფორტის შემქმნელი, თავად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც ასევე ძალიან რთულია, რადგან ამ სასწავლო ბადეებისა და გრაფიკების გადალაგება-გადმოლაგება, ყოველ ჯერზე, ხელახლა ხდება. თუმცა, საბოლოო შედეგი, სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება ზუსტად ისეთივე, როგორიც წინა წლების სტუდენტების შემთხვევაში – დიპლომს ყველა ამ პროგრამის სრულად დაძლევისა და სწავლის შედეგების დადასტურების საფუძველზე მიიღებს. აქ არავითარი შეღავათი არ არის დაწესებული. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ამ პირობებში სტუდენტებმა სათანადო ცოდნა ვერ მიიღეს.
–ამ ყველაფრის პარალელურად, კოლეჯები ოქტომბრიდან ახალ ნაკადს ელოდებიან. როგორც თავადვე გვითხრეს, არც ისე მცირეს. თუკი ისინი ვერც ძველ ნაკადს უშვებენ და ახალ ნაკადსაც ჩვეულებრივი რაოდენობით იღებენ, როგორ უნდა ეყოთ რესურსი – სასწავლო სივრცეები, სახელოსნო-ლაბორატორიები, პედაგოგები?
–კარგი კითხვაა, რადგან ადგილების რაოდენობა ნამდვილად შემოსაზღვრულია. ავტორიზაციის კვოტა არსებობს, რომელსაც კოლეჯი ვერ გაცდება. სისტემა ავტომატურად ბლოკავს და დამატებითი სტუდენტის მიღების შესაძლებლობას არ აძლევს. სამწუხაროდ, ამ 4-თვიანმა წყვეტამ, წელს, მისაღები ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. შესაბამისად, იმაზე ნაკლები ახალი სტუდენტი გვეყოლება, ვიდრე წლის დასაწყისში ვგეგმავდით. სწორედ იმის გამო, რომ არსებულმა სტუდენტებმა სწავლა დროულად ვერ დაასრულეს.
–ანუ, წელს პროფესიულ სასწავლებლებში იმაზე ცოტა სტუდენტი შევა, ვიდრე წინა წლებში შედიოდა?
–დიახ, რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს და ოქტომბრის პირველ ნახევარში სრული სურათი გვექნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოცხადებული ადგილები იმაზე ნაკლებია, ვიდრე წინა წელს, იმის გამო, რომ პანდემიის პირობებში სტუდენტებმა, რომელთაც ზაფხულში, ან ადრე შემოდგომაზე უნდა დაესრულებინათ, დასრულება ვერ შეძლეს. ამის გამო, ზუსტად ვიცით, რომ მისაღები სტუდენტიც უფრო ნაკლები გვეყოლება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ 1-ლ ოქტომბერს სწავლის გაგრძელების საკითხი, კორონავირუსით დაავადებულთა ყოველდღიურად მზარდი რაოდენობის გამო, სათუოა, კითხვის ნიშნის ქვეშ უკვე პროფესიული სასწავლებლების არა მხოლოდ მოქმედი სტუდენტების ბედი დგება, არამედ მათიც, ვინც რეგისტრაციას სწორედ ახლა გადის. ალტერნატიული გამოსავალი კი, როგორც ჩანს, მოფიქრებული არ არის.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება